ჩვენს შესახებ სიახლეები ფორუმი წევრობა კონტაქტი
 

ინფორმაცია პაციენტებისთვის


   მოწოდებული მასალის დანიშნულებაა პაციენტისათვის გასაგები ენით ჩამოყალიბებული ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა დაავადებების თაობაზე, ამ დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ.
   საინფორმაციო გვერდების მომზადებისას გამოყენებულია ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის მასალები პაციენტის განათლებისათვის.
   საგანმანათლებლო მასალას მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვთ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის პროცესში. კონკრეტული რეკომენდაციები ყველა კერძო შემთხვევაში პაციენტს ექიმმა უნდა მიაწოდოს.


სარჩევი

§   გულის შეტევა
§   გულის შეტევა: აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება გულის შეტევის შემდეგ
§   გულის შეტევა: გამაფრთხილებელი ნიშნები და თავიდან აცილების საშუალებები 
§         გულის იშემიური დაავადებით ავად გახდომის რისკის შემცირება  
§   კატის და ძაღლის ნაკბენი       
§   ძაღლის ნაკბენი
§   ცხოვრების ჯანსაღი წესი
§   C ჰეპატიტი
§   პროსტატიტი
§   ტუბერკულოზი:  რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
§   წყლული და ჰელიკობაქტერ პილორით დაინფიცირება
§   აკნე მოზარდებში: პრობლემის გადაჭრის გზები
§   მწვავე ბრონქიტი  
§   ალერგია
§   შაქრიანი დიაბეტი
§   შაქრიანი დიაბეტი: I ტიპი
§   შაქრიანი დიაბეტი: I I ტიპი
§         შაქრიანი დიაბეტი: გაქვთ თუ არა თქვენ ამ ავადმყოფობიტ დაავადების რისკი?
§   შაქრიანი დიაბეტი: რას ნიშნავს ეს დიაგნოზი?
§   გულის წასვლა
§   დაცემა: როგორ შევამციროთ მისი რისკი
§   საკვებისმიერი ალერგია: მითები და ფაქტები
§   სოკოვანი ინფექციები: ხელის და ფეხის ფრჩხილების დაზიანება
§   ნაწოლი
§   სინუსიტი
§   ყელის ტკივილი
§   როგორ მოვუაროთ ბავშვების კბილებს
§   საშარდე გზების ინფექცია
§   ალერგიული კონიუნქტივიტი
§   გსურთ შეწყვითოთ თამბაქოს წევა?
§   კანის კიბო და მზის გამოსხივება 
 
 გულის შეტევა    
როგორ მივხვდე, რომ გულის შეტევა მაქვს ?
გულის შეტევაზე ეჭვი უნდა მიიტანოთ, თუ გაქვთ:
 § მწვავე ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში;
 §
მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
 § წვის შეგრძნება გულმკერდის არეში;
 § ჰაერის უკმარისობა რამდენიმე წამზე მეტხანს;
 § გულისრევის შეგრძნება რამდენიმე წამზე მეტხანს.
ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს,  აუცილებლად მიმართეთ ასეთ შემთხვევებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს.

რა უნდა ვიღონო, თუ ვფიქრობ, რომ გულის შეტევა მაქვს ?
მაშინვე დარეკეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში. სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე დაღეჭეთ ერთი აბი ჩვეულებრივი ასპირინი. არ მიიღოთ ასპირინი, თუ გაქვთ ალერგია მის მიმართ.
თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია, მიმართეთ საავადმყოფოს, რომელსაც გააჩნია თანამედროვე აღჭურვილობა გულის შეტევის მქონე პაციენტების გამოსაკვლევად და სამკურნალოდ. ჩვეულებრივ, ასეთი სპციალიზებული დაწესებულებები 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებენ. მათ აქვთ გულის შეტევის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მკურნალობის სათანადო საშუალებები.

რა იწვევს გულის შეტევას ?
გულის შეტევას იწვევს გულის მკვებავი არტერიის (სისხლძარღვის) სანათურის შევიწროწება ან დახშობა, რის შედეგადაც გულს აღარ მიეწოდება ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა. გულის მკვებავი არტერიის დაზიანება, ჩვეულებრივ, გამოწვეულია მის სანათურში ცხიმის დაგროვებით. ცხიმის ასეთ გროვას ათეროსკლეროზულ ფოლაქს უწოდებენ.

როგორ ავიცილო თავიდან გულის შეტევა ?
   ესაუბრეთ თქვენი ოჯახის ექიმს რისკფაქტორების შესახებ და იმის თაობაზე, თუ როგორ შეამციროთ გულის შეტევის აღმოცენების რისკი. ექიმი ალბათ გირჩევთ: 
§ თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებებას (თუ ეწევით); 
§ ნაკლებად ცხიმიანი საკვებისა და საზრდოში სუფრის მარილის რაოდენობის შემცირებას;
§ ვარჯიშს 30 წუთის განმავლობაში 3-5 ჯერ კვირაში;
§ წონაში დაკლებას, თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა.
   
   ცხადია, ექიმი აუცილებლად მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას დიეტისა და ვარჯიშის სახის შესახებ, დაგეხმარებათ თამბაქოს წევისათვის თავის დანებებაში.


 გულის შეტევა: აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება გულის შეტევის შემდეგ
რამდენ ხანში შემიძლია დავუბრუნდე ჩვეულ, აქტიურ ცხოვრებას?
პაციენტების უმრავლესობა უბრუნდება სამუშაოს და აქტიურ ცხოვრებას გულის შეტევიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ზოგს შეიძლება მოუხდეს საქმიანობის  შეზღუდვა, თუ გულის კუნთი ძალიანაა დასუსტებული. საქმის მოცულობა,  რომლის გაკეთებაც შეგეძლებათ, დამოკიდებულია თქვენი გულის მდგომარეობაზე. ოჯახის ექიმი  თქვენთან ერთად შეეცდება შეადგინოს გამოჯანმრთელების გეგმა.
გააქტიურება თანდათან უნდა დაიწყოთ. გულის შეტევიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დაგჭირდებათ მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, დასვენება, რათა განკურნების შესაძლებობა მისცეთ თქვენს გულს. ამის შემდეგ თქვენ ისევ შეგეძლებათ იმოძრაოთ. გულის შეტევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ექიმმა შეიძლება წამოგაყენოთ და ოთახში გავლის ნება მოგცეთ. ექიმი რეჟიმს თანდათან გაგიფართოვებთ.
გულის შეტევის რთული პერიოდის გადალახვის შემდეგ ექიმი შეიძლება გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორი აქტიურობა შეესაბამება თქვენს შესაძლებლობებს. ის ალბათ ჩაგიტარებთ სათანადო გამოკვლევას - ე,წ. სტრესტესტს. ტესტი შემდეგნაირად ტარდება:თქვენ გარკვეული, ექიმის მიერ შერჩეული სიჩქარით დადიხართ "მოძრავ იატაკზე". იმავდროულად აკვირდებიან თქვენი გულის მუშაობას. გამოკვლევის შედეგების მიხედვით ექიმი შეგიდგენთ ვარჯიშის გეგმას.
ექიმმა შეიძლება გირჩიოთ რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაართვაც. რეაბილიტაციის პროგრამას ზედამხედველობას უწევენ სათანადოდ განსწავლული და გამოცდილი სპეციალისტები. მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური დატვირთვა დაიწყოთ უსაფრთხო დონიდან. მომავალში თქვენ შეძლებთ ვარჯიშის დამოუკიდებლად გაგრძელებას, მაგრამ თუ შეამჩნიეთ ცხრილში (იხ. ქვემოთ) მოცემული რომელიმე სიმპტომთაგანი, შეატყობინეთ ექიმს. ეს სიმპტომი შეიძლება იმისი მანიშნებელი იყოს, რომ თქვენ საჭიროზე მეტად დაიტვირთეთ.

რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ვარჯიშს ?

ვარჯიში გაამაგრებს თქვენი გულის კუნთს. ის უფრო მეტად ენერგიულს გაგხდით, ხელს შეგიწყობთ წონაში დაკლებაში (თუ მსუქანი ხართ) ან წონის შენარჩუნებაში (თუ წონა ნორმალური გაქვთ). გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვა კარგად მოქმედებს სისხლის წნევის მომატებაზე და სისხლში ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობაზე. ერთი სიტყვით, ფიზიკური ვარჯიში მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
რა სახის ვარჯიში არის სასურველი ?

საუკეთესოა ისეთი ვარჯიში, რომლის დროსაც იტვირთება ყველა კუნთი. ასეთებია სიარული, ძუნძული, ველოსიპედის ტარება, ნიჩბოსნობა,  თხილამურებით სრიალი,  ცურვა. ექიმი ან რეაბილიტაციის სპეციალისტი შეგირჩევთ ვარჯიშის ამა თუ იმ სახეს.
ფიზიკური ვარჯიშისას აუცილებელია სიფრთხილე.
                                                                                 ცხრ. 1.
    
 
დაურეკეთ ექიმს მაშინვე, თუ ვარჯიშის დროს შეამჩნიეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი:
§   ჰაერის უკმარისობა 10 წუთზე მეტხანს;
§   ტკივილი გულმკერდის, მკლავის, კისრის, ყბების,  მუცლის არეში;
§   თავბრუსხვევის შეგრძნება;
§   ფერის დაკარგვა ან ლაქებით დაფარული კანი;
§   მეტისმეტად ჩქარი გულის ცემა;
§   ცივი ოფლი;
§   გულისრევა;
§   ფეხების შესიება ან ტკივილი, სისუსტე.
 
 
      
რამდენად ხშირად უნდა ვივარჯიშო ?

   ეს დამოკიდებულია გეგმაზე, რომელსაც ექიმი შეგიდგენთ. თქვენ ალბათ დაიწყებთ მსუბუქი დატვირთვით და, თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, თანდათან უმატებთ. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ივარჯიშოთ კვირაში 3-4-ჯერ დაახლოებით 10-30 წუთის განმავლობაში ერთ ჯერზე. შეეცადეთ 5 წუთის განმავლობაში გახურდეთ მოთელვით.
 
მეორე გულის შეტევის რისკფაქტორები
   ქვემოთ ჩამოთვლილია ის ფაქტორები, რომელნიც მნიშვნელოვნად ზრდიან განმეორებითი გულის შეტევის რისკს. თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ თავიდან აიცილოთ ისინი.
                              
       
§   ფიზიკურ ვარჯიშზე უარის თქმა; 
§   ჭარბი წონა (სიმსუქნე);  
§   სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;
§   მაღალი სისხლის წნევა;  
§   თამბაქოს მოხმარება;  
§   ხშირი სტრესები.  
      
   
რისი გაკეთება შემიძლია სწრაფად გამოკეთებისათვის და ჯანმრთელად ყოფნისთვის ?
 
   თქვენი ოჯახის ექიმი ალბათ გირჩევთ, რომ შეცვალოთ კვების რეჟიმი, სახელდობრ - მიიღოთ ცხიმისა და ქოლესტერინის, აგრეთვე სუფრის მარილის ნაკლები რაოდენობით შემცველი საკვები. თუ თამბაქოს ეწევით, აუცილებლად უნდა დაანებოთ თავი. ექიმი აგრეთვე გირჩევთ, როგორ გაუმკლავდეთ სტრესს.
 
როდის შეიძლება დავუბრუნდე სამუშაოს ?

ადამიანთა უმრავლესობა უბრუნდება სამუშაოს გულის შეტევიდან 1-3 თვის შემდეგ. უქმად ყოფნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია  თქვენი გულის მდგომარეობაზე და აგრეთვე იმაზეც, რამდენად მძიმეა თქვენი სამუშაო. თქვენ შეიძლება მოგიხდეთ გარკვეული ცვლილებების შეტანა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ან სულაც სამუშაოს შეცვლა მცირე ხნით მაინც, თუ თქვენი სამუშაო მეტისმეტად მძიმეა.

სქესობრივი ურთიერთობა ?

სქესობრივი ურთიერთობა შეიძლება დაიწყოთ  გულის შეტევიდან 3-4 კვირის შემდეგ. აქაც ფრთხილად უნდა დაიწყოთ და თანდათან დაუბრუნდეთ თქვენს ჩვეულ რიტმს. თუ თქვენ არაკომფორტულად გრძნობთ თავს რომელიმე პოზიციაში, შეცვალეთ ის. 

რა არის MET?
   ფიზიკური აქტიურობის შესახებ რჩევის მოცემისას ექიმი გაგესაუბრებათ საოჯახო საქმიანობის სხვადასხვა სახეებთან დაკავშირებული დატვირთვის დონის შესახებ.
   დატვირთვის ერთეულად შერჩეულია პირობითი სიდიდე, რომელსაც უწოდებენ  "MET”. ის გარკვეულწილად ასახავს ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც ამა თუ იმ საოჯახო საქმიანობის განსახორციელებლად არის საჭირო. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი რომელიმე კონკრეტული საქმიანობისათვის, მით უფრო მეტი ენერგიაა საჭირო ამ საქმიანობის შესასრულებლად.
   მოსალოდნელია, ექიმმა აგირჩიოთ, რომ არ მოკიდოთ ხელი საქმიანობას, რომელიც მოითხოვს 3 - 3.5 MET-ზე მეტ ენერგიას.
   ცხრილში მოცემულია ზოგიერთი საქმიანობის ჩამონათვალი და მისი განხორციელებისათვის საჭირო ენერგიის სიდიდე პირობით ერთეულებში (MET).

                                                                    ცხრ. 2
                                                
სავარძელში ჯდომა1.0  MET
იატაკის მოწმენდა1.5  MET
მანქანის ტარება2.0  MET
დაუთოება3.5 MET
ბაღში მუშაობა4.5 MET
ჩოგბურთის თამაში6.5 MET
ბალახის თიბვა6.5 MET
მიწის თხრა7.0 MET
თხილამურებით სრიალი8.0 MET

გულის შეტევა: გამაფრთხილებელი ნიშნები და თავიდან აცილების საშუალებები
რა არის გულის შეტევა ?
გულის შეტევა (მას გულის ინფარქტსაც უწოდებენ) ვითარდება იმ შემთხვევებში, როცა ჟანგბადით მომარაგების მკვეთრად შემცირების გამო გულის კუნთის ნაწილი დაზიანებულია ან კვდება. გულს ჟანგბადი მიეწოდება არტერიების (სისხლძარღვების) საშუალებით. გულის შეტევათა უმრავლესობა გამოწვეულია ამ არტერიების სანათურის დახშობით, რასაც, ჩვეულებრივ, ათეროსკლეროზი იწვევს. ამ უკანასკნელის დროს არტერიის კედლის შიგნითა ზედაპირზე წარმოიქმნება ცხიმის გროვა, რომელიც ფოლაქს წააგავს. ის ამცირებს სისხლის მიდენას გულის კუნთში ან საერთოდ წყვეტს მას.
გარდა ზემოხსენებულისა, გულის შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის კოლტმა, რომელიც იჭედება გულის მკვებავი არტერიის იმ ნაწილში, რომელიც ათეროსკლეროზული ფოლაქით არის შევიწროებული. 
როგორ უნდა მივხვდე, რომ გულის შეტევა მაქვს?
   გულის შეტევაზე ეჭვი უნდა მიიტანოთ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:
§ მწვავე ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რასაც ზოგჯერ შეიძლება ახლდეს ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება;
§ ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ვრცელდება ქედა ყბაში, მარცხენა ხელში ან მარცხენა მხარში;
§ შებოჭილობის გრძნობა გულმკერდის არეში;
§ ჰაერის უკმარისობა რამდენიმე წამზე მეტხანს.
ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს. თუ ფიქრობთ, რომ გაწუხებთ გული ან გაქვთ გულის შეტევა, მაშინვე მიმართეთ ექიმს დახმარებისათვის. დროულად დაწყებული მკურნალობა დაგიცავთ გულის სერიოზული დაზიანებისაგან.
გულის შეტევის რისკფაქტორებია:
§ თამბაქოს წევა;
§ შაქრიანი დიაბეტი;
§ ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში;
§ სისხლის წნევის მაღალი მაჩვენებლები;
§ გულის შეტევების ინცინდენტი ოჯახის წევრებს შორის (მშობლები, და-ძმები);
§ არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა;
§ ზედმეტი წონა (სიმსუქნე);
§ მამრობითი სქესი;
§ ქალებს შორის - მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთი ჰორმონული პრეპარატის მიღება.
როგორ შეიძლება გულის შეტევის თავიდან აცილება ?
   ესაუბრეთ თქვენი ოჯახის ექიმს გულის შეტევის რისკფაქტორების შესახებ  და იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება შეტევის რისკის შემცირება. სავარაუდოა, რომ ექიმი გირჩევთ:
  • თამბაქოს მოხმარებისათვის თავის დანებებას, ამასთან, ის თავად დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში;
 
  • დიეტის დაცვას, საკვებში ცხიმისა და სუფრის მარილის რაოდენობის შემცირებას, რაც ხელს შეუწყობს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის დაქვეითებას და სისხლის წნევის მაჩვენებლების მოწესრიგებას. დეტალურად გამოჰკითხეთ ექიმს, რა სახის საკვების მიღება არის თქვენთვის მიზანშეწონილი
  
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადების შემთხვევაში - სისხლში შაქრის შემცველობის სისტემატურ კონტროლს
 
  • ფიზიკურ ვარჯიშს. ეს ძნელად მოგეჩვენებათ, თუ მანამდე არ ვარჯიშობდით.
 
  • დეტალურად გამოჰკითხეთ ექიმს, რა სახისა და ხანგრძლივობის ვარჯიშია თქვენთვის სასურველი
  
  • წონაში დაკლებას, თუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა. ექიმი დაგარიგებთ, როგორ უნდა მოახერხოთ გახდომა;
 
  • სისხლის წნევის სისტემატურ კონტროლს, თუ წნევა მაღალი გაქვთ.

ჰკითხეთ ექიმს, მიიღოთ თუ არა ასპირინი. ასპირინი დაგეხმარებათ გულის შეტევის რისკის შემცირებაში. ეს პრეპარატი აფერხებს სისხლის კოლტის წარმოქმნას.

 გულის იშემიური დაავადებით ავად გახდომის რისკის შემცირება   
რა  არის გულის იშემიური დაავადება ? 
  გულის კუნთს სისხლი და, შესაბამისად, ჟანგბადი  მიეწოდება გულის გვირგვინოვანი (კორონარული) არტერიების საშუალებით. თუ გვირგვინოვან არტერიაში დაგროვდა ცხიმოვანი ნივთიერება ქოლესტერინი, რომელიც .. ათეროსკლეროზულ ფოლაქს წარმოქმნის, არტერიის სანათური შევიწროვდება და შეიძლება სულაც დაიხშოს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში მცირდება ან წყდება გულის გარკვეული უბნის მომარაგება სისხლით და ჟანგბადით. სწორედ ეს არის გულის იშემიური დაავადება. ამ ავადმყოფობისათვის დამახასიათებელია გულის შეტევები. გულის იშემიური დაავადება ემართებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს.რა იწვევს გულის იშემიურ დაავადებას ?გულის იშემიური დაავადება შეიძლება განპირობებული იყოს თანდაყოლილი, გენეტიკური თავისებურებებით, შეიძლება ჩამოყალიბდეს ასაკის მატებასთან ერთად. გულის იშემიური დაავადების აღმოცენების ხელშემწყობი ფაქტორებია:
·         ჭარბი წონა (სიმსუქნე);

·         სისხლის წნევის მომატება (არტერიული ჰიპერტენზია);

·         სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე;

·         შაქრიანი დიაბეტი;

·         ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულებელყოფა (თამბაქოს წევა, ცხიმიანი საკვების სისტემატური მოხმარება, არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა).
    როგორც ეს ჩამონათვალი გვიჩვენებს, გულის იშემიური დაავადების აღმოცენებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებული მავნე ჩვევები.
რა შეიძლება გავაკეთო, რომ შევამცირო გულის იშემიური დაავადების რისკი?
·         არ დაიწყოთ თამბაქოს წევა. თუ ეწევით, სთხოვეთ თქვენს ოჯახის ექიმს დაგეხმაროთ გადაჩვევაში. თამბაქოს მოხმარების შეწყვეტიდან 2-3 წლის შემდეგ გულის იშემიური დაავადებით ავად გახდომის რისკი თქვენ ისეთივე დაბალი გექნებათ, როგორ იმ პირებს, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ თამბაქო

·         იზრუნეთ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებაზე. ამისათვის უნდა გამოიყენოთ საკვები, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმს. შეეცადეთ, ცხიმების ხარჯზე მიიღოთ ყოველდღიური კალორაჟის არა უმეტეს 30%-ისა. ეს ნიშნავს, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს არა უმეტეს 60 გრამი ცხიმისა. შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ სპეციალური წამლების მიღება, რომლებიც აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს.

·         სისტემატურად აკონტროლეთ სისხლის წნევა. თუ წნევა მომატებული გაქვთ, ექიმი შეგირჩევთ სათანადო მკურნალობის მეთოდებს, მათ შორის, საჭიროებისას, ამა თუ იმ მედიკამენტს. ეს რეკომენდაციები სისტემატურად უნდა შეასრულოთ, რათა წნევის მაჩვენებლები ნორმისაგან დიდად არ განსხვავდებოდეს.

·         რეგულარულმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეიძლება შეამციროს  გულის იშემიური დაავადებით ავად გახდომის რისკი. ის სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ სისხლის მაღალი წნევა გაქვთ. აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს, რა სახის და ხანგრძლივობის ფიზიკური დატვირთვაა თქვენთვის საჭირო და შესაძლებელი. შეეცადეთ ივარჯიშოთ სულ მცირე კვირაში სამჯერ მინიმუმ 30-30 წუთის განმავლობაში.

·         ჰკითხეთ ექიმს ასპირინის ყოველდღიურად მიღების შესახებ. ასპირინი ამცირებს გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს, მაგრამ, ამავე დროს, მის მიღებას შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი არასასურველი გვერდითი მოვლენა;

·         მოეთათბირეთ თქვენს ექიმს ვიტამინების მიღების შესახებ. გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკისათვის სასარგებლოა E ვიტამინი. ასევე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს B ჯგუფის ვიტამინებიც. დოზა ექიმთან შეათანხმეთ.

·         თუ თქვენ მენოპაუზის ასაკისა ხართ, მოეთათბირეთ ექიმს ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ჰორმონული დარღვევების, მათი მკურნალობის მნიშვნელობისა და მკურნალობასთან დაკავშირებული რისკის შესახებ. ჰორმონულმა მკურნალობამ აგრეთვე შეიძლება დაგიცვათ გულის იშემიური დაავადებისაგან.

კატის და ძაღლის ნაკბენი 
როგორ უნდა მოვუარო კატის ან ძაღლის ნაკბენს ?
   აქ ჩამოთვლილია ის, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ კატის ან ძაღლის კბენით გამოწვეულ ჭრილობას მოუაროთ:
  • ფრთხილად მოიბანეთ ჭრილობა საპნით და წყლით;

  • მჭიდროდ გადაიხვიეთ სუფთა ნაჭრით (ბინტი, პირსახოცი) დაზიანებული ადგილის მიმდებარე მიდამო ისე, რომ შეაჩეროთ სისხლდენა;

  • შეიხვიეთ ჭრილობა სტერილური ბინტით;
     
  • მოათავსეთ, თუ ეს შესაძლებელია, დაზიანებული არე გულის დონეზე მაღლა (მაგ., ასწიეთ ხელი) შეშუპებისა და დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

  • აუცილებლად აცნობეთ მომხდარის შესახებ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას;
     
  • გამოიყენეთ ანტიბიოტიკის მალამო ჭრილობის დასამუშავებლად კვირაში ორ-სამჯერ, ჭრილობის მორჩენამდე.
   უნდა დავურეკო თუ არა ექიმს, თუ ძაღლმა ან კატამ მიკბინა?
აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს:


·          თუ გიკბინათ კატამ. კატის ნაკბენი ხშირად ჩირქდება. კატის ნაკაწრის შემთხვევაში, თუ ჭრილობაში ინფექცია არ არის შეჭრილი, ექიმის დახმარება საჭირო არ არის.

·          თუ გიკბინათ ძაღლმა ხელზე, ფეხზე ან თავზე, ან ჭრილობა ღრმაა და ღია;

·          თუ თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის ან ფილტვების დაავადება ან სიმსივნე, ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი), ან სხვა დაავადება, რომელიც აქვეითებს ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს, აგრეთვე, თუ ჭრილობის არეში აღინიშნება ინფექციის შეჭრის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სიწითლე, შესივება, სიმხურვალე, მზარდი მტკივნეულობა, ჭრილობიდან ჩირქის დენა.
 ·          თუ შეუჩერებლად გაქვთ სისხლდენა 15 წუთიანი ზეწოლის შემდეგ ან თუ ფიქრობთ, რომ დაზიანებული გაქვთ ნეკნი, ან ნერვი, ან ეჭვი გაქვთ სხვა სერიოზულ დაზიანებაზე.

·          თუ ანტიტეტანური შრატი გაკეთებული გაქვთ 5-ზე მეტი წლის წინ. ასეთ შემთხვევაში კვლავ იქნება საჭირო ანტიტეტანური შრატის გამოყენება.

·          თუ გიკბინათ უპატრონო კატამ ან ძაღლმა, ან თუ ცხოველი არ არის აცრილი ცოფზე.

 

რა ზომებს მიიღებს ექიმი? 
·          შეამოწმებს ჭრილობას ნერვის, მყესის, ან ძვლის შესაძლო  დაზიანების დასადგენად; შეამოწმებს, არის თუ არა ჭრილობა ინფიცირებული;
·          გაწმენდს ჭრილობას სპეციალური ხსნარით და მოაცილებს დაზიანებულ ქსოვილს;
·          შესაძლოა, საჭიროდ ჩათვალოს ნაკერის დადება ჭრილობის დასახურად, უფრო ხშირად ჭრილობას ღიად სტოვებენ, რაც ამცირებს ინფიცირების ალბათობას
·          შეიძლება გამოგიწეროთ ანტიბიოტიკი ინფექციის თავიდან ასაცილებლად;
·          შეიძლება გაგიკეთოთ ანტიტეტანური შრატი, თუ ის უკანასკნელად  5 წელზე მეტი ხნის წინ გაქვთ გაკეთებული;
·          საჭიროებისას შეიძლება გაგიკეთოთ იმუნოგლობულინი და/ან ცოფის საწინააღმდეგო შრატი;
·          შეიძლება მოგთხოვოთ მასთან განმეორებით მისვლა 1-2 დღის შემდეგ ჭრილობის კიდევ ერთხელ შესამოწმებლად;
·          თუ ჭრილობა ღრმაა და ინფექცია, ანტიბიოტიკების მიღების მიუხედავად, არ დაცხრა ან მაინც განვითარდა, ოჯახის ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალისტის მონახულება და/ან საავადმყოფოში ვიზიტი, სადაც თქვენ ვენაში  გაგიკეთდებათ სპეციალური წამალი (ანტიბიოტიკი) და, საჭიროების შემთხვევაში, ჩაგიტარდებათ შემდგომი მკურნალობა.

როგორ შეიძლება ავიცილო კატის ან ძაღლის კბენა ?
 
·          განასკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, ნურასოდეს დატოვებთ მათ მარტოდმარტო  ცხოველთან;

·          ნუ შეეცდებით ცხოველების დაშორიშორებას, როცა ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან;

·          მოერიდეთ უცხო და დაავადებულ ცხოველებს;

·          ნუ მიეკარებით ცხოველს, როცა ის ჭამს;

·          ცხოველი სახლიდან ყოველთვის ყელსაბამით გამოიყვანეთ;

·          სანამ ცხოველს სახლში მოიყვანთ, დაფიქრდით, რა ჯიშის, ზომის ცხოველი უფრო შეეფარება თქვენს ოჯახურ სიტუაციას.

დაბრუნდი სარჩევში



ძაღლის ნაკბენი 

როგორ ავაცილოთ ბავშვებს ძაღლის კბენა?
ძაღლების უმრავლესობა არასოდეს კბენს ადამიანს, თუ საფრთხე არ იგრძნო მისგან. ძაღლის კბენის მსხვეპლნი უხშირესად პატარა ბავშვები არიან. ნურასოდეს დატოვებთ ჩვილს ან პატარა ბავშვს ძაღლთან მარტო. ზოგიერთი რჩევა დაგეხმარებათ ბავშვისათვის ძაღლის კბენის თავიდან აცილებაში
როგორ მოვიქცე, თუ მსურს ძაღლი ვიყოლიო სახლში ?
მიიღეთ ინფორმაცია ძაღლის იმ ჯიშის შესახებ, რომლის ყოლასაც აპირებთ. ძაღლის ჯიშებში გასარკვევად მიმართეთ ვეტერინარს, აუცილებლად მოიძიეთ სათანადო ინფორმაცია. არ იყოლიოთ ძაღლი მხოლოდ მისი გარეგნობის გამო. თუ გყავთ ჩვილი ან პატარა ბავშვი, უმჯობესია ლეკვის მოყვანა. აგრესიული ძაღლის ჯიშები არ შეეფერება ბავშვიან ოჯახებს.
იფიქრეთ თქვენი ძაღლის საწვრთნელ სკოლაში წაყვანაზე. დრო და დრო ჩაუტარეთ აცრები. რეგულარულად ატარეთ შესამოწმებლად  ვეტერინართან. 
რა უნდა ვუთხრა ბავშვებს ძაღლების შესახებ ?
• არ გაეკარო უცხო ძაღლს;
• არასოდეს მიეკარო ძაღლს ჭამის, ძილის და ლეკვების მოვლის დროს;
• აუცილებლად უთხარი უფროსებს, თუ მაწანწალა ძაღლს მოკრავ თვალს, არ მიეკარო მას;
• ძაღლთან მხოლოდ მაშინ ითამაშე, თუ ვინმე უფროსთაგანიც არის შენს გვერდით;
• არასოდეს გააღიზიანო ძაღლი;
• არასოდეს მოეფერო ძაღლს, სანამ შენი დაყნოსვის საშუალებას არ მისცემ.
 
რისი გაკეთება ვურჩიო ბავშვს, თუ მას ძაღლი მიუახლოვდა?
• არ გაიქცე და არ დაიყვირო;
• გაშეშდი "ხესავით";
• ნუ შეხედავ ძაღლს თვალებში;
• თუ დაეცი ან წაიქეცი, დაემსგავსე "ხის ძელს";
• როდესაც ძაღლი მიხვდება,  რომ მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენ, ის ალბათ წავა;
• თუ ძაღლი გიკბენს, მაშინვე შეატყობინე უფროსებს.
    ძაღლი არაჩვეულებრივი შენაძენია ოჯახისთვის, მაგრამ, თუ ფრთხილად არ იქნებით, მან შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ. ხშირად ესაუბრეთ თქვენს ბავშვებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ძაღლთან ერთად არიან. გახსოვდეთ, რომ ძაღლმა შეიძლება საფრთხე იგრძნოს უცხო ადამიანისაგან და, შესაბამისად, აგრესიულობაც გამოიჩინოს.

დაბრუნდი სარჩევში




ცხოვრების ჯანსაღი წესი

რისი გაკეთება შემიძლია იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნო?
   ცხოვრების წესს ჯანმრთელობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.       ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შესრულება დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში:
• ნუ მოსწევთ თამბაქოს;
• მიიღეთ ჯანსაღი საკვები;
• ფიზიკურად ივარჯიშეთ რეგულარულად
• მიიღეთ ალკოჰოლი ზომიერად, ან საერთოდ ნუ მიიღებთ; 
• ნუ მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს; 
• მიიღეთ ზომები უსაფრთხო სქესისათვის; 
• გამოიყენეთ უსაფრთხოების ქამარი (ბავშვებისთვის - სპეციალური სკამები) მანქანით მგზავრობისას; 
• რეგულარულად მოინახულეთ ხოლმე თქვენი ოჯახის ექიმი, გულდასმით შეასრულეთ მისი მითითებები საპროფილაქტიკო ღონისძიებების თაობაზე.

 რითი შეიძლება დამეხმაროს ოჯახის ექიმი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ?
   ავადმყოფობისას თქვენი მკურნალობის გარდა, თქვენს ოჯახის ექიმს შეუძლია შეიმუშაოს პროგრამა, რომლის მიზანი იქნება თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნება. ამ პროგრამაში დაწვრილებით იქნება აღწერილი ის პრევენციული ღონისძიებები, რომელთა ჩატარებაც თავიდან აგარიდებთ ზოგიერთ დაავადებას.

 
რა არის "პრევენცია"?
   "პრევენცია" ნიშნავს თავიდან არიდებას, პროფილაქტიკას. პრევენციული ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს:
• გამოკვლევებს, რომელთა მიზანია ზოგადად ჯანმრთელობის ან ამა თუ იმ ორგანოს მდგომარეობის განსაზღვრა; 
• წონის, სისხლის წნევის, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის განსაზღვრას; 
• რჩევებს დიეტის, ფიზიკური ვარჯიშის შესახებ, თამბაქოს,  ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე, სტრესისა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების შესახებ;
• იმუნიზაციას (აცრების ჩატარებას) ბავშვებისა და ზრდასრულებისათვის; 
• სპეციალური გამოკვლევების ჩატარებას ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, მაგალითად ფეხმძიმობის დროს, 50 წლის ასაკის შემდეგ და სხვ. 

 განმიმარტავს თუ არა ექიმი რა სახის პრევენციული ღონისძიებები მჭირდება?
   ექიმი დაწვრილებით აგიხსნით, თუ რა სახის გამოკვლევების ჩატარება გჭირდებათ, როგორ უნდა დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, რა წამლების (მაგალითად, სისხლის წნევის დამწევი წამლების) მიღებაა საჭირო, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ ესა თუ ის დაავადება. 

 რა სახის პრევენციულ ღონისძიებებს საჭიროებენ  ქალები?
   ზრდასრულმა ქალებმა თვალი უნდა ადევნონ წონას, სისხლის წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ აუცილებელია სპეციალური გამოკვლევის ჩატარება, რომელიც გამოავლენს საშვილოსნოს კიბოს ადრეულ სტადიას. 50 წლის ასაკს გადაცილებულმა ქალებმა ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა (მამოგრაფია) ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის გამოსავლენად. ასევე საჭიროა მსხვილი  და სწორი ნაწლავის კიბოს ადრეული სტადიების სადიაგნოზო გამოკვლევების ჩატარება. ზემოხსენებული გამოკვლევები ყველა ქალისათვის არის სასარგებლო. როცა ოჯახის ექიმი გირჩევთ ამ გამოკვლევების ჩატარებას, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ კიბოთი ხართ ავად. თქვენმა ოჯახის ექიმმა ასევე უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო აცრის ჩატარება.
   ექიმმა შეიძლება მოგცეთ რჩევები ვარჯიშისა და დიეტის თაობაზე, მაგალითად, რამდენი კალციუმი გესაჭიროებათ, რათა თავიდან იცილოთ ძვლებთან დაკავშირებული პრობლემები ხანდაზმულობის ასაკში, როგორი დიეტაა საჭირო სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. რჩევები შეიძლება ეხებოდეს ალკოჰოლის, ნარკოტიკების მიღებას, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. მენოპაუზის ასაკს მიახლოებული ქალებისათვის მნიშვნელოვანია კონსულტაციები ჰორმონების შესახებ. თუ თქვენ მანქანას ატარებთ, ექიმი გაგესაუბრებათ უსაფრთხოების ქამრის გამოყენების აუცილებლობაზე.
 
რა სახის პრევენციულ  ღონისძიებებს  საჭიროებენ მამაკაცები ?
   ზრდასრულმა მამაკაცებმა პერიოდულად უნდა  შეიმოწმონ  წონა,  სისხლის წნევა და სისხლში ქოლესტერინის დონე. 50 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა უნდა ჩაიტარონ სპეციალური გამოკვლევა მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს ადრეული სტადიების გამოსავლენად. როცა ოჯახის ექიმი გირჩევთ ამ გამოკვლევის ჩატარებას, ეს არ ნიშნავს, რომ მას ეჭვი აქვს იმაზე, რომ თქვენ კიბოთი ხართ ავად. ეს გამოკვლევა ყველამ უნდა ჩაიტაროს. თქვენმა ექიმმა ასევე უნდა უზრუნველყოს საჭირო აცრების ჩატარება.
   ექიმი აუცილებლად გაგესაუბრებათ დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობის შესახებ, პროსტატის დაავადებების შესახებ, ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების  მოხმარებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თაობაზე. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ უსაფრთხოების ქამრის გამოყენება მანქანით მგზავრობისას.

რა სახის პრევენციულ ღონისძიებებს საჭიროებენ ბავშვები ?
   ბავშვებისათვის გამიზნული პრევენციული ღონიძიებებიდან აცრები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. აცრა იცავს ბავშვებს ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა პოლიომიელიტი, ყვავილი,  ყბაყურა. ექიმი შეამოწმებს ბავშვს, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ის ნორმალურად ვითარდება. ექიმი გირჩევთ, რა უნდა იღონოთ იმისათვის, რომ ბავშვს ჯანსაღი კბილები ჰქონდეს.
   ექიმმა შეიძლება მოგცეთ სასარგებლო რჩევები უბედური შემთხვევისაგან ბავშვის დაცვის თაობაზე (მაგალითად, უსაფრთხოების ქამრის ან სპეციალური სკამის გამოყენება მანქანით მგზავრობისას, მოწამვლისა და ელექტროტრავმის თავიდან აცილება). ექიმი ასევე გაგესაუბრებათ თქვენი ბავშვისათვის სასარგებლო კვების რეჟიმის თაობაზე, ფიზიკური ვარჯიშის შესახებ, სხვა, ჯანსაღი  ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ჩვევების გამომუშავების შესახებ, ალკოჰოლისა და თამბაქოს, ნარკოტიკების საფრთხის თაობაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს ექიმს რჩევა, როგორ ესაუბროთ თქვენს შვილს არასასურველი ფეხმძიმობის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების და შიდსის თავიდან აცილების შესახებ.

ჰეპატიტი C

რა არის ჰეპატიტი ?
   ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება. ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. ღვიძლის ანთება შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური სასმელების ჭარბი რაოდენობით სისტემატურად გამოყენების შედეგად, ნარკოტიკების მოხმარების გამო, ზოგიერთი წამლის მიღების შემდეგ. გარდა ამისა, ჰეპატიტის მიზეზი შეიძლება იქნეს ვირუსული ინფექცია.
   არსებობს ჰეპატიტის ორი ძირითადი ფორმა - მწვავე ჰეპატიტი და ქრონიკული ჰეპატიტი. თუ ჰეპატიტი მოულოდნელად და სწრაფად განვითარდა, ეს მწვავე ჰეპატიტია. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სიცხიანობა, დამტვრეულობა მთელს სხეულში. ზოგჯერ სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. პაციენტების უმრავლესობას ღვიძლის მწვავე ანთების ნიშნები რამდენიმე დღეში ან კვირაში გაუვლის ხოლმე. ზოგჯერ ანთება არ ცხრება, გრძელდება. ასეთ შემთხვევაში იტყვიან, რომ ადამიანს აქვს ქრონიკული ჰეპატიტი.

რა გავლენას ახდენს ანთება ღვიძლზე?
   ღვიძლი შლის სისხლში არსებულ ე.წ. "ნარჩენ ნივთიერებებს". ღვიძლის ანთების დროს მისი ეს უნარი მკვეთრად არის დაქვეითებული - ის აღარ მონაწილეობს ამ ნივთიერებებიდან ორგანიზმის განთავისუფლებაში.  ერთ-ერთი ასეთი "ნარჩენი ნივთიერება"  - ბილირუბინი - იმის გამო, რომ აღარ იშლება ღვიძლის მიერ, ჭარბი რაოდენობით გროვდება სისხლში  და ლაგდება ქსოვილებში, მათ შორის კანში. ამის შედეგად ადამიანის კანი ყვითლად შეიფერება ხოლმე. ეს სიმპტომი "სიყვითლის" სახელწოდებით არის ცნობილი.
   ბილირუბინისა და სხვა "ნარჩენი ნივთიერებების" ჭარბად დაგროვებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი,  გულისრევა, სიცხიანობა, დამტვრეულობის შეგრძნება მთელს სხეულში.

რა არის ჰეპატიტი C ?
   ღვიძლის ანთების მიზეზი შეიძლება იქნეს ვირუსები. ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსების სახელწოდება აღინიშნება ასოებით. არსებობს ჰეპატიტის სამი ძირითადი სახე:ჰეპტიტი A, ჰეპატიტი B და ჰეპატიტი C. C ჰეპატიტი ჩვეულებრივ ვრცელდება სისხლით ან მის კომპონენტებით; მაგ., დაბინძურებული (ნახმარი) ნემსის გამოყენებისას, ნარკომანების მიერ ერთი და იმავე ნემსის ხმარებისას ნარკოტიკების ვენაში გასაკეთებლად, ვირუსის შემცველი სისხლის გადასხმისას. C ჰეპატიტის ვირუსით პირველად დაინფიცირებისას პაციენტების უმრავლესობა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, მაგრამ ვირუსი ღვიძლში "მოიკალათებს" ხოლმე და ღვიძლის ქრონიკულ ანთებას იწვევს, რომელიც არ იკურნება.
   C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს წლების განმავლობაში არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ C ჰეპატიტი გაქვთ, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა, ვინაიდან ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის კიბო.

მე არასოდეს გამომიყენებია ინტრავენური ნარკოტიკი ან  დაბინძურებული ნემსი. მაინც შეიძლება დავავადდე C ჰეპატიტით?

   ძალიან ხშირად C ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმში შეჭრის გზა დაუდგენელი რჩება. ეს ვირუსი შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს სქესობრივი აქტის დროს. გადაცემის გზა შეიძლება იყოს ერთი წვერის საპარსის ან კბილის ჯაგრისის გამოყენება.  C ჰეპატიტის ვირუსი შეიძლება გადაეცეს ნაყოფს დაინფიცირებული ორსული დედისაგან. ვირუსის გადაცემის ეს ვარიანტები იშვიათია, მაგრამ მათი რეალურობა ეჭვს არ იწვევს.
 
შეიძლება თუ არა გადავდო C ჰეპატიტი სხვა ადამიანს ?

   შეიძლება. ცნობილია, რომ თუ თქვენ დაავადებული ხართ C ჰეპატიტით, ის შეიძლება სხვასაც გადასდოთ. თქვენ არ უნდა გაიღოთ სისხლი სხვისთვის გადასასხმელად. არ უნდა დაუშვათ, რომ თქვენი კუთვნილი საგნებით (წვერსაპარსი, კბილის ჯაგრისი) სხვამ ისარგებლოს. სქესობრივი კავშირის დროს ყოველთვის უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი. თუ თქვენ დაავადებული ხართ C ჰეპატიტით, აუცილებელია თქვენი სექსუალური პარტნიორების შემოწმება - მათაც ხომ არა აქვთ ეს დაავადება?
თუ თქვენ შვილის ყოლა გსურთ, აუცილებლად მოეთათბირეთ თქვენს ექიმს. ვირუსის გადაცემა სქესობრივი კავშირის დროს ან ორსულიდან ნაყოფზე, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იშვიათია. დაუშვებელია სქესობრივი კავშირი მენსტრუაციის პერიოდში, ვინაიდან C ჰეპატიტის ვირუსი ადვილად შეაღწევს ხოლმე მენსტრუალურ სისხლში.
 
როგორ უნდა მოვუარო თავს, თუ C ჰეპატიტი მაქვს?
უნდა დაიცვათ დიეტა, რეგულარულად ივარჯიშოთ. დიეტოლოგი დაგეხმარებათ ჯანსაღი დიეტის შერჩევაში, რომლის დაცვაც თქვენ არ გაგიჭირდებათ. აუცილებლად მოეთათბირეთ თქვენს ექიმს იმ წამლების თაობაზე, რომელთაც თქვენ იღებთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე (ე.წ. "ურეცეპტოდ გასაცემი წამლები"). ბევრი წამალი, აცეტამინოფონის (ტაილენოლის) ჩათვლით, ღვიძლში იშლება და შეიძლება დააჩქაროს მისი დაზიანება. მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ ან საერთოდ აღკვეთოთ ალკოჰოლიანი სასმელების გამოყენება.

არსებობს თუ არა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ?
C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ A და B ჰეპატიტის თავიდან ასაცილებლად.  თუ თქვენ გაქვთ C ჰეპატიტი, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო (შესაძლოა, აგრეთვე,  A ჰეპატიტის საწინააღმდეგო) ვაქცინის გამოყენება, თუ თქვენ უკვე არა ხართ დაინფიცირებული A და B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსებით. ვაქცინაცია იმისათვის არის საჭირო, რომ C ჰეპატიტით დაავადებულებს  A და B ჰეპატიტით დაავადების უფრო მეტი შანსი გაქვთ. ეს კი კიდევ უფრო მეტად დაგიზიანებთ ღვიძლს.

არსებობს თუ არა C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალება ?
C ჰეპატიტის სამკურნალო წამლებია ინტერფერონი ალფა-2a (სავაჭრო სახელწოდებაა ოფერონი A), ინტერფერონი ალფაკონი-2b (სავაჭრო სახელწოდებაა ინტრონი A), ინტერფერონი ალფაკონი-1 (სავაჭრო სახელწოდებაა ინფერგენი), ინტერფერონი ალფა-2b რიბავირინთან ერთად (სავაჭრო სახელწოდებაა რებეტრონი) და ინტერფერონი ალფა-nl (სავაჭრო სახელწოდებაა ველფერონი). ეს წამლები ინექციების სახით გამოიყენება ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს, ან კვირაში სამჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში, ან უფრო ხანგრძლივად. ინტერფერონით მკურნალობისას ჰეპატიტით დაავადებულთა 1/4 თავს უკეთ გრძნობს. ამ წამლების გამოყენება არ ნიშნავს, რომ ადამიანი განიკურნება C ჰეპატიტისაგან, მაგრამ ისინი აუმჯობესებენ პაციენტის მდდგომარეობას და გარკვეულწილად იცავენ მას მომავალში ღვიძლის მძიმე დაზიანებისაგან.

რა უნდა ვიცოდეთ ინტერფერონის შესახებ ?
სანამ დაიწყებდეთ ინტერფერონის მიღებას, უნდა ჩაიტაროთ ღვიძლის ბიოფსია. ეს ნიშნავს, რომ ქირურგიული მეთოდით აიღებენ თქვენი ღვიძლის პაწაწინა ნაწილს, ექიმი შეამოწმებს აღებულ ქსოვილს და განსაზღვრავს, რამდენად არის ღვიძლი დაზიანებული. ახალგაზრდა პაციენტებს შორის, რომელთაც ღვიძლის დაზიანება საშუალო ხარისხით აქვთ გამოხატული და ღვიძლში ვირუსის მხოლოდ მცირე ნაწილაკების ჩანართები აღენიშნებათ, ინტერფერონით მკურნალობა უფრო კარგი შედეგის მომტანია.
ინტერფერონი ძვირადღირებული წამალია. მისი გამოყენება წელიწადში დაახლოებით 6,000 ამერიკული დოლარი ჯდება.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ინტერფერონით მკურნალობამ?
ინტერფერონით მკურნალობისას პაციენტს შეიძლება აღენიშნოს გრიპისათვის დამახასიათებელი ნიშნები - სიცხიანობა, დამტვრეულობის შეგრძნება სხეულში, თავის ტკვილი, უმიზეზო დაღლილობა,  ადვილად აგზნებადობა, გულისრევა, ღებინება, უძილობა. გარდა ამისა, შესაძლებელია ცვლილებები სისხლში. ამის გამო აუცილებელია გულდასმით შეასრულოთ ექიმის მითითება რეგულარული მეთვალყურეობის აუცილებლობის თაობაზე. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მკვეთრად იქნება გამოხატული, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ინტერფერონით მკურნალობის შეწყვეტა.

უნდა ვიმკურნალო თუ არა ინტერფერონით ?
არჩევანი თქვენზე და თქვენს ექიმზე დამოკიდებულია. C ჰეპატიტით დაავადებული პირები, როგორც უკვე იყო ნათქვამი, ზოგჯერ თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. მხოლოდ სპეციალური გამოკვლევების შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ მათ ღვიძლის მცირედ გამოხატული ანთება აქვთ. თუ თქვენ არაფერი გაწუხებთ, მაგრამ დადგენილი გაქვთ C ჰეპატიტი, თქვენი ექიმი აუცილებლად მოინდომებს თქვენს სისტემატურ მეთვალყურეობას, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე  ერთხელ ან, შესაძლოა, სამჯერაც სისხლის შემოწმებას. სისხლში განისაზღვრება ორი ნივთიერების (ე.წ. "ფერმენტების") რაოდენობა, რომლებიც ღვიძლში წარმოიქმნებიან. თუ სისხლში ამ ნივთიერებების შემცველობა გარკვეულ დონეზე მაღალი აღმოჩნდა, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს წამლის დანიშვნა C ჰეპატიტის სამკურნალოდ. 
ინტერფერონით მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ართულებს ის გარემოებები, რომ წამლი ზედმიწევნით ძვირია და შეიძლება აღინიშნოს ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ექიმი გაითვალისწინებს დაავადების გამომწვევი ვირუსის სახეს, მის რაოდენობას თქვენს ორგანიზმში, აგრეთვე, თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, სისხლის ანალიზისა და ღვიძლის ბიოფსიის შედეგებს.

პროსტატიტი
რა არის პროსტატიტი ?
პროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ანთება. ის მამაკაცებს შორის ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. პროსტატიტის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს: ტკივილი მოშარდვისას, ხშირი შარდვა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი წელის ქვედა ნაწილში ან საზარდულის (ბარძაყისა და მუცლის შეერთების ადგილი) არეში. პროსტატიტმა შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ურთერთობის სურვილის დაკარგვა, ერექციის დაქვეითება. ხშირად ძნელი ხდება პროსტატიტის განსხვავება საშარდე გზების ინფექციური დაზიანებისაგან.

რა არის პროსტატა?
პროსტატა ჯირკვალია, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ის მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ, სწორი ნაწლავის წინ, გარს ეკვრის შარდსადენს. ეს უკანასკნელი მილია, რომლითაც შარდი გამოედინება შარდის ბუშტიდან და შემდეგ მამაკაცის სასქესო ასოს გზით გამოიყოფა ორგანიზმიდან. პროსტატის გასინჯვა ექიმს შეუძლია პაციენტის სწორ ნაწლავში თითის შეყოფის საშუალებით; ამ მეთოდით პროსტატის უკანა ნაწილის გასინჯვაა შესაძლებელი.
პროსტატა გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც სპერმის შემადგენლობაში შედის. ბევრი რამ პროსტატის ფუნქციის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

რა იწვევს პროსტატიტს ?
გამომწვევი მიზეზების მიეხდვით განარჩევენ პროსტატიტის სხვადასხვა ფორმებს. მათ შორის ორი ფორმა -  მწვავე და ქრონიკული - პროსტატაში ინფექციის შეჭრით არის განპირობებული. ინფექციის გარდა, პროსტატიტი შეიძლება გამოიწივიოს მენჯის ან შარდის ბუშტის კუნთების ფუნქციის დარღვევამ. 

როგორ მკურნალობენ პროსტატიტის ?
მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი შეირჩევა  გამომწვევი მიზეზის მიხედვით. მკურნალობის დაწყებამდე, გამომწვევი მიზეზის დასადგენად, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს შარდის ანალიზი და სწორი ნაწლავის შემოწმება.
თუ პროსტატიტი ინფექციით არის გამოწვეული, სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები. მკურნალობა შეიძლება საკმარისად დიდხანს გახდეს საჭირო - ექიმი, თუ საჭიროდ ჩათვლის, გირჩევთ ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიღებას რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი. თუ პროსტატიტი მწვავეა, მაშინ შესაძლოა საავადმყოფოში მკურნალობა დაგჭირდეთ.

თუ პროსტატიტის  გამომწვევი მიზეზი არ არის ინფექცია ?
ჯერჯერობით აუხსნელია, რა იწვევს პროსტატიტს იმ შემთხვევებში, როცა ის ინფექციის შედეგი არ არის. მისი მკურნალობა, ჩვეულებრივ, საკმარისად რთულია. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოსინჯოს ანტიბიოტიკის გამოყენება ფარული ინფექციის სამკურნალოდ. სხვა სამკურნალო საშუალებების მიზანია პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება პროსტატიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების აღკვეთის გზით. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ე.წ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა იბუპროფენი ან ნაპროქსენი, გამოკეთებაში დაგეხმარებათ ცხელი აბაზანები.

შესაძლოა პროსტატიტის გადადება სქესობრივი გზით ?
ზოგჯერ პროსტატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, მაგალითად ქლამიდია. ამავე დროს, პროსტატიტის გამომწვევი მიკროორგანიზმების უმრავლესობა სქესობრივი გზით არ გადაეცემა.

შეიძლება თუ არა პროსტატიტით განმეორებით დაავადება?
მამაკაცებს, რომელთაც ერთხელ უკვე ჰქონდათ პროსტატიტი, შეიძლება ის გაუმეორდეთ. ანტიბიოტიკები ზოგჯერ ვერ ახდენენ გავლენას წინამდებარე ჯირკვალზე. შესაძლოა, ბაქტერიების მცირე რაოდენობა "იმალებოდეს" პროსტატაში და ანტიბოტიკმა ვერ გაანადგუროს ისინი. სავარაუდოა, რომ ანტიბიოტიკის მიღების შეწყვეტისთანავე დაავადება ისევ გამწვავდება. ასეთ შემთხვევაში ახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკის მიღება დიდხანს მოგიწევთ, ინფექციით გამოწვეული პროსტატიტი შეიძლება ქრონიკული იყოს. თუ თქვენ ქრონიკული პროსტატიტიტით ხართ დაავადებული, აუცილებელია ხანგრძლივი მკურნალობა.

დამჭირდება თუ არა წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა, თუ პროსტატიტი მაქვს?
ჩვეულებრივ, პროსტატიტის განკურნება შეიძლება წამლის გამოყენების გზით. უმეტეს შემთხვევებში ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო.

შეიძლება თუ არა პროსტატიტის განკურნება?
თუ თქვენ ერთხელ გქონდათ პროსტატიტი, სავარაუდოა, რომ ის განმეორდება. საქმე იმაშია, რომ წინამდებარე ჯირკვალში ანტიბიოტიკების შეღწევა გაძნელებულია. ამის გამო მკურნალობის შემდეგაც კი შესაძლებელია პროსტატაში "ფარული" ინფექციის არსებობა. ეს უკანასკნელი კი ისევ გააქტიურდება, როგორც კი თქვენ ანტიბიოტიკებით მკურნალობას შეწყვეტთ. დაავადების განმეორებით გამოვლინების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის მიერ შერჩეული ანტიბიოტიკების დიდხანს გამოყენება. თუ პროსტატიტი არ არის გამოწვეული ინფექციით, მას ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ასეთ შემთხვევაშიც ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო.

იწვევს თუ არა პროსტატიტი სიმსივნეს ?
პროსტატიტმა შეიძლება ძალიან შეგაწუხოთ, მაგრამ ის წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეს არ იწვევს. არსებობს სისხლის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზის დასადგენად. გამოკვლევის ეს მეთოდი ცნობილია "პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტის" სახელწოდებით. თუ თქვენ დაავადებული ხართ პროსტატიტით, შესაძლოა, სისხლში მომატებული გქონდეთ ზემოთ მოხსენიებული პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის დონე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ პროსტატის სიმსივნე გაქვთ. მას შემდეგ, რაც ექიმი ჩაგიტარებთ პროსტატიტის საწინააღმდეგო მკურნალობას, თუ ანტიგენის დონე მკურნალობამდე მომატებული იყო, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს ანტიგენის დონის განმეორებით შემოწმება.
 

ტუბერკულოზი: რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

რა არის ტუბერკულოზი?

   ტუბერკულოზი ფართოდ გავრცელებული, სერიოზული დაავადებაა, რომელმაც, თუ სათანადო მკურნალობას არ ჩაიტარებთ, შეიძლება დაგიზიანოთ ფილტვები. ტუბერკულოზი ადვილად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, ამიტომაც  თუ თქვენ დაგიდგინდათ ეს დაავადება, თქვენი ოჯახის წევრები და ის პირები, ვისთანაც მჭიდრო კონტაქტი გაქვთ, აგრეთვე უნდა შემოწმდნენ ტუბერკულოზზე.
 
რა იწვევს ტუბერკულოზს?
   ტუბერკულოზს იწვევს მიკროორგანიზმი, რომელსაც "ტუბერკულოზის მიკობაქტერიას" უწოდებენ. განარჩევენ ტუბერკულოზის ორ ფორმას - პირველადს და მეორადს. პირველადი ტუბერკულოზის დროს კერა, ჩვეულებრივ, ფილტვში მდებარეობს. თუ ინფექცია გავრცელდა პირველადი კერიდან, მაშინ მეორად ტუბერკულოზთან გვექნება საქმე. ფილტვის გარდა ტუბერკულოზურმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოებიც (ლიმფური კვანძები, საშარდე გზები, ძვლები, სახსრები და სხვ.).  

რა გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო ტუბერკულოზზე ეჭვის არსებობისას?
   ტუბერკულოზის გამოსავლენად ყველაზე ხშირად გამოიყენება  გამოკვლევის სპეციალური მეთოდი, რომელიც კანის ტესტის სახელწოდებით არის ცნობილი – მას PPD ტესტსაც უწოდებენ. ამ ტესტის დადებითი შედეგი იმაზე მიუთითებს. რომ თქვენ ურთიერთობა გქონდათ ადამიანთან, რომელიც დაავადებულია ტუბერკულოზით და დასნებოვნებული ხართ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიით.

თუ PPD ტესტი დადებით მაქვს, ე.ი  ტუბერკულოზით ვარ ავად?
   რა თქმა უნდა არა. ადამიანი შეიძლება დასნებოვნებული იყოს ტუბერკულოზის გამომწვევით, მაგრამ დასნებოვნებულთა მხოლოდ 10% ხდება ავად ტუბერკულოზით. ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანზე იტყვიან, რომ  მას აქვს "აქტიური ტუბერკულოზი". ამრიგად, ტუბერკულოზური ინფექციით დასნებოვნება არ ნიშნავს, რომ თქვენ ავად ხართ აქტიური ტუბერკულოზით. ჯანმრთელმა ორგანიზმმა შეიძლება დასძლიოს ეს ინფექცია და არ დაავადდეს აქტიური ტუბერკულოზით. ასეთ შემთხვევებში ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია არააქტიური ფორმით არსებობს ამ ადამიანის ფილტვებში. მაგრამ თუ ორგანიზმი ვერ მოერია ბაქტერიას და ეს უკანასკნელი განვითარდა, ადამიანი ავად გახდება აქტიური ტუბერკულოზით.

ნიშნავს თუ არა PPD ტესტის დადებითი შედეგი, რომ მე შეიძლება სხვას გადავდო ტუბერკულოზი?
რა თქმა უნდა არა. მას შემდეგ რაც დადგინდება, რომ PPტესტი დადებითია, თქვენ უნდა გააშუქებინოთ გულმკერდი და ჩაიტაროთ საექიმო შემოწმება, რათა დარწუნდეთ, რომ არ გაქვთ აქტიური ტუბერკულოზი და არ წარმოადგენთ სხვებისათვის ინფექციის წყაროს.
იმის გარკვევას, შეიძლება თუ არა ტუბერკულოზი თქვენგან ვინმეს გადაედოს სულ რამდენიმე დღე სჭირდება. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომელთაც კანის ტესტი დადებითი აქვს, არ წარმოადგენენ სხვებისათვის საშიშროებას - ტუბერკულოზი მათგან არავის გადაედება.

რა უნდა ვიღონო, თუ კანის ტესტი დადებითი მაქვს ?
თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ექიმმა, ინფექციის აღკვეთის მიზნით, შეიძლება გირჩიოთ წამლის მიღება ექვსი თვის განმავლობაში. წამალის არმიღების შემთხვევაში ბაქტერია დარჩება ფილტვებში, რაც  აქტიური ტუბერკულოზით დაავადების მუდმივი საფრთხის მომასწავებელია. ტუბერკულოზური ინფექციის წამალია იზონიაზიდი. თქვენ ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიიღოთ თითო ტაბლეტი.
იზონიაზიდი აბრკოლებს ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის განვითარებას და თავიდან აგაცილებთ აქტიური ტუბერკულოზით დაავადებას. იზონიაზიდი უნდა მიიღოთ რეგულარულად, ყოველდღიურად იმდენი ხნის განმავლობაში, როგორც ექიმი გირჩევთ. მიიღეთ წამალი მშიერ კუჭზე და დააყოლეთ ჭიქა წყალი, ჩაი ან წვენი.
მნიშვნელოვანია ექიმის მიერ რეკომენდებული მკურნალობის სრულის კურსის ჩატარება. თუ თქვენ არ ჩაიტარებთ სრულ კურსს, თქვენ არ იქნებით დაცული ტუბერკულოზისაგან. ყოველთვის იქონიეთ წამლის საკმარისი რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ წამალი ყოველდღიურად და უწყვეტად მიიღოთ ექიმის მიერ განსაზღვრული დროის განმვალობაში.
იზონიაზიდის მიღებას თან ახლავს ე.წ. "გვერდითი მოვლენები", სახელდობრ, კანის, ქავილი, ყაბზობა ან ღვიძლის დაზიანება. ჰკითხეთ თქვენს ექიმს სხვა სიმპტომების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს იზონიაზიდის მიღებას.

რა მოხდება, თუ დამავიწყდება წამლის მიღება ?
   წამლის  ყოველდღიურ მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. დადეთ წამალი ისეთ ადგილზე, სადაც აუცილებლად დაინახავთ. მიიღეთ წამალი ყოველდღე ერთი და იმავე დროს. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, რა უნდა იღონოთ,  თუ დაგავიწყდებათ წამლის მიღება.

კიდევ რა უნდა ვიღონო?
   თვეში ერთხელ უნდა ეწვიოთ ექიმს. ის გამოგიწერთ წამლის ახალ ულუფას და შეამოწმებს, ხომ არა გაქვთ  რომელიმე გვერდითი მოვლენა ან წამლის მიღებასთან დაკავშირებული სხვა რაიმე პრობლემა. თუ თავს კარგად გრძნობთ, ექიმი მოგცემთ დანიშნულებას შემდეგი თვისათვის. მნიშვნელოვანია წამლის მიღების პერიოდში ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე უარის თქმა. ვინაიდან ალკოჰოლი ზრდის ღვიძლის დაზიანების შესაძლებლობას. უნდა მოერიდოთ აგრეთვე აცეტამინოფენის (ტაილენოლის) მიღებას.

შეიძლება  თუ  არა  დავავადდე  აქტიური  ტუბესრკულიოზით მას  შემდეგ,  რაც  მივიღებ წამალს  ექვსი თვის განმავლობაში ?
   ექვსი თვის განმავლობაში წამლის მიღების შემდეგაც კი არსებობს აქტიური ტუბერკულოზით დაავადების მცირეოდენი შესაძლებლობა. ამისი მიზეზია ის გარემოება, რომ ზოგი ადამიანის ორგანიზმი წამლის მიმართ მიუღებლობით ხასიათდება. დაავადების თავიდან აცილება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ცხოვრების წესზე, ტუბერკულოზის ბაქტერიების დასათრგუნავად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმარისი ხანგრძლივობის ძილი, ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი დიეტა.

როგორ მივხვდე, რომ აქტიური ტუბერკულოზით ვარ ავად?
   ზოგჯერ შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, რომ ავად ხართ - იშვიათ შემთხვებში აქტიური ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი თავს სავსებით დამაკმაყოფილებლად გრძნობს. მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია. ჩვეულებრივ, დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება დაღლილობა, აქვს ხველა, რომელიც თავისით არ გაივლის ხოლმე, სხეულის ტემპერატურის მომატება, წონაში დაკლება, შემცივნება, ოფლიანობა ღამ-ღამობით (ე.წ "ღამის ოფლი"). მათ შეიძლება ჰქონდეთ სუნთქვის გაძნელებაც.
   გახსოვდეთ, რომ კიდევაც რომ არ გქონდეთ ეს სიმპტომები, თუ კანის ტესტი დადებითი გაქვთ, თქვენ მაინც დაგჭირდებათ წამლის მიღება იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ ინფექციისაგან.
თუ აქტიური ტუბერკულოზის გამო ჩაიტარეთ სათანადო მკურნალობა და აღარაფერი გაწუხებთ, თქვენ მაინც მთელი ცხოვრების განმავლობაში სისტემატურად უნდა გაიაროთ ხოლმე სამედიცინო შემოწმება და ჩაიტაროთ გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ეს საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენ საბოლოოდ გათავისუფლდით დაავადებისაგან.

როგორ მკურნალობენ აქტიურ ტუბერკულოზს ?
   თუ თქვენ დაგიდგინდათ აქტიური ტუბერკულოზი, ექიმი გამოგიწერთ რამდენიმე წამალს. მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ყველა წამალი  და არ გამოგრჩეთ ერთი დოზაც კი. ეს აუცილებელია პირობაა იმისათვის, რომ მკურნალობამ სასურველი შედეგი გამოიღოს.
   ამ შემთხვევაშიც, სანამ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლებს სვამთ, აუცილებელია, რომ მოერიდოთ ალკოჰოლის ან აცეტამინოფენის (ტაილენოლის) მიღებას. თუ ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში თქვენ განიზრახავთ რაიმე სხვა წამლის მიღებას, აუცილებლად შეუთანხმეთ ეს თქვენს ექიმს.
   მკურნალობისას შეიძლება საჭირო გახდეს ნახველისა და სისხლის რამდენჯერმე გამოკვლევა. ამ გამოკვლევების ჩატარების შესახებ მითითებას ექიმი მოგცემთ.
   დაურეკეთ თქვენს ექიმს მაშინვე, თუ შეამჩნევთ, რომ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომთაგანი:
• მუცლის ტკივილი;
• გამუდმებული უმადობა;
• მუქი (ყავისფერი) შარდი;
• სხეულის ტემპერატურის მომატება;
• გულისრევა;
• გამონაყარი კანზე ან კანის ქავილი; 
• დაბუჟება ან წვის შეგრძნება კიდურებში;
• უმიზეზო დაღლილობა; 
• თვალების ან კანის გაყვითლება;
• მხედველობის გაუარესება.
   ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამლების გამოყენებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ექიმი გირჩევთ რა უნდა იღონოთ ასეთ შემთხვევებში.
წყლული და ჰელიკობაქტერ პილორით დაინფიცირება

 რა არის წყლული ?
   წყლული არის კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის (წვრილი ნაწლავის დასაწყისი მონაკვეთი) კედლის შიგნითა ზედაპირის ამომფენი გარსის მთლიანობის დარღვევა. წყლულის არსებობისას შეიძლება გქონდეთ ტკივილი, წვის შეგრძნება მუცლის არეში. ამავე დროს, მუცლის ტკივილი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად წყლული გაქვთ. თუ თქვენ გაწუხებთ ზემოთ მოხსენიებული სიმპტომები, თქვენმა ოჯახის ექიმმა უნდა ჩაგიტაროთ სათანადო გამოკვლევები, რომ დაადგინოს, გაქვთ თუ არა წყლული.
 
რამდენად საშიშია წყლული ?
   წყლულის მქომე ადამიანთა უმრავლესობას აქვს მხოლოდ ტკივილი მუცლის არეში. ზოგს კი საერთოდ არაფერი აწუხებს. მიუხედავად ამისა, წყლულმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება, მაგალითად სისხლის დენა დაწყლულებული ადგილიდან. თუ წყლული გამწვავდა, ის შეიძლება გაღრმავდეს და გახვრიტოს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის კედელი. წყლულმა შეიძლება შეაფერხოს მიღებული საკვების გავლის პროცესი საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს გულისრევას,  ღებინებას და წონაში დაკლებას.
რატომ ჩნდება წყლული ?
ექიმები ადრე ფიქრობდნენ, რომ წყლულს იწვევს სტრესი ან ისეთი საკვების მიღება, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მჟავას. ეს მოსაზრება სწორი არ აღმოჩნდა. სადღეისოდ დადგენილია, რომ წყლულის გამომწვევია ინფექცია, სახელდობრ, ბაქტერია, რომელსაც ეწოდება "ჰელიკობაქტერ პილორი". გარდა ამისა, წყლული შეიძლება გამოიწვიოს ასპირინის და ანთების საწინააღმდეგო წამლის იბუპროფენის (სავაჭრო დასახელება - ადვილი, ნუპრინი, მოტრინი) ხშირმა გამოყენებამ. აცეტამინოფენი (სავაჭრო დასახელება- ტაილენოლი) არ იწვევს წყლულს.
 
ვინ ავადდება წყლულით?
   ჰელიკობაქტერ პილორით დასნებოვნებულია მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. შესაბამისად, მაღალია წყლულის გავრცელების სიხშირეც, თუმცაღა წყლულით ავადდება დაინფიცირებულ პირთა მხოლოდ ნაწილი. 
 
როგორ განიკურნება წყლული ?
   70-იანი წლებიდან მოყოლებული წყლულის სამკურნალოდ მრავალი წამალი გამოიყენებოდა. ეს წამლები მნიშვნელოვნად აუმჯობესებდნენ წყლულით დაავადებული ადამიანების მდგომარეობას - მათ აღარ აწუხებდათ ხოლმე წყლულის სიმპტომები, მაგრამ ამ წამლების გამოყენებიდან ერთი წლის შემდეგ დაავადებულთა 90%-ს ისევ უვითარდებოდა წყლული. ასე, რომ პაციენტთა უმრავლესობისათვის პრობლემა კვლავ გადაუწყვეტელი რჩებოდა. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ წყლულს ზემოთ მოხსენიებული ბაქტერია იწვევს და შემუშავებული იქნა მკურნალობის სათანადო მეთოდები,  სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. სადღეისოდ, თუ დადგინდა, რომ თქვენ დაინფიცირებული ხართ ჰელიკობაქტერ პილორით, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ განიკურნებით და წყლული აღარ გაგიახლდებათ.
 
როგორ დაადგენს ექიმი, ვარ თუ არა დაინფიცირებული ჰელიკობაქტერ პილორით?
   ინფექციის არსებობის დადგენა შესაძლებელია სისხლის ანალიზის მეშვეობით. აგრეთვე სხვა მეთოდებითაც (მაგალითად, ამონასუნთქი ჰაერის გამოკვლევით). გარდა ამისა, შესაძლოა თქვენმა ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს რენტგენით ან ენდოსკოპით გამოკვლევა, რათა დაადგინოს, რომ თქვენ წყლული გაქვთ.
 
რა წამლები გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ?
   წყლულის სამკურნალო სამი სახის წამალი არსებობს. სამივე კარგად მოქმედებს. თქვენთვის საჭირო წამალს ექიმი შეგირჩევთ. წამალი უნდა მიიღოთ ზუსტად ისე, როგორც ექიმი დაგინიშნავთ.
პირველი სახის წამალი ამცირებს უკვე გამოყოფილი მჟავას რაოდენობას კუჭში. ეს წამალი კურნავს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს 6-8 კვირის განმავლობაში. კუჭის წყლულის განკურნებისათვის კი უფრო მეტი დროა საჭირო - დაახლოებით 8-12 კვირა.
   მეორე სახის წამალი ამცირებს კუჭის უნარს გამოყოს მჟავა. ეს წამალი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის არსებობისას  ეფექტს იძლევა 4 კვირის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, კუჭის წყლულის არსებობისას კი  - 6-8 კვირიის შემდეგ.
   მესამე სახის წამალი წყლულს უქმნის დამცავ გარსს, რომელიც იცავს დაწყლულებულ უბანს კუჭის მჟავასაგან, მისი გამოყენება 8 -12 კვირის განმავლობაშია საჭირო.
 
რა მოხდება, თუ მაქვს წყლული და დაინფიცირებული ვარ ჰელიკობაქტერ პილორით?
   ზემოთ მოხსენიებული წამლები  კურნავენ წყლულს მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა თქვენ დაინფიცირებული ჰელიკობაქტერ პილორით. თუ თქვენ დასნებოვნებული ხართ ამ ბაქტერიით, მაშინ საჭიროა ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარებაც. ამისი საუკეთესო გზაა რამდენიმე წამლის ერთდროულად მიღება, ვინაიდან მხოლოდ ერთი რომელიმე წამალი ინფექციაზე არ იმოქმედებს.
წამლების ერთ-ერთი კომბინაციაა 2 ანტიბიოტიკი და ბისმუტის პრეპარატი ერთდროულად. ამ კომბინაციას ეწოდება "სამმაგი თერაპია". მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებისას ყოველდღიურად ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. არის ეფექტური მკურნალობის სხვა ვარიანტებიც, რომლებიც წამლების უფრო მცირე რაოდენობის გამოყენებას გულისხმობს.  ამა თუ იმ წამლის შერჩევაში ექიმი დაგეხმარებათ.
 
აქვთ თუ არა წამლებს გვერდითი მოვლენები ?
   იმის გამო, რომ თქვენ ერთდროულად რამდენიმე წამლის მიღება მოგიხდებათ, შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება. ჰელიკობაქტერ პილორის საწინააღმდეგო წამლების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ენის ფერის შეცვლა - მისი გაშავება, აგრეთვე შავი განავალი, კუჭის აშლილობა, გულისრევა და თავის ტკივილი. ზოგიერთი წამალი იწვევს უსიამოვნო გემოს პირში. ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ მცირედ არის გამოხატული და თავისით გაივლის ხოლმე.
ჰელკობაქტერ პილორის მოსპობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წამლებს ისე მიიღებთ, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ დაგავიწყდათ რომელიმე წამლის მიღება ან შეწყვიტეთ წამლის მიღება გვერდითი მოვლენების გამო, ინფექციის აღმოფხვრა არ მოხერხდება და მომავალში თქვენ შეიძლება ისევ გაგიჩნდეთ წყლული. თუ შეგაწუხათ წამლის გვერდითმა მოვლენებმა ან რაიმე კითხვა გაგიჩნდათ წამლების მიღებასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი შემოგთავაზებთ ამა თუ იმ საშუალებას გვერდითი მოვლენების შესამცირებლად ან სხვა წამალს დაგინიშნავთ.
 
კიდევ რა ზომების მიღებაა საჭირო?
   წყლულით დაავადებულებს ექიმები წინათ ურჩევდნენ მსუბუქი საკვების მიღებას, რძის ჭარბად სმას და ზოგიერთი საკვები პროდუქტისაგან თავის შეკავებას. სადღეისოდ ცნობილია, რომ ეს ღონისძიებები ზედმეტია. თუ რომელიმე საკვები პროდუქტის მიღების შემდეგ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ნუ მიიღებთ მას. საერთოდ კი მიირთვით ის, რაც გსურთ. განკურნებაში დაგეხმარებათ თამბაქოს წევაზე უარის თქმა, აგრეთვე ასპირინის ან იბუპროფენის მიღების შეწყვეტა. აცეტამინოფენი თქვენთვის უვნებელი წამალია.


 აკნე მოზარდებში: პრობლემის გადაჭრის გზები

რა იწვევს აკნეს?
აკნე, ჩვეულებრივ, მოზარდობის ადრეულ პერიოდში აღინიშნება ხოლმე, როცა ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო მეტი რაოდენობით ცხიმის გამოყოფას იწყებენ. ზოგიერ ადამიანს განსაკუთრებით ჭარბად აქვს კანის `წებოვანი~ უჯრედები. იმ პირებში, რომელთაც აკნე აღენიშნებათ, ეს წებოვანი უჯრედები ცხიმში ერევიან და წარმოქმნიან კონგლომერატს, რომელიც ახშობს კანში არსებულ თმის ფოლიკულებს.
აღნიშნული კონგლომერატი "ჩაიჭერს" ბაქტერიებს და იწვევს მათ დაგროვებას ფოლიკულში, რაც ამ უკანასკნელის შესივების მიზეზი ხდება. ფოლიკულის შესივებული კედელი სკდება კანის ზედაპირთან ახლოს, რაც საბოლოოდ გამონაყარს იწევევს.
  

 რა იწვევს აკნეს მიმდინარეობის გაუარესებას 

§          ცხიმზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები, საცხები მზის აბაზანისათვის, თმის ჟელე და აეროზოლები;

§          სტრესი;

§          მენსტუაცია გოგონებში;

§          ფერიმჭამელას მოჭყლეტა (გამორწყვა);

§          კანის ხანგრძლივად , ძლიერად გახეხვა;

§          მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება კანზე.

 რა არ იწვევს აკნეს

§          ჭუჭყი;

§          საკვები (მაგალითად, შოკოლადი ან შემწვარი კარტოფილი;

§          სექსუალური აქტიურობა;

§          მასტურბაცია.

 ვის აქვს აკნე
   აკნე შეიძლება განუვითარდეს გოგონებსაც და ბიჭებსაც, მაგრამ მისი მიმდინარეობა შეიძლება უარესი იყოს ბიჭებს შორის, რადგან მათ უფრო ჭარბად აქვთ კანის ცხიმი.
გარკვეულ როლს თამაშობს მემკვიდრეობაც. თუ თქვენს დედას ან მამას ჰქონდათ სერიოზული აკნე, ის შეიძლება თქვენც გაგივითარდეთ.
   მნიშვნელობა აქვს თქვენი იმუნური სისტემის მდგომარეობასაც. ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა ბაქტერიების მიმართ, რომლებიც მათი თმის ფოლიკულებში შეაღწევენ.
 
რა სახის გამონაყარია კანზე
   თეთრთავიანი ფერიმჭამელას განვითარებას იწვევს ფოლიკულის დახშობა ცხიმისა და კანის უჯრედებისაგან წარმოქმნილი საცობით. თუ საცობი მიაღწევს კანის ზედაპირს და ჰაერს შეეხება, ის გაშავდება (შავთავიანი ფერიმჭამელა). შავთავიანი ფერიმჭამელა არ არის ჭუჭყით გამოწვეული.
თუ დახშული ფოლიკულის კედელი გასკდება, ამ წერტილში კანი შესივდება და გაწითლდება. ფოლიკულის კედლის ზედაპირთან ახლოს გასკდომა ე.წ. "პაპულას" (მუწუკის) წარმოქმნას იწვევს. ფოლიკულის კედლის კანის სისქეში ღრმად გასკდომისას ვითარდება კვანძები ან კისტები. აღნიშნულს კისტურ აკნეს უწოდებენ.
 
როგორ მკურნალობენ აკნეს?
   აკნეს მკურნალობა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება. მთავარია, დაიმახსოვროთ: დაახლოებით ორი თვეა საჭირო იმისათვის, რომ მკურნალობის შედეგად თქვენი კანი უკეთესად გამოიყურებოდეს. მკურნალობის მეთოდის შერჩევის თაობაზე ესაუბრეთ თქვენს ექიმს.
 
შესაძლებელია, რომ შედეგიანი იყოს ისეთი წამლით მკურნალობა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე იხმარება?
   აკნეს სამკურნალოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება წამლები, რომლებიც არ საჭიროებენ ექიმის მიერ რეცეპტის გამოწერას: ბენზოილის პეროქსიდი, რეზორცინოლი, სალიცილის მჟავა და გოგირდი. თითოეულ მათგანს განსხვავებული მოქმედება აქვს. აღნიშნული წამლები სხვადასხვა ფორმით იყიდება, მაგ., ლოსიონი, კრემი, საპონი, ჟელე, საფენები და სხვა.
   ზოგ ადამიანს ზემოთ მოხსენიებული წამლების გამოყენებისას უვითარდება გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კანის გაღიზიანება, შეწითლება ან წვის შეგრძნება. ზოგჯერ გვერდითი მოვლენები თანდათანობით თავისით ქრება. აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს წამლის გვერდითი მოქმედების შესახებ.
   გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის შედეგად გაუმჯობესებას შესაძლებელია 4-დან 8 კვრამდე დასჭირდეს. თუ ზემოთ მოხსენიებული წამლები (რომლებიც რეცეპტს არ საჭიროებენ) არ გიშველით 2 თვის განმავლობაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
 
რა შეიძლება გამოწეროს ექიმმა?
   თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტიბიოტიკი, რომელიც ძალზედ ეფექტური გამოდგება აკნეს სამკურნალოდ. აღნიშნული წამალი დასალევად ან ლოსიონის, კრემის, ან ჟელეს სახით დაგენიშნებათ.
აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება აგრეთვე ე.წ. რეტინოიდები; მაგალითად, ტრეტინოინი (სავაჭრო დასახელებები: რეტინ-ა, ავიტა, კრემი ალიტინაკი) და ადაპალენი (სავაჭრო დასახელება: დიფერინი). ეს წამლები გამოიყენება კანში შესაზელად დღეში ერთხელ. შეეცადეთ კრემი არ მოგხვდეთ თვალის და პირის სიახლოვეს, აგრეთვე ცხვირის ნესტოების ქვემო მიდამოში.
   თუ თქვენ რეტინოიდებს იყენებთ, მოერიდეთ მზის სხივებს; გამოიყენეთ მზის სხივებისგან დამცავი საიმედო საშუალებები, რადგან რეტინოიდების ხმარებისას შეიძლება სერიოზული მზის დამწვრობა მიიღოთ.
 
როგორ ხდება კისტური აკნეს მკურნალობა?
   იზოტრეტინოინი (აკუტანი) შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მძიმე კისტური აკნეს სამკურნალოდ, როცა მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტურია. აღნიშნული წამალი წარმოადგენს აბს, რომელიც დღეში ერთხელ უნდა დალიოთ 15-20 კვირის განმავლობაში.
   გოგონებში იზოტრეტიონინმა, ორსულობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები და ორსულობის შეწყვეტა (მუცლის მოშლა). ამიტომაც აღნიშნული წამლის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ გოგონა ღებულობს დასახელებულ წამალს, მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები (საიმედოობისათვის სასურველია ორი საშუალების გამოყენება) ან შეწყვიტოს სქესობრივი კავშირი, რათა აირიდოს ორსულობა. ეს უკანასკნელი დაუშვებელია იზოტრეტიონის მიღების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში, შემდგომში წამლის მიღების დროს და წამლის მიღების შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში. 
 
იწვევს თუ არა აკნე ნაწიბურებს?
   აკნეს, განსკუთრებით კისტურს, შეუძლია გამოიწვიოს ნაწიბურების გაჩენა. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ნაწიბურები, მაგრამ არა ფერიმჭამელების გამორწყვით. ასევე, მოერიდეთ კანის ხეხვას. თუ გაგიჩნდათ ნაწიბურები, მათი მკურნალობა შესაძლებელია.
დაბრუნდი სარჩევში

მწვავე ბრონქიტი


რა არის მწვავე ბრონქიტი?
   მწვავე ბრონქიტი არის ბრონქების (ე.წ. "ბრონქული ხის") ინფექცია და მწვავე ანთება. ბრონქული ხე შედგება მილებისგან (ბრონქებისგან), რომელთა გავლითაც ჰაერი თქვენს ფილტვებში შეაღწევს. ბრონქების ინფიცირებისას მათი კედლები შეშუპდება და დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს ლორწოს. აღნიშნულის გამო გაგიძნელდებათ სუნთქვა,  შეიძლება დაგეწყოთ ხველა ლორწოვანი ნახველით და მსტვინავი ხიხინი (სტვენის ხმიანობა ამოსუნთქვისას).

რა იწვევს მწვავე ბრონქიტს?
   მწვავე ბრონქიტის მიზეზი თითქმის ყოველთვის ვირუსია, რომელიც აზიანებს ბრონქების კედლის შიდა შრეს და იწვევს მის დაინფიცირებას. თქვენი ორგანიზმი იწყებს ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლას, რისი შედეგიცაა ბრონქების კედლის შიდა შრის შეშუპება და ლორწოს დიდი რაოდენობით გამომუშავება. ორგანიზმს გარკვეული დრო სჭირდება, რომ გაანადგუროს ვირუსები და მოაშუშოს დაზიანებული ბრონქები.
   შემთხვევათა უმრავლესობაში მწვავე ბრონქიტის მიზეზი ის ვირუსებია, რომლებიც გაცივებას იწვევს ხოლმე. დადგენილია, რომ ბატერიული ინფექცია ბრონქიტის დროს შედარებით იშვიათია, ვიდრე ამას ტრადიციულად ვარაუდობდნენ. გამონაკლის შემთხვევებში მწვავე ბრონქიტის მიზეზი შეიძლება სოკოვანი ინფექცია იყოს.
 

როგორ ემართებათ ადამიანებს მწვავე ბრონქიტი?
   მწვავე ბრონქიტის გამომწვევი ვირუსები ხველის დროს ვრცელდება ჰაერში ან "ეფინება" იმ ადამიანის ხელებს, რომელიც ახველებს. მწვავე ბრონქიტი შეიძლება დაგემართოთ, თუ ჩაისუნთქავთ ასეთი ვირუსების შემცველ ჰაერს. ბრონქიტის გამომწვევი ვირუსებით შეიძლება დაინფიცირდეთ, თუ შეეხებით ხელს, რომელიც დაფარულია ვირუსებით.
   თუ თამბაქოს ეწევით ან მავნე აირების ჩასუნთქვა გიწევთ (მაგალითად, ქიმიურ ქარხანაში მუშაობისას), უფრო მეტია იმისი ალბათობა, რომ თქვენ ავად გახდებით მწვავე ბრონქიტით, რომლის მიმდინარეობაც ხანგრძლივი იქნება. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ თამბაქოს წევის შედეგად თქვენ ბრონქები უკვე  დაზიანებული გაქვთ.
 

როგორ მკურნალობენ მწვავე ბრონქიტს?
   მწვავე ბრონქიტი უმრავლეს შემთხვევებში თავისით გაივლის რამდენიმე დღეში ან ერთ კვირაში. იმის გამო, რომ მწვავე ბრონქიტის გამომწვევი, როგორც წესი, ვირუსია,  ანტიბიოტიკების (წამლები, რომლებიც ბაქტერიებს კლავენ) გამოყენება უშედეგოა.  ანტიბიოტიკები არც მაშინ დააჩქარებენ თქვენს გამოჯანსაღებას, როცა შესქელებულ ნახველს გამოჰყოფთ ხოლმე (შესქელებული ნახველის დროს ამ წამლებს ხშირად იყენებენ ექიმის კონსულტაციის გარეშე).
   თუ თამბაქოს ეწევით, აუცილებლად მინიმუმამდე უნდა შეამციროთ მოწეული სიგარეტების რაოდენობა ან საერთოდ უნდა მიატოვოთ თამბაქოს წევა. ეს დაეხმარება თქვენს ბრონქებს უფრო სწრაფად მოშუშებაში და ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში.
   ზოგიერთ ადამიანს მწვავე ბრონქიტის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება ასთმის წამალი დაუნიშნოს. ეს წამლები ბრონქების სანათურის გაფართოებას და ბრონქების ლორწოსგან გათავისუფლებას უწყობს ხელს. ასეთი წამლები საინჰალაციო (შესასხურებელი) ფორმით გამოიყენება. სპეციალური შემასხურებელი წამალს ბრონქულ ხეში შეაფრქვევს. მსგავსი წამლის დანიშვნის საკითხი ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. სწორედ მან უნდა გირჩიოთ, გჭირდებათ თუ არა თქვენ ასეთი მედიკამენტი.
 

რამდენ ხანს გასტანს ხოლმე მწვავე ბრონქიტით გამოწვეული ხველა?
   ზოგჯერ მწვავე ბრონქიტით გამოწვეული ხველა რამდენიმე კვირა, ზოგჯერ კი რამდენიმე თვე გასტანს ხოლმე. ჩვეულებრივ, ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ბრონქების მოსარჩენად დიდი ხანია საჭირო. თუმცა, დიდ ხანს გაგრძელებული ხველა შეიძლება სხვა დაავადების გამოვლინებაც იყოს, სახელოდბრ, ასთმის ან ფილტვების ანთებისა.
   ქვემოთ ჩამოთვლილია ნიშნები, რომელთა აღმოცენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:

    

 დაუყოვნებლივ მიმარტეთ ექიმს, თუ:

§          ხველა და მსტვინავი სუნთქვა თვეზე მეტხანს გაგიგრძელდათ, განსაკუტრებით მაშინ, თუ გახველებთ ღამით ან ფიზიკური დატვირთვის დროს;

§          თვეზე მეტხანს გასტანა ხველამ, რომლის დროსაც ზოგჯერ ნახველთან ერთად პირის ღრუში ცუდი გემოს მქონე სითხეს შეიგრძნობთ;

§          გახველებთ, თავს ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობთ და გაქვთ მაღალი სიცხე, რომელიც დაბლა არ იწევს;

§          ნახველში სისხლია შერეული;

§          გიჭირთ სუნთქვა, როცა წევხართ;

§          ფეხები გიშუპდებათ.  

 როგორ ავიცილო თავიდან მწვავე ბრონქიტით განმეორებით დაავადება?
   თუ თამბაქოს ეწევით, მწვავე ბრონქიტისაგან საუკეთესო დაცვა იქნება წევის მიტოვება. თამბაქოს წევა აზიანებს ბრონქულ ხეს, რაც აიოლებს ვირუსული ინფექციის განვითარებას. ამასთან, თამბაქოს წევა აფერხებს ბრონქების მოშუშების პროცესს, ამიტომ თქვენს გამოჯანსაღებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. მწვავე ბრონქიტის თავიდან აცილების კიდევ ერთი გზა შეიძლება იყოს ხელების ხშირად დაბანა, რათა ჩამოიბანოთ და მოიშოროთ ვირუსები, რომლებითაც შეიძლება თქვენი ხელები იყოს დაფარული.

დაბრუნდი სარჩევში


ალერგია
 

რა იწვევს ალერგიას?
   ალერგიას უწოდებენ ორგანიზმის გადაჭარბებულ რეაქციას იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობისთვის არავითარ პრობლემას არ ქმნის. ამ ნივთიერებებს ალერგენებს უწოდებენ. ჰაერში არსებული ალერგენების მიმართ განვითარებულ ალერგიულ რექციას თივის ცხელებასაც უწოდებენ ხოლმე. ქვემოთ მოცემულია ალერგიის სიმპტომები, რომელსაც იწვევს ალერგენის მიმართ თქვენი ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია.


ალერგიის სიმპტომები
·         სურდო;

·         ცრემლდენა;

·         ქავილი ცხვირის,თვალების არეში,პირის ღრუში;

·         ცემინება;

·         ცხვირის გაჭედვა;

·         ზეწოლის შეგრძნება სინისების არეში;

·         ყურების „შეგუდედის“ და „დაცობის“ შეგრძნება;

·         მუქი რკალები თვალების ქვემოთ;

·         ჭინჭრის ციება.  
 
რომლებია ყველაზე გავრცელებული ალერგენები?

ხეების, ბალახების და ყვავილების მტვერი. ალერგია, რომელიც გაზაფხულზე ვითარდება, ძირითადად ხეების მტვერით არის გამოწვეული. ზაფხულში განვითარებული ალერგიის მიზეზი ხშირად ბალახის მტვერია. შემოდგომაზე კი ალერგიას, როგორც წესი, ამბროზიის მტვერი იწვევს.
ობი. ობი უმთავრესად ისეთ ადგილებში გვხდება, სადაც წყალი გროვდება ხოლმე, მაგალითად საშხაპის ფარდები, ფანჯრის ჩარჩოები და ნესტიანი სარდაფები. ის შეიძლება განვითარდეს ლპობაშეპარულ მორებზე, თივაში, მულჩზე, ქარხნულად დამზადებულ ტორფზე, ხავსზე, დაპრესილ ბალახზე, ფოთლებზე. ალერგია ობის მიმართ, ჩვეულებრივ, მწვავდება ნესტიან და წვიმიან დღეებში.
ცხოველების ქერტლი. ცხოველების კანის ქსოვილის ნაწილაკები და თმები ალერგენს წარმოადგენს. ცხოველის ქერტლთან შეხება ხდება, როცა უვლით ან ეთამაშებით ცხოველს, ან როცა ეხებით ოთახის მტვერს, რომელიც შეიცავს ცხოველის ქერტლს (კანის ნაწილაკებს და თმებს).
მტვერი. მტვერი მრავალ ალერგენს შეიცავს, მათ შორის მტვრის ტკიპებს. მტვრის ტკიპები ძალიან მცირე ზომის ცოცხალი არსებებია, რომლებიც გვხვდება საწოლის თეთრეულში, ლეიბებში, ხალიჩებზე და რბილ ავეჯზე. ისინი ცხოვრობენ კანის მკდარ უჯრედებზე და ოთახის მტვერში არსებულ სხვა ნაწილაკებზე.             
                       
ქვემოთ ჩამოთვლილმა შეიძლება გააუარესოს ალერგიის სიმპტომები:  

·         აეროზოლები; 
 
·         ჰაერის დაბინძურება; 
 
·         დაბალი ტემპერატურა;

·         ტენიანობა;

·         გამაღიზიანებელი აირები/ბოლი; 
·         თამბაქოს წევა; 
·         შეშის წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი.
                            
როგორ ავარიდოთ თავი ალერგენებს?
მცენარეების მტვერი. ძილის წინ აბაზანის ან შხაპის მიღება დაგეხმარებათ ჩამოიბანოთ კანიდან და თმიდან მცენარეული მტვერი და სხვა ალერგენები. მოერიდეთ გარეთ გასვლას მშრალ და ქარიან დღეებში. ფანჯრების და კარის დახურვა და ჰაერის კონდიცირების სისტემის გამოყენება (როგორც ბინაში ისე ავტომობილში) შეიძლება დაგეხმაროთ მცენარეულ მტვერთან შეხების თავიდან აცილებაში.
ობი. ობის რაოდენობის შემცირება ბინაში შეგიძლიათ ოთახის მცენარეების მოცილებით, საშხაპის ფარდების, აბაზანის ფანჯრების, ნესტიანი კედლების და შენობის შიგნით გამოყენებული ნაგვის ჭურჭლის ხშირი რეცხვით. რეცხვისას გამოყენეთ წყლისა და ქლორის ნარევი ობის სოკოების დასახოცად.
არ დააგოთ ხალიჩა სააბაზანოში და სხვა ნესტიან ოთახებში. აგრეთვე, გამოიყენეთ ობის მიმართ მედეგი საღებავი და არა შპალერი. დასწიეთ ტენიანობა თქვენს ბინაში 50%-ზე ქვემოთ.
ცხოველების ქერტლი. თუ საკმაოდ ძლიერი ალერგია გაქვთ, შეიძლება მოგიწიოთ ცხოველების მოცილება, ან მათი სახლის გარეთ შენახვა. კატის ან ძაღლის ქერტლი ხშირად ოთახის მტვერშია ხოლმე და მის განადგურებას 4 კვირა და მეტი ხანიც სჭირდება. ასე, რომ ცხოველების მცირე ვადით მოშორებამ შეიძლება შედეგი არ გამოიღოს.
მტვერი. მტვრის და მტვრის ტკიპების რაოდენობის შემცირება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების გამოყენების გზით.
ქვემოთ ჩამოთვლილია რჩევები დაგეხმარებათ შეამციროთ ბინაში მტვერი და მტვრის ტკიპების რაოდენობა: 
   

-         ნუ გამოიყენებთ ფარდაგებს,ავეჯის შალითებს, ბუმბულის ბალიშებს, საბნებს და სათამაშოებს, რომლებიც არ ირეცხება; 

-         ხალიჩები ლინოლეუმით ან ხიტ შეცვალეთ, უმჯობესია ლაქიტ დაფარული ხის იატაკი;
 -         ხშირად მორეცხეთ იატაკი სველი ჯაგრისიტ და მოამშრალეთ მშრალი ნაჭრით; 
-         ხშირად გაწმინდეთ ოთახი მტვერსასრუტით, რომელსაც აქვს განსაკუთრებით წვრილი ნაწილაკების დამჭერი ფილტრი; გაწმინდეთ მტვერსასრუტით იატაკი, რბილი ავეჯი და ფარდები; 
-         დაამონტაჟეთ ჰაერის გამწმენდი, რომელსაც აქვს განსაკუთრებით წვრილი ნაწილაკების დამჭერი ელექტროსტატიკური ფილტრი;  

რა წამლები უნდა მივიღო, რომ "მოვიხსნა" ალერგიის სიმპტომები?
ანტიჰისტამინური პრეპარატები
ამცირებს ცემინებას, სურდოს და ალერგიულ ქავილს. ანტიჰისტამინური წამლები უფრო ეფექტურია, თუ მათ ალერგენთან შეხებამდე მიიღებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ანტიჰისტამინური პრეპარატები იწვევს ძილიანობას და პირის სიმშრალეს. აღნიშნული სიმპტომები წამლის რეგულარულად მიღების შემთხვევასი 1-2 კვირაში გაივლის. არსებობს ამ ჯგუფის წამლები, რომლებიც ნაკლებად იწვევს ზემოთ აღნიშნულ გვერდით მოვლენებს. ასეთი წამლების დასანიშნად აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სურდოს საწიააღმდეგო პრეპარატები დაგეხმარებათ დროებით "გაიშროთ" ალერგიით გამოწვეული სურდო. ამ ჯგუფის წამლები მზადდება აბების, წვეთების ან ცხვირში შესასხურებელი აეროზოლის სახით. მათი გამოყენება ხანმოკლე უნდა იყოს. ცხვირის წვეთები და აეროზოლები არ უნდა გამოიყენოთ 3 დღეზე მეტ ხანს, რადგან შესაძლებელია დამოკიდებული გახდეთ ამ წამლებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ, როცა მათ მიღებას შეწყვეტთ, თქვენი მდგომარეობა გაუარესდება
სურდოს საწინააღმდეგო წამლებმა შეიძლება არტერიული წნევის მომატება გამოიწვიოს, ამიტომ მათი გამოყენების დაწყებამდე ექიმს მიმართეთ რჩევისთვის.
კრომოლინ-ნატრიუმი წარმოადგენს ცხვირში შესასხურებელ აეროზოლს, რომელიც ალერგიის სიმპტომებს ამცირებს. ეს წამალი ორგანიზმს ეხმარება თავიდან აიცილოს ალერგიული რექციის განვითარება. წამლის ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირის შემდეგ. კრომოლინ-ნატრიუმი ექიმმა შეიძლება იმ შემთხვევაში დაგინიშნოთ, როცა მძიმე ალერგია გაქვთ ან თუ სხვა წამლები შედეგს არ იძლევა.
სტეროიდების შემცველი ცხვირის აეროზოლი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის რექციას ჩასუნთქული ალერგენების მიმართ. ის ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნას, რაც სუნთქვას გაგიადვილებთ.
სტეროიდი ექიმმა შეიძლება აბების სახითაც დაგინიშნოთ ხანმოკლე დროით. შესაძლებელია ექიმმა სტეროიდის ერთი ინექციაც გაგიკეთოთ, როცა ალერგიის სიმპტომები ძალიან ძლიერია ან, როცა სხვა წამლები უეფექტოა.
 
რა არის იმუნოთერაპია?
იმუნოთერაპიის მიზანია "გაათავისუფლოს" ორგანიზმი ალერგენების მიმართ გადაჭარბებული რეაქციისაგან. იმუნოთერაპიის დროს ორგანიზმში შეჰყავთ მცირე რაოდენობით ალერგენი წინასწარ განსაზღვრული დროის ინტერვალებით. ამ დროს თქვენი ორგანიზმი "ეჩვევა" ალერგენს და აღარ პასუხობს მასთან შეხებას გადაჭარბებული (ალერგიული) რექციით.
იმუნოთერაპია მხოლოდ მაშინ ტარდება, როცა შესაძლებელია ალერგენის დადგენა და თქვენ არ შეგიძლით თავი აარიდოთ ალერგენთან შეხებას. მკურნალობამ შეიძლება რამდენიმე თვე, წლები ან მთელის სიცოცხლის მანძილზეც კი გასტანოს.

შაქრიანი დიაბეტი
 

რა არის შაქრიანი დიაბეტი ?
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება,  რომლის მიზეზია:
1. ორგანიზმში ერთ-ერთი ჰორმონის – ინსულინის – არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება ან
2. გამომუშავებული ინსულინის არასათანადო მოხმარება ორგანიზმის მიერ.
შაქრიანმა დიაბეტმა, თუ პაციენტს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება, შეიძლება გამოიწვიოს დაბრმავება, გულისა და სისხლძარღვების დაზიანება, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, თირკმლების უკმარისობა, ქვედა კიდურების ისეთი დაზიანება, რომლის გამოც, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს კიდურის ამპუტაცია (მოკვეთა).   
იმათ შორის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, დიაგნოზი მხოლოდ ნახევარს აქვს დასმული. ამისი მიზეზია ის გარემოება, რომ დიაბეტის ადრეულ სტადიებზე ავადმყოფობის ნიშნები უმნიშვნელოდ ან სულაც არ არის გამოხატული.
 

რა სიმპტომები არის დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტისთვის?
დიაბეტის ადრეული სიმპტომებია:  
• გაძლიერებული წყურვილი;
• შარდვის გახშირება;
• წონაში უმიზეზოდ დაკლება;
• მხედველობის გაუარესება;
• უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება, უძილობა; 
• კიდურების დაბუჟების და გახევების შეგრძნება; 
• კანის, ღრძილების, შარდის ბუშტის ხშირი, რეციდივული ინფექციური დაზიანება.
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ამ სიმპტომთაგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს!!!
 

ვის ემუქრება შაქრიანი დიაბეტით დაავადება ?
   შაქრიანი დიაბეტის ადრეულ სტადიაზე სიმპტომები უმნიშვნელოდ არის გამოხატული. ასე, რომ თქვენ შეიძლება ეჭვიც არ შეგეპაროთ დაავადების არსებობაზე. ამავე დროს, შესაძლოა გაგიუარესდეთ მხედველობა, დაგიავადდეთ თირკმლები, გული და სისხლძარღვები. სწორედ ამიტომ არის საჭირო სიფრთხილე და იმისი ცოდნა, გემუქრებათ თუ არა დიაბეტით დაავადების საფრთხე. ამ საფრთხის დამადასტურებელი გარემოებებია:
• თქვენი ასაკი აღემატება 45 წელს;
• გაქვთ ჭარბი წონა;
• არ ვარჯიშობთ რეგულარულად;
• თქვენს მშობლებს ან და-ძმას აქვთ დიაბეტი;
• თქვენ გააჩინეთ ბავშვი, რომლის დაბადების წონაც აღემატებოდა 4 კგ-ს ან ფეხმძიმობის დროს დაგიდგინდათ "ორსულთა დიაბეტი".

   თუ თქვენ აღგენიშნებათ, რომელიმე ზემოთ ჩამოთლილი რისკფაქტორი,  ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სათანადო გამოკვლევის  ჩატარება. უფრო მეტიც, თუ თქვენი ასაკი არ აღემატება 45 წელს, მაგრამ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე რისკის ფაქტორი, გამოკვლევა მაშინაც საჭიროა. მოეთათბირეთ თქვენს ექიმს რისკის ფაქტორებისა და პერიოდული გამოკვლევების გეგმის თაობაზე.
 

რა გამოკვლევები უნდა ჩამიტარდეს შაქრიანი დიაბეტის დასადგენად?
   თქვენ გამოგიკვლევენ სისხლში შაქრის რაოდენობას უზმოზე. გამოკვლევის ჩატარების წინა დღეს სადილის შემდეგ საკვები არ უნდა მიიღოთ. ნორმაში სისხლში შაქრის რაოდენობა 110 მგ%-ზე ნაკლებია.  თუ გამოკვლევის შედეგი 125 მგ%-ს აღემატება, ეს მიუთითებს დიაბეტის არსებობის შესაძლებლობაზე. თუმცა ეჭვის დასადასტურებლად თქვენ კიდევ ორი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ ორ სხვადასხვა დღეს. თუ ამ გამოკვლევის შედეგებიც 125 მგ%-ს აღემატება, მაშინ დიაბეტის დიაგნოზი დადგენილად უნდა ჩაითვალოს. თუ სისხლში შაქრის რაოდენობა 110 მგ%-დან 125 მგ%-მდე მერყეობს, თქენ დიაბეტით დაავადების მაღალი რისკი გაქვთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოზის დადგენა?

   ძალიან ხშირად შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები დაავადების დაწყებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ ვლინდება. ამ მომენტისათვის ზოგ პაციენტს უკვე დაზიანებული აქვს თვალები, თირკმლები, ღრძილები და ნერვები. დიაბეტის მორჩენა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს გართულებების განვითარების რისკის შემცირებისა და, შესაბამისად, ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობა. თუ ფიზიკურად ივარჯიშებთ, დაიცავთ დიეტას, გააკონტროლებთ წონას და მიიღებთ ექიმის დანიშნულ წამალს, თქვენ თავიდან აიცილებთ ან მნიშვნელოვნად შეამცირებთ დაავადებით განპირობებულ ზიანს. ამასთან, რაც უფრო ადრე გეცოდინებათ, რომ გაქვთ დიაბეტი,  მით უფრო წარმატებული იქნება მკურნალობა. 

რა დამატებითი ინფორმაცია მჭირდება კიდევ შაქრიანი დიაბეტის შესახებ?
   თქვენი ოჯახის ექიმი მოგცემთ რეკომენდაციებს დიეტის, ფიზიკური ვარჯიშის შესახებ, აგრეთვე დაგეხმარებათ პერიოდული გამოკვლევების გეგმის შედგენაში.

შაქრიანი დიაბეტი:  I ტიპი
 

რა არის I ტიპის შაქრიანი დიაბეტი?
   ადამიანის ორგანიზმი საკვების უმეტეს ნაწილს აქცევს შაქრის ერთ-ერთ სახეობად ე.წ. "გლუკოზად". ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს გლუკოზის შეღწევას უჯრედებში, სადაც ის ენერგეტიკულ მასალად გამოიყენება. I ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუმუშავებს ინსულინის სათანადო რაოდენობას. ამის გამო გლუკოზა გროვდება სისხლში, რაც არასასურველი ცვლილებლების განვითარების მიზეზი ხდება.
   I ტიპის დიაბეტს ხშირად უწოდებენ ხოლმე "ინსულინდამოკიდებულ შაქრიან დიაბეტს", აგრეთვე "იუვენილურ (ახალგაზრდულ) შაქრიან დიაბეტს". ამ უკანასკნელი დასახელების გავრცელების მიზეზი ის არის, რომ ამ ტიპის დიაბეტით, ზრდასრული პირების გარდა, ხშირად ავადდებიან ბავშვები და მოზარდები.
 

რა პრობლემები შეიძლება განაპირობოს I ტიპის შაქრიანმა დიაბეტმა?
   თუ თქვენ გაქვთ I ტიპის დიაბეტი, შეიძლება დაგიზიანდეთ გული,  თირკმლები,  თავის ტვინი, ნერვები, სისხლძარღვები, თვალები, ღრძილები. ეს დაზიანებები 2-4 - ჯერ ხშირია დიაბეტით დაავადებულებს შორის, შედარებით იმ კონტინგენტთან, რომელსაც დიაბეტი არა აქვს. მაგალითად, არანამკურნალებმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ქვედა კიდურებში სისხლის მოძრაობის შეფერხება და კიდურის სისხლით მომარაგების ისეთი გაუარესება, რომ საჭირო გახდეს კიდურის ამპუტაცია. თუ თქვენ არ ასრულებთ ექიმის რჩევებს, ანუ არ იტარებთ სამკურნალო ღონისძიებებს, I ტიპის დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს კომა (უგონო მდგომარეობა), და გიმსხვერპლოთ კიდეც. ამავე დროს, სადღეისოდ არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომელთა გულდასმით გამოყენება შეიძლება დაგეხმაროთ დიაბეტთან დაკავშირებული უსიამოვნებების თავიდან აცილებაში.
 

როგორ შეიძლება დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება ?
   შაქრიანი დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ექიმის რჩევები დიეტისა და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ. გულდასმით უნდა შეასრულოთ ექიმის მითითებები  ინსულინით მკურნალობის შესახებ. თქვენ არ უნდა ეწეოდეთ თამბაქოს,  უნდა ადევნოთ თვალი სისხლის წნევის მაჩვენებლებს, სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ თქვენ შეასრულებთ ამ მითითებებს, დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების განვითარების ალბათობა  შეიძლება 75 % -ით შემცირდეს.
 

როგორი საკვებს უნდა მივიღო ?
   პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთათვის საუკეთესოა  ცხიმის მცირე რადენობის შემცველი, ნაკლებად მარილიანი და ნაკლებად შაქრიანი საკვები. იგი შეიცავს რთულ (ძნელად შეთვისებად) ნახშირწყლებს (შავი პური, კარტოფილი, ბურღულეული), ხილს და ბოსტნეულს. ასეთი დიეტა დაგეხმარებათ სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობის მოწესრიგებაში, ასევე სოსხლის წნევის ნორმული დონის შენარჩუნებაში.   ასევე მნიშვნელოვანია აკონტრლოთ თქვენი საკვების რაოდენობა ისე,  რომ შეინარჩუნოთ ნორმალური წონა.
 

როგორ ვაკონტროლო შაქრის დონე სისხლში ?
  შაქრიანი დიაბეტის I ტიპით დაავადებისას სისხლში შაქრის  ნორმალური დონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ინსულინი. ექიმი აგიხსნით, როგორ და როდის უნდა მიიღოთ ინსულინი.
   დიაბეტის პირველი ტიპის მქონე პაციენტისათვის მიზანშეწონილია ხანმოკლე მოქმედების ინსულინის გამოყენება ჭამის წინ. თქვენ შეგიძლიათ  განსაზღვროთ ინსულინის დოზა იმის მიხედვით, თუ  რამდენ კალორიას ღებულობთ და რა სახის ფიზიკური აქტიურობა გაქვთ დაგეგმილი მომდევნო 3-4 საათის განმავლობაში. დიაბეტის I ტიპის მქონე პაციენტთა უმრავლესობას ესაჭიროება დაახლობით 8-10 ერთეული ინსულინი ყოველ 500 კალორიაზე.  (ყოველდღიური დიტა საშუალოდ შეიცავს 2,000 დან  2.500-მდე კალორიას) . თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ინსულინის ოდნავ მეტი ან ნაკლები რაოდენობა, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ რეაგირებს თქვენი ორგანიზმი  ინსულინზე.
ღამე სისხლში შაქრის მომატების თავიდან ასაცილებლად  პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანთა უმრავლესობას ესაჭიროება შუალედური მოქმედების ინსულინის გამოყენება ძილის წინ. თქვენმა ექიმმა თქვენთან ერთად უნდა განსაზღვროს  ინსულინის ის რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოთ ძილის წინ.
 

როგორ დავადგინო, რომ სისხლში შაქრის დონე მეტისმეტად მაღალი მაქვს ?
   სისხლში შაქრის კონტროლსთვის საუკეთესო საშუალებაა დღეში სულ მცირე 3-ჯერ შემოწმება ღამის ჩათვლით.
 

რა უნდა ვიღონო, თუ სისხლში შაქარის დონე მეტისმეტად მაღალია ?
   თუ სისხლში შაქარი ნორმაზე მაღალია,  თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის დამატებითი დოზის მიღება, რათა სისხლში შაქარი ნორმალურ დონეს დაუბრუნდეს. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, თუ რა რაოდენობის ინსულინის მიღებაა საჭირო სისხლში შაქრის დონის დასაწევად.
 

რა არის სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები ?
   პაციენტებს, რომელნიც ინსულინით მკურნალობენ, ზოგჯერ შაქრის დონე სისხლში შეიძლება მეტისმეტად დაუქვეითდეთ. სისხლში შაქრის დაბალ დონეს ეწოდება ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიის ნიშნებია:
• უმიზეზო დაღლილობის შეგრძნება;
• მთქნარება;
• აზროვნების დაბინდვა, მეტყველების გაძნელება;
• კუნთების კოორდინაციის დაქვეითება;
• ოფლიანობა;
• კუნთთა თრთოლვა - კანკალი;
• გულის წასვლის შეგრძნება;
• სიფერმკრთალე.
   თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანთაგანი, მაშინვე შეჭამეთ ან დალიეთ ტკბილი – მაგალითად თაფლი, ხილი, ტკბილეული, წვენი.
   აუცილებლად ასწავლეთ თქვენს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს რა ზომების მიღებაა საჭირო ჰიპოგლიკემიის დროს. საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა შეეძლოთ თქვენთვის დახმარების აღმოჩენა. გარდა ამისა, მუდმივად იქონიეთ სახლში გლუკაგონის მარაგი. გლუკაგონი ზრდის შაქრის დონეს სისხლში. თუ თქვენ უგონოდ ხართ, ან ვერ ღებულობთ საკვებს,  სასმელს, ვინმემ უნდა გაგიკეთოთ გლუკოზის ინექცია, რაც სისხლში შაქრის დონეს ნორმალურს გახდის.
 

როგორ შეიძლება თავიდან ავიცილო დიაბეტის გართულებები ?
   ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, თუ გაქვთ პირველი ტიპის დიაბეტი.
• შეეცადეთ, რომ სისხლის წნევის მაჩვენებლები არ აღემატებოდეს 130/85 მმ ვწყს;
• შეეცადეთ, რომ ქოლესტერინის დონე სისხლში 200 მგ%-ზე დაბალი იყოს; 
• ყოველდღიურად შეიმოწმეთ ქვედა კიდურები, ხომ არა გაქვთ დაზიანება, ინფექცია; 
• ყოველწლიურად შეიმოწმეთ მხედველობა; 
• წელიწადში ორჯერ შეამოწმებინეთ სტომატოლოგს კბილებისა და ღრძილების მდგომარეობა.
 

შევძლებ ნორმალურ ცხოვრებას, თუ დიაბეტი აქვს ?
დიახ, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ნორმალური ცხოვრებით. გახსოვდეთ, მრავალ წარმატებულ ათლეტსა და სხვა პროფესიის ადამიანს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ჯანმრთელი, თუ გააკეთებთ იმას, რაც საჭიროა დიაბეტის კონტროლისთვის.

 შაქრიანი დიაბეტი:  II ტიპი

რა უნდა იცოდეთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შესახებ?

რა არის მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ?
   შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის განვითარების მიზეზია ორგანიზმში ერთ-ერთი ჰორმონის - ინსულინის არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავება ან გამომუშავებული ინსულინის არასწორად გამოყენება.  ინსულინი აუცილებელია სისხლში გლუკოზის (შაქრის) შემცველობის ნორმულ დონეზე შენარჩუნებისათვის. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე მეტისმეტად მაღალია. ბავშვები, ჩვეულებრივ, შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპით ხდებიან ავად, რაც ნიშნავს, რომ მათი ორგანიზმი  საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს ან გამოიმუშავებს მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით. მოზრდილებს, ჩვეულებრივ, მეორე ტიპის დიაბეტი ემართებათ, რაც ნიშნავს,  რომ  მათი ორგანიზმი ინსულინს ან არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს, ან გამომუშავებულ ინსულინს სწორად ვერ იყენებს.
 

როგორ მკურნალობენ შაქრიან დიაბეტს ?
   შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მიზანია სისხლში შაქრის შემცველობის ნორმული ან ნორმასთან მიახლოებული დონის შენარჩუნება. მკურნალობის პირველი ეტაპია სპეციალური დიეტა და ფიზიკური ვარჯიში. ამ ღონისძიებების გამოყენება აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგიხდებათ საზრდოს მიღებასთან და ფიზიკურ აქტიურობასთან დაკავშირებული ჩვევების მნიშვნელოვნად შეცვლა. გარდა ამისა, აუცილებელია წონის კონტროლი, ხოლო თუ ჭარბი წონა (სიმსუქნე) გაქვთ - წონაში დაკლება. ეს ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას. თქვენი ოჯახის ექიმი დაგარიგებთ, თუ რა სახის საკვები და რა რაოდენობით უნდა მიიღოთ ყოველდღიურად, აგრეთვე მოგცემთ რჩევას, რა სიხშირით, ხანგრძლივობითა და ინტენსიურობით უნდა ივარჯიშოთ.
   ზოგჯერ მხოლოდ დიეტა და ვარჯიში  არ არის საკმარისი სისხლში შაქრის ნორმული დონის შესანარჩუნებლად. ასეთ შემთხვევაში ექიმი შეგირჩეევთ მკურნალობის სხვა მეთოდებს, სახელდობრ, ამა თუ იმ წამალს, მათ შორის, შესაძლოა, ინსულინის ინექციებს.
   შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა სისხლში შაქრის შემცველობის დონე შეიძლება თავად განსაზღვროს ბინაზე. ამ გამოკვლევის ჩატარება სისტემატურად არის საჭირო იმისათვის, რომ ექიმმა ზუსტად შეარჩიოს მკურნალობის მეთოდი.
 

რა წამლების მიღება არის საჭირო შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ?
სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც დასალევი წამლები, ისე საინექციო საშუალებები. დასალევი წამლები ყველასათვის ვერ გამოდგება, ხშირად ინსულინი ხდება საჭირო, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ ინექციის სახით გამოიყენება. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა უმრავლესობის მკურნალობა შეიძლება დაიწყოს დასალევი წამლებით. ცხადია, რომ წამალი ექიმმა უნდა შეგირჩიოთ.
 

რა არის კომბინირებული თერაპია ?
კომბინირებული თერაპია ნიშნავს ორი სახის წამლის გამოყენებას სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის. მკურნალობის ეს ვარიანტი აგრეთვე სასარგებლოა სისხლის მაღალი წნევის მორეგულირების, სისხლში ქოლესტერინის დონის შემცველობის მოწესრიგებისათვის, წონის დასაკლებად. კომბინირებული თერაპიისათვის გამოიყენება ან ორი დასალევი წამალი, ან ერთი დასალევი წამალი და ინსულინის ინექცია.
 

რა წამალი შეიძლება გამომიწეროს ექიმმა ?
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ სხვადასხვა ტიპის დასალევი წამალი არსებობს. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე მათგანის დახასიათება. ამ წამლებს მეტ-ნაკლებად განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ; განსხვავებულია მათი ეფექტურობა და გვერდითი მოვლენებიც. წამალი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.
სულფანილშარდოვანას პრეპარატები
ამ ჯგუფის წარმომადგენლები (მაგალითად, გლიკლაზიდი, რომელიც სხვადასხვა სავაჭრო სახელწოდებებით იყიდება; მაგ., “დიაბეტონი”, “გლიზიდი”, “გლუკოტონი”) საკმარისად ხშირად იხმარება. ისინი შედარებით იაფია და, ამავე დროს, ნაკლებად აქვთ გამოხატული გვერდითი მოვლენები.  ეს წამლები ეხმარება ორგანიზმს ინსულინის გამომუშავებაში. მათი მიღება შეიძლება ცალკე ან მეტფორმინთან, ან სხვა ტიპის დიაბეტის სამკურნალო წამლებთან ერთად. 
მეტფორმინი
 ამ წამლის სავაჭრო დასახელებებია “სიოფორი”, “მეტფოგამა”, “დიანორმეტი”. ის გამოიყენება ჭარბი წონის მქონე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. პრეპარატი ეხმარება ორგანიზმს გამომუშავებული ინსულინის სწორად გამოყენებაში, უადვილებს პაციენტს ჭარბი წონის პრობლემის მოგვარებას. ამ წამლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ფაღარათი. შესაძლებელია მისი დანიშვნა სულფანილშარდოვანას პრეპარატებთან ერთად.
რეპალგინიდი
რეპალგინიდის ერთ-ერთი სავაჭრო დასახელებაა “ნოვონორმი”. ეს პრეპარატი ჭამის დროს უნდა მიიღოთ. თქვენი ექიმი გირჩევთ, თუ როგორ შეუფარდოთ წამლის დოზა საკვების მიღების სიხშირეს. რეპალგინიდი შეძლება დაინიშნოს ცალკე ან მეტფორმინთან კომბინაციაში.

შაქრიანი დიაბეტი: გაქვთ თუ არა თქვენ ამ ავადმყოფობით დაავადების რისკი?

რა არის შაქრიანი დიაბეტი ?
   არსებობს ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. პირველი ტიპის დიაბეტით ადამიანი ავადდება იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ჰორმონს, რომელიც ინსულინის სახელწოდებით არის ცნობილი. მეორე ტიპის დიებეტის დროს კი ინსულინი არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავდება ან ის არასათანადოდ გამოიყენება ორგანიზმის მიერ. ინსულინი ეხმარება ორგანიზმს გამოიყენოს შაქარი (გლუკოზა) ენერგიის წყაროდ. შაქრიანი დიაბეტის მქონე პირთა დაახლოებით 95 % -ს აქვს დიაბეტის მეორე ტიპი.
 

მემუქრება თუ არა შაქრიანი დიაბეტით ავად გახდომის საფრთხე?
   თქვენ დიაბეტით დაავადების საფრთხე გემუქრებათ, თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს (მშობლები, და-ძმა) აქვს ეს დაავადება, გარდა ამისა, თუ თქვენ ორსულობის დროს სისხლში შაქრის მომატებული რაოდენობა გქონდათ ან დაბადეთ ბავში, რომელიც იწონიდა 4 კილოგრამზე მეტს. ზემოხსენებული იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ მიდრეკილი ხართ შაქრიანი დიაბეტით დაავადებისადმი. ასეთი მიდრეკილების არსებობისას შაქრიანი დიაბეტით განვითარების მნიშვნელოვან რისკფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს:

·         სიმსუქნე;

·         ხანდაზმული ასაკი;

·         ფიზიკურად არაქტიური ცხოვრების წესი (არ ვარჯიშობთ);

·         არაჯანსაღი დიეტა


   თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღებას ამ ფაქტორებს და იზრუნებთ მათ გამოსწორებაზე, ეს აუცილებლად შეაფერხებს შაქრიანი დიაბეტის აღმოცენებას.
 

რა უნდა ვიღონო შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკის შესამცირებლად?
   ესაუბრეთ თქვენს ოჯახის ექიმს რისკფაქტორების შესახებ. თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ყოველი მათგანის გამოსწორება, მაგრამ ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებებით მნიშვნელოვანი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოთ შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკზე - შეამციროთ ის. ქვემოთ საუბარი იქნება სწორედ ამისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.
 

წონა
   სიმსუქნე მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორია. დიაბეტის მქონე პაციენტების 80-90%-ს ჭარბი წონა აქვს; ეს ნიშნავს, რომ მათი წონა სულ მცირე  20%-ით აღემატება მათი  სიმაღლისა და აღნაგობის შესაბამის იდელურ წონას. იმისათვის,  რომ განსაზღვროთ, გაქვთ თუ არა ჭარბი წონა, ისარგებლეთ ქვემოთ მოცემული ცხრილით და მოეთათბირეთ თქვენს ოჯახის ექიმს. გახსოვდეთ, რომ ცხიმის მცირე რაოდენობით შემცველი საკვების მიღება და რეგულარული ფიზიკური ვარჯიში დაგეხმარებათ წონის დაკლებაში და მის სასურველ დონეზე შენარჩუნებაში.  

ცხრილი 1. წონა და დიაბეტით დაავადების რისკი.

   თავდაპირველად იპოვნეთ თქვენი სიმაღლის აღმნიშვნელი ციფრი მარცხნიდან პირველ სვეტში. თუ თქვენ გაქვთ შემდეგ სვეტში მითითებულ წონა ან უფრო მეტი, თქვენ გემუქრებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადების საფრთხე.

სიმაღლე (სმ)*

წონა (კგ)**   
ქალიმამაკაცი
145.061.0 
147.562.0 
150.063.5 
152.565.0 
155.066.071.0
157.568.072.5
160.070.073.5
162.571.075.0
165.073.076.0
167.574.578.0
170.076.079.5
172.578.081.0
175.079.582.5
178.081.084.5
180.582.586.0
183.0 88.0
185.5 90.0
188.0 92.0
190.5 95.0

* ფეხსაცმლის გარეშე.
** დაფუძნებულია საშუალო აღნაგობის ადამიანის იდეალურ წონაზე, ტანსაცმლის გარეშე +20 %.

ასაკი
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკი იზრდება ასაკთან ერთად. დიაბეტით დაავადებულთა ნახევარი 55 წელს გადაცილებულია. ცხადია, რომ ასაკზე ზემოქმედება შეუძლებელია, მაგრამ სამაგიეროდ თქვენ შეიძლება შეეცადოთ გავლენის მოახდინოთ სხვა ფაქტორებზე.
 

ოჯახი
თქვენ ასევე ვერ შეცვლით თქვენს ოჯახთან დაკავშირებულ მონაცემებს (იგულისხმება შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მშობლების ან და-ძმის ყოლა), მაგრამ თქვენთვის და თქვენი ოჯახის ექიმისათვის მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, არის თუ არა ოჯახში ვინმე დაავადებული შაქრიანი დიაბეტით; თუ არის - ეს აორმაგებს იმის რისკს, რომ თქვენც დაგემართებათ შაქრიანი დიაბეტი, ხოლო თუ 2 ნათესავი გყავთ დიაბეტით დაავადებული, ეს საშიშროება 4-ჯერ იზრდება. აუცილებლად უნდა უთხრათ ექიმს,  თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს შაქრიანი დიაბეტი.
 

რასა და ეთნიკური წარმომავლობა
ზოგიერთი რასისა და ეთნიკური წარმომავლობის პირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკი შედარებით მაღალი აქვთ. მაგალითად, დადგენილია, რომ თეთრკანიან ამერიკელებთან შედარებით აფრიკული წარმოშობის ამერიკელები გაცილებით ხშირად ხდებიან ავად შაქრიანი დიაბეტით. საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში ეთნიკური წარმომავლობის როლი დიაბეტის გავრცელებაში შესწავლილი არ არის.
 

ფიზიკური ვარჯიში
ფიზიკური ვარჯიში, სიმაღლისა და აღნაგობის შესაბამისი იდელური წონის შენარჩუნება ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. შეეცადეთ ივარჯიშოთ 4-6 ჯერ კვირაში, თითოეულ ჯერზე 30-60 წუთის განმავლობაში. თუ ამას ვერ ახერხებთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც სულ მცირე და ხანმოკლე, უკეთესია, ვიდრე სრული ფიზიკური პასიურობა. აუცილებლად მოეთათბირეთ თქვენს ოჯახის ექიმს, სანამ ვარჯიშს დაიწყებთ.
 

დიეტა
დიდი რაოდენობით ცხიმისა და ქოლესტერინის შემცველი, აგრეთვე მაღალკალორიული საკვები ზრდის დიაბეტით დაავადების რისკს. ასეთმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიაბეტის განვითარების რისკფაქტორია. ის სხვა გზებითაც აუარესებს ჯანმრთელობას. ჯანსაღი დიეტა ნიშნავს მაღალბოჭკოვანი და ცხიმის დაბალი რაოდენობის შემცველი საკვების გამოყენებას. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ის, რამდენს ჭამთ, არამედ ისიც, რას ჭამთ.
 

ორსულთა დიაბეტი
ორსულთა შაქრიან დიაბეტს უწოდებენ ამ დაავადების ნაირსახეობას, რომელიც ემართება მხოლოდ ფეხმძიმე ქალებს, მათ 2-3%-ს.  მშობიარობის შემდეგ დიაბეტი  “ქრება”, მაგრამ ამ ქალების 40%-ს შემდგომი 15 წლის განმავლობაში უვითარდება მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
ქალებს, რომელთაც გააჩინეს 4 ან მეტი კილოგრამის წონის ბავშვი (თუნდაც მათ არ ჰქონდეთ ორსულთა დიაბეტი), აგრეთვე აქვთ მოგვიანებით მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მაღალი ალბათობა.
 

რამდენიმე რისკფაქტორი
მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტი რისკფაქტორი აღენიშნება ადამიანს. თუ თქვენ გაქვთ ორი ან მეტი რისკფაქტორი, აუცილებლად მოეთათბირეთ თქვენს ოჯახის ექიმს იმის თაობაზე, რა ზომების მიღებაა საჭირო მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადების თავიდან ასაცილებლად.



შაქრიანი დიაბეტი: რას ნიშნავს ეს დიაგნოზი?

შაქრიანი დიაბეტი რისი მომასწავებელია ეს დიაგნოზი?
   თუ შეიტყვეთ, რომ შაქრიანი დიაბეტი  გაქვთ, თქვენ მრავალი კითხვა გაგიჩნდებათ. აუცილებლად დაგეხმარებათ იმისი ცოდნა, რომ თქვენ მარტო არ ხართ. შაქრიანი დიაბეტი მილიონობით ადამიანს აქვს. მათი უმრავლესობა სრულფასოვან ცხოვრებას ეწევა. იმისათვის, რომ თქვენც არ იქნეთ გამონაკლისი, უნდა შეეცადოთ, მიიღოთ მაქსიმალური ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის შესახებ.
 

რა არის შაქრიანი დიაბეტი ?
   თქვენი  ორგანიზმი მიღებული საკვების უმეტეს ნაწილს აქცევს შაქრად (ე.წ. გლუკოზა). კუჭქვეშა ჯირკვლის ერთ-ერთი ჰორმონი - ინსულინი ხელს უწყობს შაქრის შეღწევას უჯრედებში, სადაც ის ენერგიის წყაროდ გამოიყენება. თუ ორგანიზმში არ გამომუშავდება ინსულინის საკმარისი რაოდენობა ან გამომუშავებული ინსულინი სათანადოდ ვერ გამოიყენება, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის დროს შაქარი, უჯრედებში გადანაწილების ნაცვლად, ჭარბი რადენობით გროვდება სისხლში. მისი გარკვეული ნაწილი ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა, ნაცვლად იმისა, რომ უჯრედებში იქნეს მოხმარებული ენერგიის წყაროდ.
   არსებობს ორი ტიპის შაქრიანი დიაბეტი. პირველი ტიპის დიაბეტი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი საერთოდ არ გამოიმუშავებს ინსულინს. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანის ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს ინსულინის საკმარის რადენობას, ან გამომუშავებული ინსულინი უჯრედებში სათანადოდ არ გამოიყენება.  დიაბეტიით დაავადებულთა შორის თითქმის 95 %-ს მეორე ტიპის დიაბეტი აქვს.
 

როგორ შეიძლება შევინარჩუნო ჯანმრთელობა, თუ შაქრიანი დიაბეტი მაქვს?   
შაქრიანი დიაბეტის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დიდხანს და სრულფასოვნად იცხოვროთ. ყველაზედ უფრო მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ, სისხლში შაქრის შემცველობის მოწესრიგებაა. ეს კი მიიღწევა სწორი კვებით, ფიზიკური ვარჯიშით, ნორმალური წონის შენარჩუნებით და, თუ საჭიროა, დასალევი წამლების ან ინსულინის გამოყენებით.
კვების რეჟიმი: თქვენთვის რეკომენდებული დიეტა ძალზედ წააგავს დიეტას, რომლის დაცვასაც ურჩევენ შაქრიანი დიაბეტის არმქონე ადამიანებს. შეეცადეთ საკვები მიიღოთ სამჯერ დღეში, დაახლოებით ერთი და იგივე დროს. ნურასოდეს გამოტოვებთ კვებას. გადაეჩვიეთ წახემსებას კვებებს შორის, განსაკუთრებით იმ შემთვევებში, თუ ვარჯიშობთ ან ღებულობთ წამალს, მათ შორის ინსულინს. მიიღეთ სხვადასხვა სახის საკვები, მათ შორის უჯრედისით მდიდარი საკვები,  როგორიცაა ბოსტნეული და ხილი. ცხიმების ხარჯზე უნდა მოდიოდეს თქვენი ყოველდღიური კალორიების 30 %-ზე ნაკლები. თქვენი ოჯახის ექიმი და დიეტოლოგი დაგეხმარებათ კვების რეჟიმის შერჩევაში.
ფიზიკური ვარჯიში: ფიზიკური ვარჯიში დაეხმარება თქვენ ორგანიზმს ინსულინის სათანადოდ გამოყენებასა და სისხლში შაქრის დონის შემცირებაში. შეეცადეთ ივარჯიშოთ 4-6-ჯერ კვირაში 30-60 წუთის განმავლობაში ყოველ ჯერზე. გახსოვდეთ ისიც, რომ ნებისმიერი სახის, ინტენსიურობისა და ხანგრძლივობის ფიზიკური ვარჯიში უკეთესია, ვიდრე დატვირთვის სრული არარსებობა.  თუ არ გივარჯიშიათ დიდი ხნის განმავლობაში გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა  პრობლემები, ვარჯიშის დაწყბამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.
შეინარჩუნეთ ნორმალური წონა: ზედმეტი წონის შემცირება და  ნორმალური წონის შენარჩუნება ძალიან დაგეხმარებათ. ერთი მხრივ, ეს ეხმარება ინსულინს უკეთ იმოქმედოს ორგანიზმში. მეორე მხრივ, ეს ამცირებს თქვენს სისხლის წნევას და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
 მიიღეთ წამალი: თუ თქვენი დიაბეტის კონტროლი შეუძლებელია დიეტით, ვარჯიშით და წონის მოწესრიგებით,  თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დასალევი წამლის ან ინსულინის გამოყენება.  დასალევი წამალი საშუალებას მისცემს თქვენს ორგანიზმს გამოიმუშაოს უფრო მეტი ინსულინი ან უფრო ეფექტურად გამოიყენოს გამომუშავებული ინსულინი. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ინსულინის გამოყენება. ეს წამალი კანქვეშა ინექციების სახით იხმარება. ინსულინით მკურნალობისას ზუსტად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. 
 

როგორ შევამოწმო სისხლში შაქრის დონე?
   ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ, სისხლში შაქრის დონის შემოწმება ბინაზე. სისხლში შაქრის დონის შემოწმება ნიშნავს თითიდან, ჩხვლეტის გზით, სისხლის წვეთის აღებას, რომელიც თავსდება სპეციალურ ქაღალდის ზოლზე. ეს უკანასკნელი ფერს იცვლის სისხლში შაქრის დონის მიხედვით. შედეგის  წაკითხვა პაციენტს თავად შეუძლია. ზემოხსენებულის გარდა გამოიყენება სპეციალური ხელსაწყოც, რომელსაც გლუკომეტრი ეწოდება.
სისხლში შაქრის დონის შემოწმების სიხშირეს ექიმი განგისაზღვრავთ. დასაწყისში გამოკვლევის ჩატარება უფრო ხშირად იქნება საჭირო, მანამ სანამ თქვენ თავად არ მოახერხებთ იმის შეფასებას, რა და როგორ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე.
 

რა მოხდება, თუ სისხლში შაქრის შემცველობა მეტისმეტად დაქვეითდება?
   შარქრიანი დიაბეტით დაავადეებისას არსებობს სისხლში შაქრის დონის ნორმაზე უფრო დაბლა დაქვეითების, ე.წ. ჰიპოგლიკემიის, საფრთხე.  ჰიპოგლიკემიის ნიშნებია თავის ტკივილი, ოფლიანობა, და სისუსტე,  აფორიაქების შეგრძნება. ესაუბრეთ ქვენს ექიმს იმის თაობაზე, თუ რა ზომები უნდა მიიღოთ ასეთ შემთხვევებში. თქვენ შეგიძლიათ გამოასწოროთ მდგომარეობა ტკბილეულის მიღებით ან საჭმელი სოდის ხსნარის, ან ხილის წვენის დალევით.
 

რა პრობლემები შეიძლება განაპირობოს დიაბეტმა?
   შაქრიანი დიაბეტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას თქვენს სიცოცხლეს, თუ არ აკონტროლებთ სისხლში შაქრის დონეს. დროთა განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალმა დონემ შეიძლება დააზიანოს თვალები, სისხლძარღვები, ნერვები, თირკმლები.  ქვემოთ მოკლდე არის აღწერილი ის გართულებები, რომლებიც შაქრიანმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს:
სიბრმავე: დიაბეტმა შიეძლება დააზიანოს თვალის ბადურის სისხლძარღვები, რაც სიბრმავის მიზეზი ხდება.
გულის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა შორისA 2-4- ჯერ მეტია გულისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანების ალბათობა. 
ნერვებისა და სიხლძარღვების დაზიანება: კიდურებში სისხლძარღვების დაზიანებამ შეიძლება შეამციროს სისხლის მიწოდება ხელ-ფეხის ნერვებში. ნერვის დაზიანება განაპირობებს მგრძნობელობის დაქვეითებას. ამის გამო ქვეითდება ტკივილის შეგრძნების ზღურბლი, რაც ხშირად ხდება კიდურის დაზიანების მიზეზი. სისხლძარღვების გამავლობის დაქვეითებამ შეიძლება განაპირობოს ფეხზე წყლულის გაჩენა, რომლის მკურნალობაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ზოგჯერ კი შეუძლებელია. ქვედა კიდურების სისხლძარღვების დაზიანებამ შეიძლება კიდურის ამპუტაციის აუცილებლობა განაპირობოს.
თირკმლების დაავადება: შაქრიანმა დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვები თირკმლებში, რის გამოც ქვეითდება შარდთან ერთად ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოყოფის უნარი. ზოგ შემთხვევაში  თირკმლების ფუნქცია მკვეთრად ქვეითდება, რის გამოც საჭირო ხდება ხელოვნური თირკმლის გამოყენება ან თირკმლის ტრანსპლანტაცია.
   საბედნიეროდ, შაქრიანი დიაბეტის ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია, თუ გულდასმით შეასრულებთ ექიმის რეკომენდაციებს და სისტემატურად გააკონტროლებთ სისხლში შაქრის დონეს.

გულის წასვლა
 

რა იწვევს გულის წასვლას?
   გულის წასვლას ექიმები სინკოპეს უწოდებენ. სინკოპეს ბევრი მიზეზი აქვს. მისი გამომწვევი ფაქტორის დადგენა ზოგჯერ ზედმიწევნით ძნელია. 
   სინკოპე შეიძლება განაპირობოს ჟანგბადის შემცირებამ სისხლში და, ამის გამო, თავის ტვინში. ასეთ შემთხვევაში თქვენ ჰკარგავთ გონებას -"ითიშებით" მცირე ხნით, სულ რამდენიმე წუთით. სხვა შემთხვევაში სინკოპე შეიძლება განაპირობოს სისხლის წნევის სწრაფმა დაქვეითებამ, ან იმ გარემოებამ, რომ თქვენი გული და სისხლძარღვები საკმარისად სწრაფად ვერ რეაგირებენ ჟანგბადის მიმართ ორგანიზმის გაზრდილ მოთხოვნილებაზე. ეს უფრო მეტად ხანდაზმული ასაკის პირებისთვის არის დამახასიათებელი.

   სინკოპე შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
• სწრაფად წამოდგომისას;
• ფიზიკური დატვირთვისას, განსაკუთრებით სიცხეში; 
• რაიმე მიზეზით სუნთქვის მკვეთრად გახშირებისას; 
• ძლიერი გაღიზიანების, ნერვიულობის დროს. ასეთ შემთხვევებში ნერვიულობა გავლენას ახდენს ნერვებზე, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის წნევას;
• მაღალი წნევის საწინააღმდეგო წამალების მიღებისას.

   ხველებამ, გაზმორებამ, ზოგჯერ მოშარდვამაც კი შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგებაზე და განაპირობოს გულის წასვლა. თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიტუაციაში თქვენ ერთხელ გქონდათ სინკოპე, შესაშფოთებელი არაფერია; მაგრამ თუ ეს ხშირად განმეორდა, აუცილებლად უნდა უთხრათ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
   თუ გული წაგივიდათ თავის გვერდზე მიბრუნებისას, საფიქრებელია, რომ ამ შემთხვევაში თქვენი კისრის ძვლები ზეწოლას ახდენენ და ახშობენ ტვინისკენ მიმავალ რომელიმე სისხლძარღვს. გულის წასვლის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენს ექიმს.
   გულის წასვლის კედევ ერთი მიზეზია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. ეს შეიძლება მოხდეს, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, ან თუ დიდი ხნის განმავლობაში არ მიგიღიათ საკვები.
   ზოგმა წამალმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა.  აუცილებლად უნდა მოეთათბიროთ თქვენს ექიმს, თუ შეამჩნიეთ, რომ  გულის წასვლა რომელიმე წამლის მიღებასთან არის დაკავშირებული.  ალკოჰოლის, კოკაინის ან მარიხუანას მიღება აგრეთვე შეიძლება გახდეს გულის წასვლის მიზეზი.
   გულის წასვლის სხვა, უფრო სერიოზული მიზეზები დაკავშირებულია გულის ან ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაავადებებთან.
 
როგორ დამიდგენს ექიმი გულის წასვლის მიზეზს?
   თქვენი ექიმი ალბათ მოისურვებს გესაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდა გულის წასვლამდე. იგი დაწვრილებით გამოგკითხავთ, რას გრძნობდით გულის წასვლამდე და მის შემდეგ. ის, აგრეთვე, ჩაგიტარებთ საჭირო გამოკვლევებს.
 

რა უნდა ვიღონო, თუ ვგრძნობ, რომ გული მიმდის?
   თუ გრძნობთ, რომ გული მიგდით, წამოწექით. თუ დაწოლა არ შეგიძლიათ - დაჯექით და თავი დახარეთ მუხლებამდე. ეს ხელს შეუწყობს თავის ტვინის სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას.
 

უნდა მივიდე ექიმთან, თუ მქონდა გულის წასვლა?
   თქვენ ალბათ არ დაგჭირდებათ თქვენი ექიმის მონახულება, თუ გული მხოლოდ ერთხელ წაგივიდათ და სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელად გრძობთ თავს. გულის წასვლა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა და არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. ამავე დროს, თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა, მაგალითად გულის დაავადება,   სისხლის მაღალი წნევა ან შაქრიანი დიაბეტი, აუცილებლად მოინახულეთ ექიმი. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ფაქტორები, რომელთა არსებობის ფონზე გულის წასვლის განვითარებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი: 
• ტკივილი გულმკერდის არეში;
• არათანაბარი გულისცემა (არითმია);
• ჰაერის უკმარისობა;
• მოულოდნელი გულის წასვლა რაიმე წინასწარი ნიშნების გარეშე; 
• მხედველობის დაბინდვა;
• მეტყველების გაძნელება;
• ცნობიერების დაბინდვა;
• გულის წასვლა თავის მიტრიალების დროს;
• თვეში ერთხელ გულის წასვლა.

დაცემა: როგორ შევამციროთ მისი რისკი
 

ვის ემუქრება დაცემის საფრთხე?
   ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაეცეს, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს შორის დაცემის რისკი უფრო მაღალია. 75 წლისAან უფრო მეტი ასაკის ადამიანების დაახლოებით 1/3 ყოველწლიურად ეცემა სახლში. ასეთი მაღალი სიხშირე ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების, აგრეთვე, ისეთი დაავადებების შედეგია, როგორიცაა ართრიტი (სახსრების ანთება), კატარაქტა (თვალის დაავადება),  ბარძაყის ძვლის თავზე ჩატარებული ოპერაცია.
 

რისი გაკეთება შემიძლია დაცემის რისკის შესამცირებლად?
   იმის გამო, რომ დაცემების შემთხვევათა უმრავლესობა, – დაახლოებით 75%-მდე, სახლში ხდება, თქვენ უნდა შეეცადოთ, უზრუნველყოთ თქვენს ბინაში ისეთი პირობები, რომელიც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს დაცემის რისკს. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ასახულია ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც დაგიცავთ დაცემისაგან:
- დარწმუნდით, რომ სახლში კარგი განათება გაქვთ. ასაკის მატებასთან ერთად ნაკლები შუქი აღწევს თქვენი თვალების უკანა ნაწილს, სადაც მხედველობის ორგანოა მოთავსებული. განათება თქვენს სახლში უნდა იყოს კაშკაშა, ისეთი, რომ თავიდან აიცილოთ იმ საგნებზე წამოდება, რომლებიც კარგად არ ჩანან. უნდა დააყენოთ ღამის შუქი საძინებელ ოთახში, სააბაზანოში, ტუალეტში.
- ხალიჩა დამაგრებული უნდა იყოს იატაკზე, არ უნდა სრიალებდეს.
- ელექტროგაყვანილობა არ უნდა იყოს იატაკზე იმ მონაკვეთებში, სადაც სიარული გიხდებათ.
- დააყანეთ სახელურები სააბაზანოში, საშხაპე ოთახსა და  საპირფარეშოში.
- არ იხმაროთ კიბე, რომელსაც ორივე მხარეს სახელური არ აქვს. დარწმუნდით, რომ კიბეები კარგადაა განათებული
- შეეცადეთ, რომ სამზარეულოში საგნები ადვილად მისაწვდომ ადგილებზე იყოს დაწყობილი. არ დაახვავოთ საგნები ძალიან მაღლა ან პირიქით, დაბლა. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ კიბის ან სკამის გამოყენება.
- ატარეთ ფეხსაცმელი, რომლის ძირებიც არ სრიალებს.

კიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
   კარგად მოუარეთ თავს, შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, რისთვისაც: 
- გაესინჯეთ თვალის ექიმს წელიწადში ორჯერ. თვალის დაავადებები, მახედველობის დაქვეითების გამო, შეიძლება დაცემის მიზეზი გახდეს. 
- მოუარეთ ფეხებს. თუ გაქვთ ტკივილი ფეხში,  ან დიდი სქელი ფრჩხილები და წანაზარდები, მოეთათბირეთ ექიმს.
- ჰკითხეთ თქვენს ექიმს იმ წამლების გვერდითი ეფექტების შესახებ, რომელთაც თქვენ ღებულობთ. ზოგიერთი წამლის გვერდიტი ეფექტი დაცემის ხშირი მიზეზია.
- მიმართეთ ექმის, თუ გრძნობთ თავბრუხვევას.
- თუ ექიმი შემოგთავაზებთ ჯოხის ტარებას სიარულის გასაადვილებლად, გამოიყენეთ იგი. ეს თქვენ დამატებით სტაბილურობას შეგმატებთ სიარულისას და დაგიცავთ დაცემისაგან.
- საწოლიდან წამოდგომას რომ დააპირებთ, რამდენმე წუთით წამოჯექით საწოლზე და მხოლოდ ამის შემდეგ ადექით. ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას სისხლის წნევა შეიძლება დაბალი იყოს. უცებ წამოდგომისას შეიძლება თავბრუ დაგეხვეთ, რასაც წონასწორობის დაკარგვა მოჰყვება.

 საკვებისმიერი ალერგია: მითები და ფაქტები


ბევრი რამ, რაც საკვებისმიერი ალერგიის შესახებ ვიცით, უბრალოდ გამონაგონია და სხვა არაფერი. ხშირად ამ პრობლემის შესახებ მკვიდრდება ისეთი შეხედულებები, რომლებიც არ ეფუძნება მეცნიერულ მონაცემებს. ქვემოთ მოეცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ რეალურად შეაფასოთ პრობლემა, რომელსაც საკვებისმიერი ალერგია ჰქვია.

მითი 1: "საკვებისმიერი ალერგია ძალიან გავრცელებულია."
ფაქტები:
მოსახლეობის 25% ფიქრობს, რომ ისინი ალერგიულნი არიან გარკვეული საკვების მიმართ. მეცნიერულმა კვლევებმა კი დაადგინა, რომ ბავშვების მხოლოდ 6%-ს, ხოლო მოზრდილების 1-2%-ს აღენიშნება საკვებისმიერი ალერგია.
 

მითი 2: "ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც აქვს საკვებისმიერი ალერგია, ალერგიულია მარწყვისა და პომიდორის მიმართ."
ფაქტები:
ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ყველაზე ხშირად ალერგიულნი არიან რძის, კვერცხის, ხორბლის, სოიოს პროდუქტების და მიწის თხილის მიმართ. უფრო მეტი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს ძირითადად მიწის თხილის, თხილის, კაკლის, ნუშის, თევზების, მოლუსკების მიმართ აღენიშნებათ ალერგია.
 

მითი 3: "ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია შაქრის მიმართ."
ფაქტები:
საჭმლისმიერი ალერგია ეწოდება მდგომარეობას, როცა იმუნური სისტემა (ორგანიზმის ის ნაწილი, რომელიც ინფექციას ებრძვის) საკვებში არსებულ გარკვეულ ცილებს აღიქვამს უცხო "აგენტად" და ებრძვის მას. ალერგია არასოდეს ვითარდება შაქრის (აგრეთვე, სხვა ნახშირწყლების) და ცხიმების მიმართ.
 

მითი 4: "ალერგია რძის მიმართ ძალზე ხშირია და იწვევს დიარეას მოზრდილებში."
ფაქტები:
ბევრ მოზრდილ ადამიანს პრობლემები აქვს რძეში არსებული "შაქრის" მონელებასთან დაკავშირებით. ამას "ლაქტოზის აუტანლობას" უწოდებენ, რაც ალერგიას არ წარმოადგენს.
 

მითი 5: "ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკვებისმიერი ალერგია, ალერგიული არიან მრავალი საკვების მიმართ."
ფაქტები:
ადამიანთა უმრავლესობას, რომლებსაც აქვთ საკვებისმიერი ალერგია, ალერგიულია 4-ზე ნაკლები სახის საკვების მიმართ.
 
მითი 6: "საკვებისმიერი ალერგია ადამიანის აგზნებას იწვევს."
ფაქტები:
საკვებისმიერი ალრეგიის ყველაზე ხშირი "უეცარი" სიმპტომებია: ჭინჭრის ციება (ამობურცული გამონაყარი კანზე, "წითლად დაფოთვლა"), შეშუპება, კანის ქავილი, ქავილის ან მეტალის გემოს შეგრძნება პირის ღრუში, ხველა, სუნთქვის გაძნელება ან მსტვინავი სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება ყელის არეში, ფაღარათი და ღებინება. შესაძლებელია, ამ დროს ადამიანს გაუჩნდეს უსიამოვნო, ცუდი ამბის მოლოდინის შეგრძნება. ზოგჯერ დაბალი არტერიული წნევის გამო ვითარდება სიფერმკრთალე და გონების დაკარგვა. საკვებისმიერ ალერგიასთან ერთად მიმდინარე ყველაზე ხშირი ქრონიკული დაავადებებია ეგზემა და ასთმა.
 

მითი 7: "საჭმლისმიერი ალერგიით გამოწვეული სიკვდილი საკმაოდ ხშირია."
ფაქტები:
საკვებით გამოწვეული ალერგია იშვიათად იწვევს სიკვდილს. სიკვდილით შეიძლება დამთავრდეს ბავშვებში განვითარებული საკვებისმიერი ალერგიის 100 შემთხვევიდან მხოლოდ 1, ხოლო მოზრდილებში – 500 შემთხვევიდან 1.
 

მითი 8: "საკვებისმიერი ალერგია მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება ან ის ასაკის მატებასთან ერთად გაივლის."
ფაქტები:
ბავშვებს ასაკის მატებასთან ერთად გაუვლით ხოლმე ალერგია რძის, კვერცხის, სოიოს პროდუქტების და ხორბლის მიმართ. თუმცა ალერგია კაკლის, ნუშის, თევზის და მოლუსკების მიმართ იშვიათად თუ გაივლის ხოლმე ასაკის მატებასთან ერთად.
 

მითი 9: "საკვებისმიერი ალერგია არ არის საშიში."
ფაქტები: საკვებისმიერი ალერგია შეიძლება ფატალური (სასიკვდილო) აღმოჩნდეს, თუ ის იწვევს ისეთ რეაქციას, რომელსაც "ანაფილაქსიას" უწოდებენ. ანაფილაქსიის დროს ადამიანს უჭირს სუნთქვა. ანაფილაქსიის სამკურნალოდ უპირველესად გამოყენებული უნდა იქნეს ადრენალინი (იგივე ეპინეფრინი). ადრენალინს შეუძლია იხსნას თქვენი სიცოცხლე. თუ თქვენ გაქვთ მძიმედ მიმდინარე ალერგია, ექიმმა თქვენ უნდა გამოგიწეროთ და გირჩიოთ ადრენალინით შევსებული მცირე ზომის შპრიცის ტარება. ექიმი აგიხსნით, როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ აღნიშნული შპრიცი. თუ ექიმი თვლის, რომ თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ადრენალინით სავსე შპრიცის გამოყენება, თქვენ ასეთი შპრიცი ყველგან და ყოველთვის თან უნდა ატაროთ.
   პირი, რომელსაც ალერგიული რექცია აღენიშნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ მიყვანილი უნდა იქნეს საავადმყოფოს რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში, რადგან ალერგიის მძიმე ნიშნები შეიძლება კვლავ განმეორდეს, მიუხედავად ადრენალინის ერთი ინექციის გაკეთებისა. ალერგიის ნიშნები შეიძლება განმეორებით რამდენიმე საათის შემდეგაც კი აღმოცენდეს.
   როცა დაისმება საკვებისმიერი ალერგიის დიაგნოზი, თქვენ თავი უნდა აარიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ალერგიის მიზეზია. როცა ალერგია გაქვთ, წარმოებაში დამზადებული საკვების გამოყენებამდე ყოველთვის უნდა წაიკითხოთ ეტიკეტზე, თუ რა კომპონენტებს შეიცავს ის. თქვენი ექიმი აგიხსნით, როგორ უნდა მოერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც თქვენთვის მავნებელია.
თუ თქვენ ბავშვს აქვს საკვებისმიერი ალერგია, აუცილებლად მიაწოდეთ სათანადო ინფორმაცია იმ პირებს ვინც პასუხისმგებლები არიან ბავშვის მოვლაზე სკოლაში ან სხვა დაწესებულებაში. ეს ინფორმაცია უნდა ასახავდეს იმ საკვების ნუსხას, რომლის მიმართაც ალერგიულია ბავში, აგრეთვე ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია, როცა ბავშვი შეჭამს ნუსხაში მითითებულ საკვებს.

სოკოვანი ინფექციები: ხელის და ფეხის ფრჩხილების დაზიანება


მცირეოდენი განმარტებები
   ხელის და ფეხის ფრჩხილების სოკოვან ინფექციას "ონიქომიკოზს" უწოდებენ. ფეხის ფრჩხილები უფრო ხშირად ინფიცირდება სოკოებით, ვიდრე ხელის ფრჩხილები.
ინფექციის შედეგად თქვენი ფრჩხილები შეიძლება გასქელდეს და ფერი შეიცვალოს. შესაძლებელია ტკივილიც კი გქონდეთ.
 

რა იწვევს ფრჩხილების სოკოვან ინფექციას?
   ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია. ეს ინფექცია უფრო 60 წელს გადაცილებული პირებისთვის არის დამახასიათებელი. იგი უფრო ხშირია დიაბეტით დაავადებულ ან სისხლის მიმოქცევის მოშლის მქონე ადამიანებს შორის. ბავშვს ძალიან იშვიათად უვითარდებათ ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია.
 

რატომ დამემართა ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია?
   ძნელი გასარკვევია, სად და როგორ გაგივითარდათ ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია. ცხელი, ნესტიანი ადგილი სოკოების ზრდისთვის კარგ გარემოს წარმოადგენს. თუ თქვენ ხშირად ატარებთ მძიმე სამუშაო ჩექმას ან მაღალყელიან ფეხსაცმელს, რაც თქვენი ფეხების ზედმეტად გათბობას და გაოფლიანებას იწვევს, შესაძლებელია ფეხის ფრჩხილების გარშემო სოკოები გაიზარდოს. თუ თქვენ ხშირად ფეხშიშველა დადიხართ გასახდელში, შეიძლება სოკო თბილი და სველი იატაკიდან გადაგედოთ.
ადამიანებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ხელები სველი (მაგალითად, ჭურჭლის მრეცხავები ან სახლის დამლაგებლები), უფრო ხშირად ემართებათ ხელის ფრჩხილების სოკოვანი იფექცია.
   ზოგჯერ ოჯახში რამდენიმე ადამიანს ერთდროულად უვითარდება ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია. ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის უუნარობით ებრძოლოს სოკოვან ინფექციას ან დაკავშირებული იყოს პირსახოცის მეშვეობით სოკოვანი ინფექციის გადატანასთან.
 

როგორ უნდა შევიტყო, რომ ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია მაქვს?
   თუ ფიქრობთ, რომ ხელის ან ფეხის ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს. ექიმი, თქვენი ფრჩხილების გულმოდგინედ დათვალიერების საფუძველზე, დაადგენს, გაქვთ თუ არა სოკოვანი ინფექცია.
   ინფექციის სახის გასარკვევად ექიმი ჩამოფხეკს ქსოვილის ნაწილს თქვენი ფრჩხილიდან და გააგზავნის ლაბორატორიაში. შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს, სანამ თქვენი ექიმი ლაბორატორიიდან გამოკვლევის პასუხს მიიღებს. პასუხის საფუძველზე გაირკვევა, სოკოვანი ინფექცია გაქვთ, თუ რაიმე სხვა სახის ინფექცია.
 

როგორ ხდება ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის მკურნალობა?
   ფრჩხილის სოკოვანი ინფექციის მკურნალობა რამდენიმე წამლით არის შესაძლებელი. ზოგიერთი წამლის გამოყენება გარკვეულ საფრთხესთან არის დაკავშირებული იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ღვიძლის დაავადება ან გულის უკმარისობა აქვთ. არ დაგავიწყდეთ უთხრათ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ მოხსენიებული დაავადება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომელი წამალია თქვენთვის შესაფერისი.
   წამლის მიღება, შესაძლოა, მხოლოდ 6 კვირის განმავლობაში დაგჭირდეთ. ზოგჯერ მკურნალობამ შესაძლებელია 6 თვეს და მეტ ხანსაც გასტანოს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციის ადგილსა და სიმძიმეზეა დამოკიდებული.
 

როგრო უნდა მოვუარო ფრჩხილებს?
   ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა ფრჩხილების მოვლის შესახებ, თუ ფრჩხილების სოკოვანი ინფექცია გაქვთ:
- ფრჩხილები მოკლედ დაიჭერით და სქელი ადგილები გაიქლიბეთ;
- არ გამოიყენოთ ერთი და იგივე მაკრატელი და ქლიბი ჯანსაღი და დაინფიცირებული ფრჩხილებისთვის. თუ ფრჩხილების მანიკიურს სპეციალისტთან იკეთებთ, თან იქონიეთ საკუთარი მაკრატელი და ქლიბი;
- ატარეთ წყალგაუმტარი ხელთათმანები სველი სამუშაოების დროს (მაგალითად, თეფშების ან იატაკის რეცხვა). მშრალი სამუშაოებისთვის კი 100%-იანი ბამბის ხელთათმანები გამოიყენეთ თითების დასაცავად.
- ატარეთ 100%-იანი ბამბის წინდები. გამოიცვალეთ წინდები თუ ფეხები გაგიოფლიანდათ ან დაგისველდათ. ყოველდღე ჩაიცვით ახალი სუფთა წინდები. თქვენ შეგიძლიათ წინდაში სპეციალური სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილი ჩაიყაროთ, რაც ფეხებს მშრალად შეინახავს.
- ატარეთ ფეხსაცმელი კარგი საყრდენით და ფართო ცხვირით (რათა სათანადო სივრცე იყოს ფეხის თითებისთვის). არ ატაროთ წვეტიანი ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხის თითები ერთმანეთზეა მიჭერილი.
- მოერიდეთ ფეხშიშველა სიარულს საზოგადოებრივ ადგილებში, მაგალითად, გასახდელში.

ნაწოლი
 

რა არის ნაწოლი?
   ნაწოლი კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებაა, გამოწვეული  ერთ პოზიციაში დიდხანს წოლით ან ჯდომით. დასახელებული გარემოებები იწვევს ზეწოლას სხეულის ერთ რომელიმე ნაწილზე. ზეწოლა ამცირებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების სისხლით მომარაგებას. თუ პოზიცია საკმარისად ხშირად არ იცვლება, სისხლით მომარაგება მკვეთრად მცირდება და რბილი ქსოვილები წყლულდება. სწორედ ასეთ წყლულს ეწოდება ნაწოლი.
 

რამდენად საშიშია ნაწოლი?
   საშიშროება დაკავშირებულია კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანების ხარისხთან, წყლულის სიღრმესთან. როგორც კი გაგიჩნდებათ ეჭვი იმის თაობაზე, რომ ნაწოლი ყალიბდება, მაშინვე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
   მსუბუქი დაზიანება კანის ფერის შეცვლას იწვევს, მაგრამ წყლული არ ყალიბდება. თეთრი ფერის კანის მქონე ადამიანებს დაზიანებული ადგილი შეიძლება გაუწითლდეთ, მუქი ფერის კანის მქონე პირებს კი უფრო მეტად გაუმუქდეთ. დაზიანებულ ადგილზე სიმხურვალე შეიგრძნობა.
   წყლული შეიძლება იმდენად ღრმა იყოს, რომ კუნთებს, ზოგჯერ კი ძვალსაც მიაღწიოს. თუ ნაწოლის მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა მისი დაინფიცირება, რაც საკმარისად სერიოზული გართულებაა. ნაწოლში ინფექციის შეჭრა საშიშია. ნაწოლმა შეიძლება გამოიწვიოს საკმარისად ძლიერი ტკივილი, გააძნელოს გადაადგილება.
 

ვის შეიძლება გაუჩნდეს ნაწოლი?
   ნაწოლი შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დიდხანს ზის ან წევს ერთსა და იმავე პოზიციაში. ნაწოლი შეიძლება გაგიჩნდეთ, თუ თქვენ იყენებთ ინვალიდის სავარძელს, ან რაიმე მიზეზის (მაგალითად,  დაავადების ან ტრავმის) გამო დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ატარებთ. ისეთი დაავადებები, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და არტერიების სანათურის შევიწროება (ათეროსკლეროზი) დაზიანებული ადგილის სისხლით მომარაგების შემცირების გამო ართულებენ ნაწოლის განკურნებას.
 

სხეულის რომელ ნაწილში შეიძლება გაგიჩნდეთ ნაწოლი?
   ნაწოლი ჩვეულებრივ ვითარდება სხეულის ძვლოვანი ნაწილების არეში, სადაც `ცხიმოვანი ბალიში~ შედარებით უმნიშვნელოდ არის განვითარებული. ნაწოლი ხშირია ქუსლებისა და ბარძაყების, აგრეთვე კუდუსუნის, ბეჭის მიდამოებში, მუხლის უკანა და გვერდით ზედაპირებზე, თავის უკანა ნაწილზე.
 

როგორ მკურნალობენ ნაწოლს?
   ნაწოლის წარმატებული მკურნალობისათვის აუცილებელია:  
    •  ნაწოლის განვითარების განმაპირობებელი ზეწოლის შემცირება;
    •  თავად ნაწოლის მკურნალობა;
    •  საკვების შერჩევა და ზოგიერთი სხვა ღონისძიების განხორციელება ნაწოლის შეხორცებისათვის ხელშესაწყობად.
 
რა შეიძლება გაკეთდეს ნაწოლზე ზეწოლის შესამცირებლად?
   შეეცადეთ იწვეთ ან იჯდეთ ისე, რომ არ დააწვეთ ნაწოლის მიდამოს. წოლისა ან სკამზე ჯდომისას სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე ზეწოლის შესამცირებლად გამოიყენეთ სპეციალური ლეიბები, ზეწრები, რბილი საყრდენები (ბალიშის მსგავსი), რომელთა შერჩევაშიც ექიმი დაგეხმარებათ. გვერდზე წოლის დროს შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ბარძაყის ძვალზე ზეწოლა. დაიდეთ ბალიშები ერთი გვერდის ქვეშ ისე, რომ ზეწოლა მოდიოდეს დუნდულოზე და არა ბარძაყის ძვალზე. ასევე, გამოიყენეთ ბალიშები მუხლებისა და კოჭების ერთმანეთთან ხანგრძლივად შეხების თავიდან ასაცილებლად. ზურგზე წოლის დროს ბალიში დაიდეთ ბარძაყების ქვეშ მუხლების საწოლიდან ოდნავ ასაწევად. შეიცვალეთ პოზა სულ ცოტა ყოველ 2 საათში. სკამზე და ინვალიდის სავარძელში ჯდომისას  დაჯექით ვერტიკალურ, სწორ მდგომარეობაში. ვერტიკალური, სწორი ჯდომა საშუალებას მოგცემთ უფრო თავისუფლად იმოძრაოთ, რაც ხელს შეეუშლის ახალი წყლულების წარმოშობას. თუ თქვენ თავად არ შეგიძლიათ მოძრაობა, დაიხმარეთ მომვლელი, რათა შეგაცვლევინოთ პოზა, სულ ცოტა, ყოველ საათში ან უფრო ხშირადაც.
 

როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე ნაწოლის არეში?
   ნაწოლის განკურნების აუცილებელი პირობაა მისი სისტემატური გასუფთავება, დანეკროზებული (მკვდარი) ქსოვილების მოცილება.  წყლულის გასუფთავება სასურველია სუფრის მარილის ხსნარით. მარილიანი წყალი აცილებს ზედმეტ სითხესა და ქსოვილებს. ექიმი ან მედდა გაჩვენებთ, როგორ უნდა გაისუფთავოთ წყლული.
   ნაწოლი ნახვევით უნდა დაიფაროს. ამისათვის შეიძლება მარლა გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი ნოტიო უნდა იყოს და, სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოიცვალოთ. არსებობს სპეციალური სახვევებიც, რომელთაც ჟელეს კონსისტენცია აქვთ და ნაწოლის (წყლულის) ფორმას ღებულობენ. ასეთი სახვევის გაჩერება რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება.
   დაწყლულებულ მიდამოში ხშირია დანეკროზებული (მკვდარი) ქსოვილების არსებობა ფუფხის სახით. ეს ხელს უშლის ნაწოლის განკურნებას და ხშირად ინფექციის შეჭრის გზაა.  ნაწოლიდან მკვდარი ქსოვილის მოსაშორებლად მრავალი საშუალება არსებობს. სასარგებლოა წყლულის მობანა სახვევის ყოველი გამოცვლისას. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური სახვევები, რომელნიც ხელს უწყობენ მკვდარი ქსოვილის მოცილებას. ასეთ სახვევს დაწყლულებულ ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში სტოვებენ.
   მკვდარი ქსოვილების მოშორების კიდევ ერთი საშუალებაა სველი მარლის სახვევით წყლულის შეხვევა და მისი ზედ შეშრობა. მკვდარი ქსოვილი ეწეპება მარლას და ნახვევის მოცილებისას ნახვევთან ერთად შორდება წყლულს. ზოგჯერ მკვდარი ქსოვილს ქირურგიული გზით მოაცილებენ ხოლმე. მკვდარი ქსოვილის მოშორება,  წყლულის გაწმენდა მტკივნეული პროცესია, რის გამოც ექიმმა, ნახვევის მოხსნამდე 30-60 წუთით ადრე, შესაძლოა ტკივილგამაყუჩებელის მიღება შემოგთავაზოთ.
 

რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი კვება წყლულის მოსარჩენად?
    კარგი კვება ეხმარება თქვენს ორგანიზმს წყლულის დაძლევაში. თუ თქვენ არ ღებულობთ საკმარისი რაოდენობით კალორიებს, ცილას და სხვა საკვებ ნივთიერებებს, ორგანიზმი წყლულს ვერ მოერევა, რა ზომებიც არ უნდა მიიღოთ საამისოდ. თქვენმა ექიმმა ან მედდამ, ან დიეტოლოგმა შეიძლება მოგცეთ რჩევა დიეტის შესახებ. აუცილებლად აცნობეთ ექიმს წონის მომატების ან დაკლების შესახებ.
 

რა მოხდება წყლულის დაინფიცირების შემთხვევაში?
   დაიფიცირებული წყლული ნელა იკურნება. ინფექცია შეიძლება მთელს ორგანიზმში გავრცელდეს. თუ შენიშნავთ ქვემოთ მოცემულ სიპტომთაგან რომელიმეს, მაშინვე დაუკავშირდით ექიმს.
   ნაწოლში ინფექციის შეჭრის ნიშნებია:
    •  სქელი, ყვითელი ან მწვანე ფერის ჩირქი;
    •  წყლული უსიამო  სუნს ავრცელებს; 
    •  წყლულის ირგვლივ გამოხატულია სიწითლე ან სიმხურვალე;
    •  წყლულის ირგვლივ აღინიშნება შესივება;
    •  წყლულის ირგვლივ ქსოვილები დარბილებულია.
 

 ორგანიზმში ინფექციის გავრცელების ნიშნებია:
    •  გაციება ან ტემპერატურის მომატება;
    •  კონცენტრირების უნარის დაქვეითება ცნობიერების დაბინდვა ან;
    •  გულისცემის გახშირება;
    •  სისუსტე.
 

როგორ იკურნება დაინფიცირებული ნაწოლი?
   დაინფიცირებული ნაწოლის განკურნება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სერიოზულია ინფექცია. თუ მხოლოდ წყლულია დაინფიცირებული, შეიძლება ანტიბიოტიკის შემცველი მალამოს გამოყენება. თუ ღრმად მდებარე რბილი ქსოვილი ან ძვალია დაინფიცირებული, გამოიყენება ვენაში გასაკეთებელი ანტიბიოტიკები. 
 

როგორ მივხვდეთ, რომ წყლული რჩება?
   წყლულის მორჩენაზე მიგვანიშნებს მისი ზომების შემცირება, წყლულიდან სითხოვანი გამონადენის შემცირება. წყლულის ფსკერზე ახალი, ჯანსაღი ქსოვილი წამოზრდა. ახალი ქსოვილი ღია წითელი ან ვარდისფერია. ამ ნიშნების გამოჩენამდე მკურნალობა შეიძლება 2-4 კვირის განმავლობაში დაგჭირდეთ.
 

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწოლი?
   ნაწოლის თავიდან ასაცილებლად უნდა ერიდოთ სხეულის ერთი და იმავე მხარეზე დიდხანს წოლას, განსაკუთრებით ისეთ პოზიციას, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ მიდამოებზე განაპირობებს ზეწოლას.
ასევე მნიშვნელოვანია კანის სისუფთავის და სიმშრალის დაცვა. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, აგრეთვე დამარბილებელი საშუალებები - კანი არ უნდა გამოშრეს. თუ დროის უმეტეს ნაწილს საწოლში ან ინვალიდის სავარძელში ატარებთ, ყოველდღიურად შეამოწმეთ, ხომ არ გამოგაჩნდათ სხეულზე ლაქა, გამუქებული მიდამო, წყლული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ადგილებს, სადაც წყლული ხშირად ვითარდება.


სინუსიტი
 

რა არის სინუსები?
   სინუსებს უწოდებენ ყვრიმალების და შუბლის უკან მდებარე ძვლებში არსებულ ჰაერის შემცველ ღრუებს. სინუსებში წარმოიქმნება ლორწო, რომლებიც ასუფთავებს ჩასუნთქულ ჰაერს ბაქტერიებისა და სხვა ნაწილაკებისაგან. სინუსები გამოფენილია მცირე ზომის თმებით ე.წ. "წამწამებით", რომლებიც ირხევიან და სინუსებიდან გამოაძევებენ ლორწოს, რომელიც საბოლოოდ ცხვირიდან გამოიდევნება.

რა არის სინუსიტი?
   სინუსიტი ეწოდება სინუსების გამომფენი შრის (ქსოვილის) ანთებას.
 

რა იწვევს სინუსიტს?
   სინუსიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც სინუსების გამომფენი ქსოვილის შეშუპებას გამოიწვევს ან ხელს შეუშლის "წამწამებს" ლორწოს გარეთ გამოდევნაში,. ეს შეიძლება მოხდეს ტემპერატურის ცვლილების ან ჰაერის წნევის შეცვლის გამო. სინუსიტის განვითარების რისკს ზრდის ცხვირში შესასხურებელი სურდოს საწინააღმდეგო წამლების გამოყენება, თამბაქოს წევა, ცურვა და ყვინთვა. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება წანაზარდები ე.წ. "პოლიპები", რომლებმაც შეიძლება სინუსებიდან ლორწოს გამოდენას შეუშალონ ხელი.
   როდესაც სინუსიტი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული, მას ხშირად "მწვავე სინუსიტს" უწოდებენ. მწვავე სინუსიტი ხშირად გაცივების შემდეგ ვითარდება ხოლმე. გაცივების დროს ვირუსები აზიანებენ სინუსების გამომფენ ქსოვილს, იწვევენ მის შეშუპებას და სინუსების შევიწროებას. თქვენი ორგანიზმი ვირუსებით გამოწვეულ ინფექციას პასუხობს ლორწოს ჭარბი გამოყოფით, მაგრამ ლორწო, სინუსების შევიწროების გამო, გარეთ ვეღარ გამოედინება. შეგუბებული ლორწო კარგ გარემოს წარმოადგენს ბაქტერიების ზრდისთვის, რაც საბოლოოდ სინუსების დაინფიცირების მიზეზი ხდება.
 

როგორია მწვავე სინუსიტის ნიშნები?
   როცა გაცივების დროს პაციენტი გაუმჯობესების და გამოჯანსაღების გზაზეა და მდგომარეობა მოულოდნელად უარესდება, შეიძლება ვივარაუდოთ სინუსიტის განვითარება. ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება სახის გარკვეულ მიდამოებში (იქ სადაც სინუსებია; მაგ., ლოყები, შუბლი) სინუსებში ლორწოს შეგუბებაზე მიუთითებს და შესაძლოა სინუსიტის ნიშანი იყოს. ტკივილი, რომელიც წინ გადახრისას იწყება, აგრეთვე სინუსიტის ნიშანი უნდა იყოს. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია გაჭედვა ცხვირში, ცხელება, მწვანე ან ყვითელი გამონადენი ცხვირიდან და ზედა კბილების ტკივილი.
 

როგორ ხდება მწვავე სინუსიტის მკურნალობა?
   თქვენმა ექიმმა შეიძლება ანტიბიოტიკი (წამალი, რომელიც ბაქტერიებს ხოცავს) დაგინიშნოთ. ანტიბიოტიკის მიღება, ალბათ, 10-14 დღის განმავლობაში დაგჭირდებათ, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესებას წამლის მიღების დაწყებიდან ორიოდე დღეში იგრძნობთ. ძალიან მნიშნვნელოვანია, რომ არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მას შემდეგ, რაც უკეთ გახდებით და გააგრძელოთ მკურნალობა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ექიმმა გირჩიათ. თუ სინუსების არეში ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება გაქვთ, თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ სპეციალური წამალი, რომელიც შეშუპებას მოხსნის, მაგალითად ფსევდოეფედრინი.
   აი, რამდენიმე კონკრეტული რჩევა იმ შემთხვევისთვის, თუ სინუსიტი გაქვთ:
- კარგად დაისვენეთ. წოლამ შეიძლება გააძლიეროს შეგუბება თქვენს სინუსებში; ამტომ დაწექით იმ გვერდზე, რომელზეც უფრო გიადვილდებათ სუნთქვა;
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, მათ შორის ცხელი სითხეები;
- შეისუნთქეთ ცხელი ტენიანი ჰაერი, რისთვისაც მიიდეთ სახეზე ცხელი წყლით დასველებული პირსახოცი ან შეისუნთქეთ ცხელი ორთქლი (თავზე გადაიფარეთ ნაჭერი და შეისუნთქეთ ცხელი წყლით სავსე ქვაბიდან ამომავალი ორთქლი).  
- ყოველთვის მიიღეთ რჩევა ექიმისგან, სანამ აფთიაქში წამალს იყიდდეთ. ზოგიერთმა წამალმა შეიძლება გააუარესოს თქვენი სინუსიტის მიმდინარეობა.
- არ გამოიყენოთ სურდოს საწინააღმდეგო ცხვირში ჩასაწვეთებელი/შესასხურებელი წამალი 3 დღეზე უფრო მეტ ხანს. თუ თქვენ ასეთ წამალს 3 დღეზე მეტხანს იყენებთ, მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება სინუსების შიდა გარსი უფრო მეტად შეშუპდეს.
- ტკივილის დროს გამოიყენეთ აცეტამინოფენი.
- გამოირეცხეთ ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ხსნარით. ფიზიოლოგიური ხსნარი შეიძინეთ აფთიაქში ან სთხოვეთ თქვენ ექიმს გასწავლოთ, როგორ მოამზადოთ ის შინ.

ყელის ტკივილი
 

რა იწვევს ყელის ტკივილს?
   ყელის ტკივილი და ანთება, რომელსაც თქვენი ექიმი ფარინგიტს უწოდებს, შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ხანდახან სინუსებში წარმოქმნილი ლორწო ყელში "ჩაედინება" და იწვევს ყელის ანთებას და ტკივილს. ყელის ანთება შეიძლება გამოიწვიოს გაცივების გამომწვევმა ვირუსებმა, აგრეთვე ბაქტერიებმა. ყელის ტკივილი შეიძლება განაპირობოს თამბაქოს წევამ, დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვამ, ალკოჰოლური სასმელების მიღებამ. თუ თქვენ თივის ცხელება ან ალერგიის სხვა ფორმა გაქვთ, ყელის ტკივილი შეიძლება მისი ერთ-ერთი გამოვლინება იყოს.

როგორ გავარკვიო, რა იწვევს ჩემი ყელის ანთებას?
   მრავალ დაავადებას, რომლებიც ყელის ანთებას იწვევენ, მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ. თუ ყელის ანთება და ტკივილი გაქვთ, ტკივილის სამკურნალოდ შეგიძლიათ აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი), იბუპროფენი ან ნაპროქსენი დალიოთ. თუ შეამჩნევთ, რომ ანთება და ტკივილი არ გადის ორი დღის განმავლობაში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გარკვეული გამოკვლევების ჩატარება ყელის ანთების მიზეზის დასადგენად და ამის შემდეგ დაგინიშნოთ თქვენთვის საჭირო მკურნალობა.
 

რა არის ანგინა?
   ანგინას იწვევს ბაქტერია, რომელსაც სტრეპტოკოკს უწოდებენ. ანგინის დროს ყელის ტკივილი სხვა მიზეზით გამოწვეული ყელის ანთების მსგავსია. უმნიშვნელოვანესი განსხვავება ის არის, რომ თუ სტრეტპოკოკებით გამოწვეული ანგინის ანტიბიოტიკებით მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, შეიძლება სერიოზული გართულებები განვითარდეს.
 

რა სახის გამოკვლევები ტარდება ყელის ანთების მიზეზის დასადგენად?
   თუ ანგინის ნიშნები გაქვთ (ცხელება, თავის ტკივილი და/ან თეთრი ნადებები ყელში), თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ტესტს სტრეპტოკოკის არსებობის დასადგენად ან  ყელიდან აღებული ნაცხის გამოკვლევას ("დათესვა"), ან ორივეს ერთად.
   თუ ექიმი ფიქრობს, რომ თქვენ გაქვთ ვირუსული ინფექცია, როგორიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, ის, ალბათ, სისხლის ანალიზსაც დაგინიშნავთ.
 

როგორ ხდება ბაქტერიებით გამოწვეული ყელის ანთების მკურნალობა?
   თუ ყელის ანთება სტრეპტოკოკით არის გამოწვეული, თქვენი ექიმი, ალბათ, ანტიბიოტიკს დაგინიშნავთ, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანტიბიოტიკი მიიღოთ სრული დოზით და ისეთი ხანგრძლივობით, როგორც ექიმი გირჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში თავი შეიძლება უკეთესად იგრძნოთ.
 

როგორ ხდება ვირუსებით გამოწვეული ყელის ანთების მკურნალობა?
   ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე. ვირუსებით გამოწვეული ინფექცია, ჩვეულებრივ, თავისით გაივლის ხოლმე. თუ თქვენ გაცივებული ხართ, გაცივების ნიშნებმა, ჩვეულებრივ, ერთ კვირაში ან 10 დღეში უნდა გაიაროს. ინფექციური მონონუკლეოზი უფრო დიდ ხანს გრძელდება, ზოგჯერ 4 კვირას და უფრო მეტ ხანსაც. თქვენ შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა გარკვეული ღონისძიებებით.  ქვემოთ ჩამოთვლილია ის ღონისძიებები, რომლებიც დაგახმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი ყელის ანთების დროს:

რამდენიმე რჩევა ყელის ანთების და ტკივილის "მოსავლელად":

·         მიიღეთ ან აცეტამინოფენი, ან იბუპროფენი ან ნაპროქსენი; 
·         ყელში გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი (ერთი სავსე ჩაის კოვზი მარილი ერთ ჩაის ჭიქა წყალზე);  
·         წუწნეთ ყელის ანტისეპტიკური აბები ან საწუწნი კანფეტი; 
·         გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები. 

რა არის საყურადღებო ალერგიით გამოწვეული ყელის ანთების შესახებ?
   თუ ყელის ანთება და ტკივილი თივის ცხელების ან სხვა ტიპის ალერგიის გამოვლინებაა, თქვენი ექიმი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა იწვევს ალერგიას და გირჩევთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თავიდან აიცილოთ ალერგიული რექციის განვითარება. შესაძლებელია ალერგიის სამკურნალოდ წამლის დალევა დაგჭირდეთ.

როგორ მოვუაროთ ბავშვების კბილებს


   ბავშვის კბილების სიჯანსაღეზე ზრუნვა მანამ უნდა დაიწყოთ, სანამ მას კბილები ამოუვა. კარგი იქნება, თუ ჩვევად გაიხდით ყოველი კვების შემდეგ ბავშვის ღრძილების გაწმენდას რბილი სველი ნაჭრით.  კბილების ამოჭრის შემდეგ ასევე ჩვევად გაიხადეთ ბავშვის რბილი ჯაგრისის გამოყენება ორჯერ დღეში. სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის გამოიყენეთ კბილის პასტის მცირე რაოდენობა; ჯაგრისი არ დაფაროთ კბილის პასტით, მარცვლის ოდენაც საკმარისია. პატარა ბავშვები ჩვეულებრივ ყლაპავენ კბილის პასტას. ეს უკანასკნელი კი ფთორს შეიცავს. მეტისმეტად ბევრი ფთორის გადაყლაპვამ ბავშვის კბილებზე  შეიძლება ლაქების გაჩენა გამოიწვიოს.
 

შეიძლება თუ არა ფთორის ტაბლეტების გამოყენება ?
   თქვენ თუ ისეთ რეგიონში ცხოვრობთ, სადაც სასმელი წყალი არ შეიცავს ფთორს, ექიმმა, მას შემდეგ, რაც თქვენი ბავშვი 6 თვის გახდება, შეიძლება გირჩიოთ ფთორის ტაბლეტების ყოველდღიური  გამოყენება. ფთორი კბილებს ამაგრებს, ამიტომაც მისი მიღება ბავშვისათვის სასარგებლოა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბავშვს არ უნდა მისცეთ ფთორის იმ რაოდენობაზე მეტი, რაც ექიმმა გამოგიწერათ. თუ რაიმე მიზეზით ერთი ან ორი დღის განმავლობაში არ მისცემთ ბავშვს ფთორს, შემდეგ დღეებში ნუ შეეცდებით დანაკლისის ანაზღაურებას. ისევე, როგორც გადაყლაპულმა კბილის პასტამ, ფთორის ტაბლეტების ჭარბი რადენობით მიღებამაც შეიძლება გაუჩინოს ბავშვს კბილებზე ლაქები.
 

აქვს თუ არა მნიშვნელობა დიეტას ბავშვის კბილებისთვის ?
   დიახ, აქვს. ძველისძველი რჩევა ტკბილეულის მორიდების, მაგარი საკვებისა და წახემსების თაობაზე დღესაც ძალაშია. ნერწყვი კბილებს ასუფთავებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. თუ ბავშვი დღის განმავლობაში ხშირად წაიხემსებს ხოლმე, ნერწყვით კბილების სათანადოდ გასუფთავება არ ესწრება.
ბავშვის კვებამ ბოთლიდან რძით ან სხვა სითხით შეიძლება ცუდად იმოქმედოს კბილებზე. ბოთლში მოთავსებული სითხის ხანგრძლივად შეხება კბილებთან ამ უკანასკნელთ აზიანებს. ამიტომაც ნუ მისცემთ ბავშვს ლოგინში ბოთლს, რომელშიც რაიმე საკვებია ჩასხმული. ბოთლით მხოლოდ სასმელი წყლის მიცემა შეიძლება. ამასთან, შეეცადეთ, ასწავლოთ ბავშვს ჭიქის გამოყენება დაახლოებით ერთი წლის ასაკისათვის.
 

ხდის თუ არა კბილების ამოსვლა ბავშვს ავად?
   არა. როდესაც ბავშვს კბილი ამოსდის, ბავშვი გაღიზიანებულია და ოდნავ მოუსვენარი. ზოგ ბავშვს მოსწონს ბასრი საგნების ღეჭვა და ღრძილების თითით დაზელა. კბილების ამოსვლა არ იწვევს სიცხის მომატებას, კუჭის აშლას და ა.შ. თუ ბავშვს აქვს სხვა სიმპტომები, გარდა გაღიზიანებისა და მოუსვენრობისა, უთხარით ამის შესახებ თქვენს ექიმს.
 

თითის წოვა მავნებელია ბავშვისთვის?
   თითის ან საწოვარას წოვა დამახასიათებელია ბავშვისათვის.   ბავშვების უმრავლესობა ამ ჩვევას თავად მიატოვებს ხოლმე 4 წლის ასაკისათვის, კბილებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. თუ თქვენს ბავშვს ეს ჩვევა 4 წლის შემდეგაც დარჩა, მოეთათბირეთ სტომატოლოგს. თითის წოვა 6 წლის ასაკამდე, როდესაც მუდმივი წინა კბილები ამოდის, არ უნდა გახდეს განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზი.
 

როდის უნდა დავიწყო ბავშვის ტარება კბილის ექიმთან?
   სტომატოლოგები თვლიან, რომ ბავშვის კბილების მდგომარეობის პირველი შემოწმება დაახლოებით ერთი წლის ასაკშია საჭირო. ეს საშუალებას აძლევს კბილის ექიმს დროულად შეამჩნიოს კბილების არსებული ან მომავალი დაზიანების ნიშნები. ამასთან, ეს ასაკი სწორედ რომ კარგი დროა დიეტის, ბოთლიდან კვების, კბილის ჯაგრისისა  და ფთორის გამოყენების შესახებ რჩევების მიღებისათვის. გარდა ამისა, ეს დაეხმარება თქვენს ბავშვს შეეჩვიოს სტომატოლოგთან ურთიერთობას, კბილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას.

 საშარდე გზების ინფექცია

რა იწვევს საშარდე გზების ინფექციას?
   საშარდე გზების ინფექციური დაზიანება შემთხვევების უმრავლესობაში ბაქტერიებით არის განპირობებულია. ინფექციამ შეიძლება შეაღწიოს საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში. საშარდე გზების შემადგენელი ნაწილებია თირკმლები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და შარდსადენი.  (იხ. სურათი). ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხშირად შარდის ბუშტი ზიანდება.

რა მიგვანიშნებს საშარდე გზების ინფექციური დაზიანების შესაძლებლობაზე?
   თირკმლების ინფექციური დაზიანებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, წელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მომატება. თუ გაქვთ ეს სიმპტომები, აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
   როგორც უკვე იყო აღნიშნული, ინფექცია უხშირესად შარდის ბუშტს აზიანებს. ქვემოთ ჩამოთვლილია შარდის ბუშტის ინფიცირებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები:
       •  წვის შეგრძნება მოშარდვის დროს;
       •  მოშადვის სურვილის გახშირება; 
       •  მოშარდვის იმპერატიული სურვილი (ვერ ითმენთ, სასწრაფოდ უნდა მოშარდოთ) და, ამავე დროს, ზოგ შემთხვევაში      მოშარდვის შეუძლებლობა ("გატყუებთ").  
       •  შარდის შეუკავებლობა - მცირე რაოდენობის (წვეთების) უნებლიედ გამოყოფა;
       •  შარდის არასასიამოვნო, ცუდი სუნი;
       •  შარდის შემღვრევა, მუქი ფერის ან სისხლნარევი შარდი.

რატომ არის ქალებს შორის საშარდე გზების ინფექცია უფრო ხშირი, ვიდრე მამაკაცებს შორის?
   ქალებს შორის საშარდე გზების ინფექცია გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებს შორის. ამ განსხვავების მიზეზი ის არის, რომ ქალის შარდსადენი უფრო მოკლეა, ვიდრე მამაკაცისა. ამიტომაც ბაქტერიები უფრო ადვილად აღწევენ შარდის ბუშტს - მათ უფრო მოკლე გზა აქვთ გასავლელი. გარდა ამისა, ქალის შარდსადენის გარეთა ხვრელი უფრო ახლოს არის მოთავსებული სწორ ნაწლავთან, რომელიც უხვად არის დასახლებული ბაქტერიებით. ბაქტერიები სწორი ნაწლავიდან შარდსადენის გზით უფრო ადვილად შეაღწევენ შარდის ბუშტში იმის გამო, რომ, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ქალის შარდსადენი უფრო მოკლეა.
   სქესობრივი ცხოვრება აგრეთვე წარმოადგენს ქალებს შორის საშარდე გზების ინფექციის სიხშირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს. სქესობრივი აქტის დროს ხდება ბაქტერიების მექანიკურად შეღწევა შარდსადენში.  ჩასახვის საწინააღმდეგო "დიაფრაგმის" გამოყენებაც ხელს უწყობს ინფიცირებას იმის გამო, რომ "დიაფრაგმა" აწვება შარდსადენს და ხელს უშლის შარდის ბუშტის სრულ დაცლას.  ბუშტში შარდის შეკავება კი შარდში ბაქტერიების ზრდა-გამრავლებისათვის ხელმშემწყობ პირობას წარმოადგენს.
 

როგორ უნდა ვუმკურნალოთ საშარდე გზების ინფექციას?
   თუ თქვენი ოჯახის ექიმი თვლის, რომ თქვენ გაქვთ შარდის ბუშტის ინფექცია, ის აუცილებლად ჩაგიტარებთ სათანადო გამოკვლევას; სახელდობრ, შეამოწმებს, არის თუ არა თქვენს შარდში ბაქტერიები. თუ გამოკვლევის შედეგი დადებითი აღმოჩნდა, ექიმი გამოგიწერთ რომელიმე ანტიბიოტიკს. ჩვეულებრივ, საშარდე გზების ინფექციური დაზიანების სიმპტომები წამლის მიღების დაწყებიდან 1-2 დღის შემდეგ გაქრება ხოლმე.
   ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ წამალი, რომელიც მოგიხსნით უსიამო შეგრძნებას შარდვის დროს და შეღავათს მოგცემთ მანამ, სანამ ანტიბიოტიკი დაიწყებს მოქმედებას. წამალმა შეიძლება შარდი ღია ლიმონისფრად შეფეროს. ამან არ უნდა შეგაშინოთ.
 

რა უნდა ვიღონო, თუ საშარდე გზების ინფექცია ხშირად მაქვს?
   თუ თქვენ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექცია, შეიძლება გამოიყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები. სანამ ამას გააკეთებდეთ, მოეთათბირეთ თქვენს ოჯახის ექიმს იმის თაობაზე, რა უფრო სასარგებლო იქნება თქვენთვის.
   ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამა თუ იმ წამლის მცირე დოზის მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში ან უფრო ხანგრძლივად იმისათვის, რომ თავიდან აგაცილოთ განმეორებითი ინფექცია.
თუ ინფიცირება დაკავშირებულია სქესობრივ ცხოვრებასთან, ექიმმა, განმეორებითი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება გირჩიოთ რომელიმე ანტიბიოტიკის მიღება ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ.
   საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკის (თავიდან აცილების) მეთოდებია:
       •  სითხის ჭარბი რაოდენობის მიღება, რაც ხელს უწყობს საშარდე გზებიდან ბაქტერიების გამორეცხვას; 
       •  ნუ შეიკავებთ შარდს, გადით ტუალეტში მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ მოშარდვის სურვილს;
       •  კუჭის მოქმედების შემდეგ შორისის მიდამო გაისუფთავეთ წინიდან უკანა მიმართულებით;
       •  მოშარდეთ ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ,  ეს ხელს უწყობს შარდსადენში მოხვედრილი ბაქტერიების გამორეცხვას.
       •  შეეცადეთ გამოიყენოთ გელის ტიპის შესაზელი მასალის მცირე რაოდენობა სქესობრივი აქტის წინ, თუ თქვენთვის სიმშრალეა დამახასიათებელი.
       •  თუ თქვენ ხშირად გაქვთ საშარდე გზების ინფექცია, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჩასახვის საწინააღმდეგო "დიაფრაგმის" მოშორება. მოეთათბირეთ თქვენს ექიმს რომელიმე სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების თაობაზე.
 

რამდენად სერიოზულია საშარდე გზების ინფექცია?
   შარდის ბუშტის ინფექციური ანთებას შეიძლება თან ახლდეს ტკივილი. საბედნიეროდ, სადღეისოდ მრავალი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ დაავადებამ თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი არ მიაყენოს.
   თირკმლების ინფექციური დაზიანება ბევრად უფრო სერიოზული დაავადებაა, ვიდრე შარდის ბუშტის ინფექცია. თირკმლების ინფექციური დაზიანება, ჩვეულებრივ, საჭიროებს ანტიბიოტიკის გამოყენებას საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა აუცილებელი გახდეს საავადმყოფოში მკურნალობა.

 ალერგიული კონიუნქტივიტი
 

რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი და რა იწვევს მას?
   კონიუნქტივა წარმოადგენს თხელ გამჭვირვალე მემბრანას, რომელიც ფარავს თვალის კაკალსა და ქუთოთოების შიგნითა მხარეს. როდესაც აღნიშნულ მემბრანას რაიმე გააღიზიანებს, ვითარდება ანთებითი მოვლენები - თვალები ჩაწითლდება და შესივდება ხოლმე. ამს შეიძლება თან დაერთოს ქავილი, ზოგჯერ კი ტკივილი და ცრემლდენა. ყოველივე აღნიშნული კონიუნქტივას ანთებაზე, ანუ კონიუნქტივიტზე მიუთითებს.
   როდესაც გაღიზიანების მიზეზი ალერგენია, ასეთ მოვლენას ალერგიულ კონიუნქტივიტს უწოდებენ. ფართოდ გავცელებულ ალერგენებს განეკუთვნება ხის, ბალახის, მათ შორის ამბროზიას მტვერი, ცხოველების კანის და თმის ნაწილაკები, კოსმეტიკური ნაწარმი, კანის მალამოები, დაბინძურებული ჰაერი, გამონაბლოქვი და სხვა.
 

აზიანებს თუ არა ალერგიული კონიუნქტივიტი მხედველობას?
   არა, მართალია, ალერგიული კონიუნქტივიტი საკმაოდ შემაწუხებელია, მაგრამ ის არ იწვევს მხედველობის დაზიანებას.
 

როგორ უნდა ავიცილო თავიდან აღნიშნული სიმპტომები?
   შეეცადეთ გაარკვიოთ "რაზე ხართ ალერგიული", ანუ რა არის თქვენთვის ალერგენი და მოერიდოთ მას. დარჩით შინ, როცა ჰაერში ბევრი მცენარეული მტვერი ტრიალებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ზოგჯერ მეტეოროლოგიური სამსახურისაგან შეიძლება. ზაფხულის თვეებში კარ-ფანჯარა დახურული გქონდეთ და ოთახის ოპტიმალური ტემპერატურა ძირითადად კონდენციონერის მეშვეობით შეინარჩუნეთ.
 

როგორ შეიძლება ალერგიული კონიუნქტივიტის მკურნალობა
   ალერგიული კონიუნქტივიტის სამკურნალოდ რამდენიმე სახის თვალის წვეთებია მოწოდებული. აღნიშნული წვეთები შეგიმსუბუქებთ თვალის ქავილს, ცრემლდენას და თავიდან აგაცილებთ მსგავსი სიმპტომების განმეორებით განვითარებას. თვალის წვეთები შეიძლება შეიცავდეს ანტიჰისტამინურ ნივთიერებას, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებას, ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას ან პოხიერი უჯრედების მემბერანების მასტაბილიზებენ ნივთიერებას. ზოგიერთი წვეთები შეიძლება შეიცავდეს ზემოთ მოხსენიებული ნივთიერებების კომბინაციას. ხანდახან წვეთებთან ერთად საჭირო ხდება აბების მიღებაც (ანტიჰისტამინური ნივთიერების შემცველი აბები). თქვენთვის საჭირო მკურნალობას ექიმი შეგირჩევთ.
 

ახლავს თუ არა რაიმე არასასურველი ეფექტი აღნიშნულ წვეთებს?
   თვალის წვეთებმა ჩაწვეთების მომენტში შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, მაგრამ აღნიშნული მოვლენა რამდენიმე წუთში გაივლის. საერთოდ, ნებისმიერ წამალმა შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. "გვერდითი მოვლენები". ამიტომ ყოველთვის ჰკითხეთ რჩევა ექიმს წამლის შერჩევის შესახებ.
 

როგორ უნდა მოვიქცე, რომ თავი უკეთესად ვიგრძნო?
   შეგიძლიათ ცივი საფენი დაიდოთ თვალების ირგვლივ. ზოგჯერ შვებას ე.წ. საცხის ტიპის წვეთები (იგივე "ხელოვნური ცრემლები") მოგიტანთ. აღნიშნული ტიპის წვეთების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში.
 

დასაშვებია კონტაქტური ლინზების ტარება?
   საერთოდ, რეკომენდებული არ არის ალერგიული კონიუნქტივიტის დროს კონტაქტური ლინზების ტარება; ასეთ დროს კონტაქტურმა ლინზებმა შეიძლება თვალის ინფექციის განვითარება გამოიწვიოს. ამიტომ, სანამ ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნები გაგივლით, გამოიყენეთ სათვალე.

 გსურთ შეწყვიტოთ  თამბაქოს წევა?

კიდევ ერთი ცდა?
   თამბაქოს წევა ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჩვევაა, რომლისგანაც თავის დაღწევა სულაც არ არის იოლი. მაგრამ თუ თქვენ გააცნობიერეთ, რომ უნდა შეწყვიტოთ წევა და გინდათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რჩევები, თუ როგრო შეიძლება მიაღწიოთ თქვენს მიზანს.
   უმრავლეს შემთხვევაში მწვევლებს არც კი ახსოვთ, როდის ან რატომ დაიწყეს თამბაქოს წევა. სამაგიეროდ ისინი კარგად არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ თამბაქოს წევა საშიშია მათი ჯანმრთელობისათვის და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. არცთუ იშვიათად ისინი ცდილობენ დაანებონ თავი მოწევას, მაგრამ ხშირად მათი ცდა უშედეგოდ მთავრდება.
   მაშ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ამჟამად ეს ცდა წარმატებული იქნება? ეს სავსებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი პირობით: თქვენ მტკიცედ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ნამდვილად გსურთ თავი დააღწიოთ ამ მავნე ჩვევას.  ჩვენ კი მოგაწვდით ინფორმაციას და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებით თქვენი ცდა ამჯერად წარმატებული იქნება - ასე რომ, წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ!

რატომ არის მოწევა ასე მავნე?
   ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებთ, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად 400 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება თამბაქოს წევით გამოწვეული დაავადებებისგან. საერთოდ დედამიწაზე აღნიშნული მიზეზით ყოველწლიურად ხუთ მილიონამდე ადამიანი კვდება. მწეველები ნაადრევად იღუპებიან, ხოლო თქმბაქოს წევით განოწვეული დაავადებების მკურნალობა მეტად ძვირი უჯდება როგორც მოქალაქეს, ისე სახელმწიფოს. ამასთან, საგულისხმოა, რომ წამბაქოს წევა მავნეა არა მხოლოდ მწეველისთვის, არამედ მის გარშემო მყოფთათვის. მეორადი ანუ გარემოში არსებული თამბაქოს გამონაბოლქვის შესუნთქვა მეტად მავნეა. ამის გამო მწეველი მშობლების შვილები თამბაქოთი განპირობებული დაავადების მაღალი რისკის ჯგუფს შეადგენენ. მეორადი მოწევა ბავშვებში ზრდის არა მხოლოდ სასუნთქი სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობას, არამედ განაწყობს მათ ყურის ქრონიკული ანთების მიმართაც. ორსულობის პერიოდში თამბაქოს წევა ხშირად ხდება სპონტანური აბორტის ან ახალშობილთა უეცარი სიკვდილის მიზეზი.

მზად ხართ თავი დაანებოთ თამბაქოს წევას?
   თამბაქოს წევის შეწყვეტის წარმატებულობისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი მოქმედებების დაგეგმვას. ამაში თქვენ დაგეხმარებათ შემდეგი რჩევები:
·         დაადგინეთ დღე, როდიდანაც შეწყვეტთ თამბაქოს წევას;

·         აცნობეთ თქვენს მეგობრებს და ნათესავებს, რომ აპირებთ თავი დაანებოთ თამბაქოს წევას;
დააფიქსირეთ წერილობით - როდის და რატომ ანებებთ თავს თამბაქოს წევას;

·         დათქმულ დღემდე შეცვალეთ თამბაქოს მოწევის წესი;

·         დაიწყეთ სიგარეტის იმ მარკის მოწევა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ;

·         შეამცირეთ მოწეული სიგარეტების რიცხვი;

·         ნუ მოწევთ ავტომატურად - მოწიეთ მხოლოდ მაშინ, როცა ნამდვლიად გინდათ;

·         შეეცადეთ, რომ თამბაქოს წევა თქვენთვის არასასიამოვნო გახდეს;

·         შეაგროვეთ თქვენს მიერ მოწეული ყველა სიგარეტის ნამწვი ერთ ჭიქაში, რაც გაგახსენებთ თქვენს მავნე ჩვევას.იმ დღეს, როცა ანებებთ თავს მოწევას:

·         გადაყარეთ ყველა დარჩენილი სიგარეტი!

·         როცა მოწევის სურვილი გაგიჩნდებათ, გაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, კარამელი და სხვ;

·         ყოველი დღის ბოლოს მიულოცეთ თქვენს თავს წარმატება.



რა სიმპტომებს იწვევს თამბაქოს მოწევის შეწყვეტა?
   თამბაქოს წევის მიტოვება იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია. ყოველწლიურად თამბაქოს წევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. თამბაქოს წევის თავის დანებებიდან ერთი ან ორი კვირის მანძილზე თქვენი თვითშეგრძნება შეიძლება გაუარესდეს. ჩვეულებრივ, ეს მოვლენა დროებითია.  თუ თქვენ გაუძლებთ ამ პერიოდს და არ მოწევთ, შემდგომში თავს ბევრად უფრო კარგად იგრძნობთ - სუნთქვა შეგიმსუბუქდებათ, აღარ შეგაწუხებთ ხველა და, რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ იმ დაავადებებს, რომლებიც გემუქრებოდათ თამბაქოს წევის დროს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის შეგრძნებები, რომლებმაც შეიძლება თქვენ შეგაწუხოთ ამ პერიოდში:

·         დეპრესია

·         უძილობა

·         ადვილად გაღიზიანება, აგზნებულობა

·         მღელვარება

·         კონცენტრირების უნარის შესუსტება

·         მოუსვენრობა

·         მადის გაძლიერება

   და ბოლოს...
თამბაქოს წევის შეწყვეტა  გააუმჯობესებს არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას, არამედ თქვენს მატერიალურ მდგომარეობასაც. მაგალითად თუ თქვენ ყოველ დღე თქმბაქოს საყიდლად 2 ლარს ხარჯავთ, ერთი წლის მანძილზე დაზოგავთ 730 ლარს. ამ თანხით შეგიძლიათ თქვენს თავს რაიმე სასიამოვნო საჩუქარი მიართვათ!

კანის კიბო და მზის გამოსხივება

რატომ არის მზე ასე ცუდი ჩემი კანისათვის?
კანის დაზიანებას იწვევს მზის ულტრაიისფერი გამოსხივება. განარჩევენ ულტრაიისფერ A და ულტრაიისფერ B გამოსხივებას. ორივე სახის სხივები იწვევენ კანის ადრეულ დანაოჭებას, კანის კიბოს და კანის სხვა პრობლემებს.
მზეზე დიდხანს განმეორებით ყოფნამ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც კი დაიწვათ, შეიძლება კანის კიბო გამოიწვიოს. კანის გამუქებაგარუჯვა, ორგანიზმის `თავგანწირული მცდელობაა~ დაიცვას თავი მზის სხივების მავნე მოქმედებისაგან.
მზის ხელოვნური აბაზანებიხომ უსაფრთხოა?
არა, .. “გასარუჯი კარვები (კამერები)”, იგივემხის ხელოვნური აბაზანები~”ულტრაიისფერ გამოსხივებას იყენებს. მეწარმეები, რომლებიც ასეთ კამერებს უშვებენ, ამბობენ, რომ ისინი უვნებელ სხივებს იყენებენ. როგორც უკვე ითქვა, კანის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს როგორც A, ისე B ულტრაიისფერმა სხივებმა. A ულტრაიისფერ სხივებს უფრო მეტი დრო სჭირდება კანის დასაზიანებლად, ვიდრე B ულტრაიისფერ სხივებს. ამასთან, A ულტრაიისფერი სხივები უფრო ღრმად აღწევს კანში, ვიდრე B ულტრაიისფერი სხივები.
ყველაზე უფრო მეტად კანის რომელი უბნის დაზიანებაა მოსალოდნელი?
ყველაზე ხშირად კანის ის უბნები ზიანდება, რომელსაც უფრო ხშირად `ხვდება~ მზე. ასეთი ადგილებია თავი, კისერი, სახე, ყურის ბიბილოები, მტევნები, წინამხარი, მხრები, ზურგი, გულმკერდი მამაკაცებში, ზურგი და წვივები ქალებში.
რა არის კანის კიბოს რისკფაქტორები?
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ზრდის კანის კიბოს განვითარების ალბათობას. ესენია:

v  ღია (თეთრი) კანი, წითური ან ქერა თმები;

v  ღია ფერის თვალები;

v  მზის დამწვრობისადვილად მიღება”;

v  ჭორფლი, ბევრი ხალი და თანდაყოლილი ლაქა;

v  მზის გულზე ხშირი მუშაობა ან თამაში;

v  ბავშვობაში მზეზე ხშირად ყოფნა;

v  მზეზე მძიმე დამწვრობა;

v  კანის კიბოთი დაავადებული ოჯახის წევრების ყოლა;

v  მზეზე ან ხელოვნური მზის აბაზანებით გარუჯვა.

როგორგამოიყურებაჩვეულებრივი ხალი?
ჩვეულებრივი ხალი თანაბრად შეფერილი ყავისფერი, მუქი ყავისფერი ან ხორცისფერი ლაქაა. კიდეები მკაფიო აქვს და კარგად განირჩევა ჩვეულებრივი კანისაგან. ის, ჩვეულებრივ 5-6 მმზე ნაკლები დიამეტრისაა და მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს. ხალი ბრტყელი ან გუმბათისებურად ოდნავ ამობურცული უნდა იყოს.
როგორ შევამჩნიო, რომ ხალი არ გავს ჩვეულებრივ ხალს?
უმთავრესია დააკვირდე, ხომ არ შეიცვალა "ძველი" ხალი, ანუ ის ხალი, რომელიც ადრეც გქონდათ; ან ხომ არ გაჩნდა ახალი ხალი. ჩვეულებრივ, ახალი ხალები 30 წლის ასაკამდე ჩნდება. ნებისმიერი ხალი, რომელიც 30 წლის შემდეგ გაჩნდება, გულმოდგინე დაკვირვებას საჭიროებს. ასეთ შემთხვევებში აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს ოჯახის ექიმს.
კანის კიბოს ნიშნები:

1)       ასიმეტრია: წარმოსახვითი ხაზით ხალის ორ თანაბრად ნაწილად გაყოფისას, ხალის ნახევრები ერთმანეთისაგან განსხვავდება (ასიმეტრიულია);

2)       საზღვრები: ხალის საზღვრები (კიდეები) ბუნდოვანია ან არათანაბარია;

3)       ფერი: ხალის ფერის შეცვლა, გამუქება, გაღიავება, სხვადასხვა შეფერილობა (ლურჯი, წითელი, თეთრი, ვარდისფერი, მეწამული ან ნაცრისფერი);

4)       დიამეტრი: ხალის დიამეტრი 6 მმ-ზე მეტია.

კანის კიბოს სხვა ნიშნები შეიძლება იყოს:

§  სისხლმდენი ხალი

  §  სწრაფად მზარდი ხალი;

  §  ქერცლით, ფუფხით დაფარული კანის განვითარება;

§  კანის წყლული, რომელიც არ ხორცდება;

 §  ხალი, რომელიც ქავილს იწვევს.

როგორ ავიცილო თავიდან კანის კიბო?
პირველი რჩევაა მზისათვის თავის მორიდება და ხელოვნური აბაზანების არ გამოყენება. თუ გეგმავთ მზეზე ყოფნას, მიუხედავად ხანგრძლივობისა, ატარეთ მჭიდროდ ნაქსოვი მასალისაგან დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც დაგიცავთ მზის სხივებისგან. შეეცადოთ, დროის უმეტესი ნაწილი ჩრდილში გაატაროთ. ატარეთ ფართო კიდეებიან ქუდი, რათა დაიცვათ სახე, კისერი და ყურები მზისაგან.
გახსოვდეთ, რომ ღრუბლები და წყალი ვერ დაგიცავთ მზისაგან. მზის სხივების 60-80% თავისუფლად აღწევს ღრუბლებში. ასევე, მზსი სხივებს შეუძლიათ წყლის სიღრმეში შეღწევაც; კერძოდ წყალში ბანაობისას მზის სხივებმა კანზე შეიძლება, სულ მცირე, 30-სმ სიღრმეზე იმოქმედოს.

რჩევები კანის კიბოს თავიდან ასაცილებლად:

§  მოერიდეთ მზეს, განსაკუთრებით დილის 11-დან შუადღის 3 საათამდე; ამ დროს მზის გამოსხივება მაქსიმალურია;

         §  ნუ გამოიყენებთგასარუჯ კამერასმზის ხელოვნური აბაზანების მისაღებად;

         §  გამოიყენეთ ტანსაცმელი და ქუდი, რომელიც მზისგან დაგიცავთ;

§  დააკვირდით დაშეისწავლეთთქვენი კანს ყოველთვიურად, რათა დროულად გამოავლინოთ კანის კიბოს ადრეული ნიშნები;

§   თუ კანზე, რაიმე უჩვეულოს აღმოაჩენთ, დაუყოვნებლივ მიმართ ოჯახის ექიმს.

უნდა გამოვიყენო თუ არა მზისგან დამცავი მალამო?
გამოიყენეთ დამცავი მალამო, რომლის მზისგან დამცავი ფაქტორი 15-ის ტოლი ან მეტია. წაისვით მალამო ყველგან, სადაც კი მზის სხივები მოგვწვდებათ, ყურების, ზურგის, კისრის და თავის უთმო (მელოტი) ნაწილების ჩათვლით. წაისვით მალამო განმეორებით, ყოველ საათში, თუ ცურავთ ან ჭარბად ოფლიანობთ.

როგორ უნდა დავათვალიერო და შევისწავლო საკუთარი კანი?
კანის დასათვალიერებლად ძალიან გამოგადგებათ თქვენი სიმაღლის სარკე და პატარა ზომისხელისსარკე. ეს საშუალებას მოგცემთ "მისწვდეთ" და დაინახოთ თქვენი სხეულის ყველა ნაწილი.მოიქეცით ასე:

·         უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ სად გაქვთ ხალები და ნაწიბურები და როგორ გამოიყურებიან ისინი. დააკვირდით, ხომ არ შეიცვალა მათი ზომა, ზედაპირი, ფერი. ხომ არ გაჩნდა მოუშუშებელი წყლული.

·         კარგად შეისწავლეთ სარკეში სხეულის ზურგის და მუცლის მხარე. შემდეგ ხელები მაღლა ასწიეთ და დააკვირდით მარცხენა და მარჯვენა გვერდებს.

·         დაათვალიერეთ ყველა მხრიდან მტევნები, წინამხარი, იდაყვები, მკლავები, მხრები.

·         კარგად დააკვირდით ბარძაყებს, წვივებს, მუხლებს ყველა მხრიდან.

·         დაათვალიერეთ დუნდულოები, დუნდულოებს შორის არსებული კანი და სასქესი ორგანოების მიმდებარე კანის ნაწილი.

·         დაჯექით და კარგად დააკვირდით ტერფებს, დაათვალიერეთ ფეხისგულებიდა ტერფისზურგისმხარე, თითებს შორის არსებული მიდამო.

·         დაათვალიერეთ სახის კანი, კისერი და თავის თმიანი ნაწილი (სკალპი). შეიძლება გამოიყენოთ სავარცხელი ან ფენი, რათა თმა გადაწიოთ და გამოაჩინოთ კანი.

თუ კანს რეგულარულად დააკვირდებით, თანდათანობით შეისწავლით თქვენს კანს და დაადგენთ, როგორია მისი ნორმალური შესახედაობა. თუ რაიმე უჩვეულოს შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს. რაც უფრო ადრე იქნება აღმოჩენილი კანის კიბოს ნიშნები, მით უფრო წარმატებულია მისი მკურნალობა.

დაბრუნდი სარჩევში

 

 

 

 

 








ჰედლაინები

გამარტივებული მიდგომა ჰიპერტენზიის მკურნალობაში -      სულ ახლახან, მიმდინარე თვის... 22.07.2009 ვრცლად

შეხვედრა აჭარაში მომუშავე ოჯახის ექიმებთან -      საქართველოს ოჯახის ექიმთა... 27.06.2009 ვრცლად

უწყვეტი სამედიცინო განათლების ციკლები იმერეთის რეგიონის ოჯახის ექიმებისთვის -      მიმდინარე წლის 15-დან 26... 26.06.2009 ვრცლად

ბეტა-ბლოკერები არა კარდიალურ ქირურგიაში: ცვლილება ბალანსში? POISE კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბეტა-ბლოკერების მიღების დაწყების რისკი შეიძლება აჭარბებდეს სარგებელს -   მოამზადა ეკა გემაზაშვილმა... 03.06.2008 ვრცლად

რეფლუქსის მკურნალობა ჩვილებში: გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომების მქონე ჩვილებში კონსერვატული არაფარმაკოლოგიური მკურნალობა კარგი საწყისი მიდგომაა -   მოამზადა ია ქოჩორაძემ     ... 02.06.2008 ვრცლად